დღევანდელ მოგონებებში სიტყვას ჩვენს სასიქადულო მწერლებს გადავცემ. ქართველი ლიტერატორების ხუმრობები, ანეკდოტები, სახალისო ისტორიები და მოსწრებული გამონათქვამები ხალხში თაობიდან-თაობებში გადადის.
გრიგოლ რობაქიძე მწერალთა კავშირის კრებაზე დაიბარეს და „პორნოგრაფიული“ ლექსების წერისთვის გაკიცხეს.
მდივანმა კი თქვა:
– მოდი, პარტიიდან გავრიცხოთო.
გრიგოლი ადგა და კარისკენ გაემართა. სად მიდიხარო, რომ ჰკითხეს, მან მიუგო:
– პარტიულ კომიტეტში. განცხადების დასაწერად, რომ პარტიაში მიმიღონ, რათა თქვენ გამრიცხოთო.
კონსტანტინეს უთქვამს გალაკტიონისთვის – ჩვენ დიდი ხალხი ვართ და შესაბამისადაც უნდა მივმართოთ ერთმანეთს სხვათა დასანახადო, მე გეტყვი მისალმებისას – საქართველოს პოეტების მეფეს, დიდ გალაკტიონს გაუმარჯოსო, შენ კი მითხარი – ქართული პროზის ლომს, დიდ კონსტანტინეს გაუმარჯოსო. ჰოდა, შეთანხმებულან და ერთმანეთისთვის ხელიც დაურტყამთ. ცოტა ხნის მერე ვიღაცის დაკრძალვისას კონსტანტინეს გალაკტიონის დანახვაზე უთქვამს: საქართველოს პოეტების მეფეს, დიდ გალაკტიონს გაუმარჯოსო, რაზედაც გალას უპასუხია – ვააააა, კოწიას ვახლავარო!
ჩვენი მომდევნო „რესპონდენტი“ ბატონი ოტია იოსელიანი იქნება.
ოტიამ კარგი პურმარილი გააწყო. სტუმრებიდან ერთმა – მე დიეტას ვიჭერო, მეორემ – მეც დიეტას ვიცავო.
– სასამართლო გამიმართეს აქანე, ერთი იჭერს, მეორე იცავს..
ოტია იოსელიანთან მეზობელი მივიდა.
– ბატონო ოტია, თქვენ რომ დამპირდითო…
– ა, კი, როგორ არა, ჩადი ნანიასთან, უთხარი, ჯვართავაა სახაბაკოში და გამოგატანოსო.
ჩავიდა მეზობელი ნანისთან და ეუბნება:
– რაცხა ხაბაკთან ერთად ჯვართავიაო…
მწერალს, თურმე, ქართულად უთქვამს: ავტომობილის „ბარდაჩოკში“ „კრესტავინაა“ და მიეციო.
მწერალთა კავშირში ორ პიროვნებას შორის უთანხმოება მოხდა.
ერთ-ერთი ოტია იოსელიანთან მივიდა და აგინა მეორეს. შემდეგ მეორე მივიდა და პირველს აგინა.
ოტიას ჰკითხეს, რა გაარკვიეო.
– ორივე ცამდე მართალი იყოო, – უპასუხა ოტიამ.
ოტია იოსელიანის შემდეგ ბატონი ნოდარ დუმბაძეც გავიხსენოთ.
ერთ-ერთ კლასში ნოდარ დუმბაძე ისტორიის გამოცდას აბარებდა და ბილეთში სამოქალაქო ომის გმირი, ვასილ ჩაპაევი შეხვდა.
– აბა, დუმბაძე, თქვი, ვინ იყო ჩაპაევი, – უთხრა მასწავლებელმა და პენსნეს ზემოდან შეხედა.
– ინდიელი, მას, – მიუგო ნოდარმა.
– რას ბოდავ, რატომ ინდიელი? – პენსნე ჩამოუვარდა მასწავლებელს ასეთ გაუგონარ პასუხზე.
– იმიტომ, რომ წითელი იყო და თეთრებს ებრძოდა, – ჩვეული იუმორით მიუგო ნოდარმა, რისთვისაც გამოცდიდან გამოაგდეს და შემოდგომაზე ჩაპაევის სრული ბიოგრაფიის ჩაბარება მოუწია.
ნოდარ დუმბაძე რომ „ნიანგის“ რედაქტორი იყო, ერთ ნაცნობს მისთვის თავისი „ნაღვაწი“ მიუტანია დასაბეჭდად. ნოდარს წაუკითხავს და უხუმრია: წაი, ახლა, ძამა და ჯანმრთელობის ცნობა მეიტანე და მერე დაგიბეჭდავო. ამ კაცსაც წარბიც არ შეუხრია, წასულა და მართლა მიუტანია ჯანმრთელობის ცნობა, მაგრამ ნოდარი არ დაბნეულა: ახლა წაი და მაგ ცნობის მომცემის ჯანმრთელობის ცნობაც მეიტანე და ნაღდად დაგიბეჭდავო.
ნოდარ დუმბაძეს ახალგაზრდობაში გარკვეული ხნით ციხის კედლებში ყოფნამ მოუწია. ერთ იქაურ ამბავს მოგვიანებით მისთვის ჩვეული იუმორით იხსენებდა.
„ჩემს ცხოვრებაში იყო ასეთი გაუგებრობა, რომ ციხეში ჯდომა მომიწია. საპყრობილე, რა თქმა უნდა, კურორტი არაა, მაგრამ ადამიანი იქ დიდ გამოცდილებას იღებს, რაც მთელი ცხოვრება ეყოფა. ციხე იმითაცაა საინტერესო, რომ „შავებს“ შორის ნამდვილ ტალანტებსაც შეხვდებით და რომ არა ბედის უკუღმართობა, ამ ადამიანთა უმეტესობა, ალბათ, კეთილ საქმეში გამოავლენდა თავის ნიჭს. ასეთი ტალანტი იყო ჯიბგირი, მეტსახელად „სკრიპკა“, რომელიც ისე „სუფთად“ იპარავდა, რომ ფაქტზე ვერ იჭერდნენ და ციხეში ჯიბის ქურდობისთვის კი არა, იარაღის ტარებისთვის გაუშვეს. რა თქმა უნდა, იარაღი მას არ ჰქონია, მილიციამ ჩაუდო.
„სკრიპკა“ კანონიერი ქურდი იყო. მე მის საკანში ვიჯექი, სადაც სხვა ქურდები და ავტორიტეტები ისხდნენ. რა დასამალია და ჩვენი საკნის პატიმართა უმრავლესობა „პლანს“ ეწეოდა. ეს კი აკრძალული იყო. თუმცა ციხის უფროსის აკრძალვის მიუხედავად, ეს წესი ჩვენს საკანზე არ მოქმედებდა და მწეველები რომ გააბოლებდნენ, „პლანის“ მძაღე სუნი მთელ ციხეში ტრიალებდა. რა არ იღონეს „ნადზორებმა“, როგორ არ „გვშმონეს“ და „შმონეს“ საკანი, მაგრამ „პლანი“ ვერსად იპოვეს. არა და, აშკარად იცოდნენ, რომ მოსაწევი საკანში ინახებოდა. ერთ მშვენიერ დღეს თავად ციხის უფროსი შემოგვივარდა საკანში და ყველანი პირადად გაგვჩხრიკა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. საკანიც საგულდაგულოდ შეამოწმეს, მაგრამ შედეგი კვლავ ნული იყო და წავიდნენ. ცოტა ხანში კი, თანამესაკნეებმა კვლავ გააბოლეს და გაცოფებული ციხის უფროსი კვლავ შემოგვივარდა და გაგვჩხრიკა. შემდეგ სპეციალურად დაგეშილი ძაღლის მოყვანა ბრძანა და კიდევ კარგი, უზარმაზარ გერმანულ ნაგაზს „ნამორდნიკი“ ეკეთა. ძაღლმა ფეხი შემოდგა თუ არა, საკანში, პირდაპირ ციხის უფროსს ეცა და ძირს დააგდო. მას კი ჯიბიდან მოზრდილი „შმატოკი“ გადმოუვარდა…
საქმე ის იყო, რომ როდესაც ციხის უფროსი „შმონზე“ შემოდიოდა, „სკრიპკა“ მას „შმატოკს“ ოსტატურად უდებდა ჯიბეში და გასვლისას კი, უკან იღებდა და რომ არა დაგეშილი ძაღლი, მოსაწევის ადგილსამყოფელს ვერ მიაგნებდნენ“.