10 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ ცხრა საკითხი წარმოადგინა.
დეპუტატმა ეროდი გორდელაძემ ბიუროს წარუდგინა საკითხი “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევის შესახებ და თქვა, რომ აღნიშნული თანამდებობაზე დავით მჟავანაძის ნაცვლად აირჩიეს ბესიკ ქათამაძე.
კენჭისყრისას დავით დარჩიამ დეპუტატ ბიგვავას ჰკითხა, რატომ არ ადასტურებდა ქათამაძის არჩევას ხელის აწევით.
_ ბატონო ლავრენტი, თქვენ ხელს რატომ არ წევთ? არ ეთანხმებით?
_ჰო… ის ჯობდა, _ უპასუხა ლავრენტი ბიგვავამ, რასაც გულიანი სიცილი მოჰყვა.
ბიუროს სხდომის დღის წესრიგში უმეტესი საკითხები პეტიციას მოიცავდა, რაც ბოლო პერიოდში პოპულარულ, შედეგიან მიმართულებად იქცა.
სოფელ კონჭკათის მცხოვრებმა ბეჟან მახარაძემ წარმოადგინა პეტიცია, რომლითაც სოფელში მთავარანგელოზების _ მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მე-11 საუკუნის მამათა მონასტრის სიახლოვეს მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითხოვდა. თვით ტაძარი “ქართუ” ჯგუფმა 2013 წელს აღადგინა, რისთვისაც 160 000 ლარი დაიხარჯა.
_ ეს არის ერთ კილომეტრამდე სიგრძის გზა, რომელიც უკიდურესადაა დაზიანებული. გზას გააჩნია განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთი და საჭიროებს ბეტონის საფარს. ამ გზას უდიდესი მნიშვნელობა იმითაც აქვს სოფლისთვის, რომ მის გასწვრივ მდებარეობს სასაფლაო, სახნავ–სათესები და ციტრუსოვანთა ბაღები. ამიტომ ეს იქნება ჩვენთვის სასიცოცხლოდ გაკეთებული საქმე, _ თქვა ბეჟან მახარაძემ.
საკითხს ბიუროს წევრებმა უყოყმანოდ დაუჭირეს მხარი.
პეტიციას კვარტეტ “გამას” აღდგენის შესახებ, რომელიც 2017 წელს გააუქმეს, ბიუროს წევრებმა მხარდაჭერა აღუთქვეს. თქვეს, რომ ეს ჯგუფი 20 წლის განმავლობაში ამშვენებდა ოზურგეთის კულტურულ ცხოვრებას და მომავალშიც უპრობლემოდ შეძლებს ამას.
დეპუტატმა ლელა საჯაიამ გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მომღერლების ძებნას და მოწვევით ჩამოყვანას, ჯობს, ადგილზე მყოფი საკუთარი სიმდიდრე და ნიჭიერება დაფასდეს. ისინი საჭიროების დროს, უკეთეს მომსახურებას გაუწევენ მუნიციპალიტეტს. “გამას” წევრმა მანანა ვაშაყმაძემ თქვა, რომ ისინი საქველმოქმედო კონცერტსაც ჩაატარებენ.
_ ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს აღმასრულებელი, თუმცა, კომისიაზე განვიხილავთ, მხარს დავუჭერთ და მივესალმებით ასეთი ნიჭიერი შემოქმედებითი ჯგუფის აღდგენას, _ თქვა საჯაიამ.
_ მიდგნენ 2017 წელს და აუქმეს ეს შემოქმედებითი ჯგუფები, ხან _”აბჯარი” და ხან _ “გამა“. მეტი გასაუქმებელი ვერ ნახეს, _ თქვა დეპუტატმა შოთა გოგიბერიძემ და მოითხოვა “გამას” აღდგენა.
ბიუროს სხდომაზე, მწვავე ფორმით გაჟღერდა პეტიცია, რომელიც კარიერების თემას ეხებოდა. მდინარე ბჟუჟის ხეობაში სოფელ კვირიკეთის, წითელმთის, მაკვანეთის, ქალაქ ოზურგეთში ბაქრაძის და მალაზონიას ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიების გაცემის აკრძალვის შესახებ პეტიცია წარმოადგინა და უფლებამოსილ ორგანოებთან შუამდგომლობის გაწევა აღნიშნულ სოფლებსა და ქუჩებზე მცხოვრებთა სახელით ითხოვა მოქალაქე ნატალია სალუქვაძემ. მან განაცხადა, რომ ახლა თბილისში ცხოვრობს, თუმცა, წარმოშობით ლიხაურიდანაა და პრობლემის სიმწვავის გამო დაბრუნდა რაიონში.
_ მთის მდინარეს _ ბჟუჟს კალაპოტი რომ შეუცვალეს, ეს ვის მოუვიდა აზრად? ზოგი ჩინოსანი ამით თავს იწონებდა… მე ვხვდები დაშინებულ ხალხს, რომლებსაც არ უნდათ ეს კარიერები, თუმცა, როგორც საჭიროა, ისე თქმას ვერ ბედავენ… ერთმა ადამიანმა დახრჩობაც კი დამიპირა სამართლიანი პროტესტის გამო, _ თქვა მან და დაასახელა პიროვნება, ვინც, მისი თქმით, ეს მოიმოქმედა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე შეეცადა, აღელვებული ქალბატონისთვის ეთქვა, რომ დასახელებული პიროვნება არ არის საკრებულოს და მერიის თანამშრომელი, ამიტომ დამშინებლის გაიგივება ხელისუფლებასთან არ შეიძლება.
ნატალია სალუქვაძემ განმარტა, რომ ის აქციის პოლიტიზირებას არ ახდენს, თუმცა, საკრებულოს ვალდებულად თვლის, რომ რაკი ხალხის არჩეული ჰქვია, მეტი თანამონაწილეობა მიიღოს უკანონო კარიერების შეჩერების და ლიცენზიების გაუქმების საქმეში.
_ მე “ნაციონალებთან” ბრძოლაში დიდხანს ვიყავი, ახლა კი ისევ ამდენ უსამართლობას ვებრძვი. საკრებულომ ხმა უნდა ამოიღოს და ხალხს რაც სურს, ისე იმოქმედოს. ლიცენზიები განკუთვნილია ერთი მდინარის აუზისთვის და მეორე მდინარეზე მიდიან ქვიშა–ხრეშის ამოსაღებად. ამას რა ჰქვია?! შეგროვებული მაქვს უამრავი დოკუმენტაცია და საჭიროების შემთხვევაში, თქვენც დაგეხმარებით. ამ საქმეს ასე ვერ დავტოვებთ. თქვენ უნდა გაგვიწიოთ შუამდგომლობა წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან და ყველასთან, ვისაც ეს საქმე ეხება და ევალება, _ თქვა ნატალია სალუქვაძემ და ამასთანავე ბოდიში მოიხადა გადაჭარბებული ემოციებისთვის.
დეპუტატმა შოთა გოგიბერიძემ განაცხადა, რომ საკრებულო უხერხულ მდგომარეობაში ვარდება ასეთ დროს: “შეიქმნა ძალზე მწვავე სიტუაცია და ახლა ხალხი იძულებულია, წარმომადგენლობით ორგანოს მიმართოს. ამიტომ ჩვენ უნდა მივმართოთ მათ, ვინც ეს დაუშვა“, _ აღნიშნა მან.
დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ საკითხის ირგვლივ ისაუბრა, თქვა, რომ საკრებულო არ წყვეტს ასეთ საკითხებს და აუცილებლად გააგზავნიან სამინისტროში, მიმართავენ აღმასრულებელს, განიხილავენ კომისიის სხდომაზე.
გიორგი ღურჯუმელიძემ თანადგომა აღუთქვა ნატალია სალუქვაძეს და შეპირდა მაქსიმალურ დახმარებას:
_ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხს ყურადღება მიექცევა. ჩვენ ძალისხმევას არ მოვაკლებთ, _ თქვა მან.