იყო დრო, როდესაც ქართველ სპორტსმენებს უცხოეთში ასპარეზობა მხოლოდ ყოფილი სსრკ-ის გუნდებში მოხვედრით შეეძლოთ. ქართველები თავისებური წეს-ჩვეულებების მატარებელი ხალხი ვართ და უცხოეთში ყოფნისას, სხვადასხვა თავშესაქცევ ისტორიებშიც ხშირად ვვარდებით.
დღევანდელ წერილში რამდენიმე თანამემამულე მოჭიდავის საზღვარგარეთულ „ისტორიას“ გაგაცნობთ. რასაკვირველია ჩვენებურებმა თავს დამტყდარ მოულოდნელობას თავი ღირსეულად გაართვეს და ქართულ ადათ – წესებსა და მენტალიტეტს უცხო ქვეყნის ცის ქვეშაც არ უღალატეს.
ვლადიმერ კანკავა: „1969 წელია. არგენტინაში ვართ. მსოფლიო ჩემპიონატია. ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში ფინალში გავიდნენ რომან რურუა და ომარ ბლიაძე.
წინა საღამოს რომანი და ომარი ერთ არგენტინულ სასადილოში შესულან, მსუბუქად უნდა წაივახშმონ. შესულან ეს ხვალსაფინალო ომარ – რომანი და ხედავენ, როგორ ატრიალებენ ციკანს უზარმაზარ შამფურზე.
შემოუსხდნენ ქართველები მაგიდას და ომარი რომ არ ელოდა, რომანი ოფიციანტს ეუბნება.
– ორი მწვადი და ორი ცივი, ცივი ლუდი.
– გაგიჟდი ბიჭო?! – გადაირია ბლიაძე.
– მომიტანეთ! – ისევ გაიმეორა რურუამ. ოფიციანტმა წუთში მოაგელვა დაკვეთილი.
– მე არ დავლევ! – გააპროტესტა ბლიაძემ.
– მე – კი – თქვა რომანმა და სიცხისგან გათანგულმა ნეტარებით ჩამოსცალა დაორთქლილი, ლუდით სავსე კათხა… ამ პროცედურას მორჩა და ციკნის მწვადს „შეუტია“.
რომანის გაჩერება აღარ შეიძლებოდა. 300 გრამ მწვადს კი ერთი კილოს მომატება შეძლებია. რომანმა ბლიაძის წილი ლუდიც დალია და დაბრუნდნენ სასტუმროში, თუმცა მთავარ მწვრთნელს, ანატოლი კოლესოვს „აღსარება“ ჩააბარა – შევცოდე „ანატოლ-მამაოო.“
იმ ღამეს რომანმა ტკბილად დაიძინა. ბლიაძეს თვალი არ მოუხუჭავს, ფინალზე ნერვიულობდა. გათენდა მეორე დღე. რომანმა მოიგო შეხვედრა, ომარმა – წააგო.
– ა, ბიძია – ექირქილება რომანი კოლეგას, – შენ იმარტვილე და წააგე. მე მწვადიც მივირთვი, ლუდიც და, მოვიგეო.“
ჯემალ ნათელაშვილი: „60-იანი წლებია. ტურნეში ვართ შვეიცარიაში. მოგეხსენებათ, საბჭოთა წყობილების პერიოდში ძალიან ცოტა ფულს გვიხურდავებდნენ. უბრალოდ, ქუჩაში „ბუტერბროდი“ და ერთი ჭიქა წვენი რომ გვეყიდა, დაახლოებით იმდენს. ამიტომაც ნაცნობ ხერხს მივმართეთ. ზოგმა რა შევიძინეთ, ზოგმა რა. ჩემმა ერთმა თანაგუნდელმა ოცი ცალი საშუალო ზომის „იკრის“ კონსერვი წამოიღო და ეს ამბავიც აქედან დაიწყო.
ლოზანაში შესანიშნავი სასტუმრო დაგვახვედრეს. „იკრიანი“ თანაგუნდელი ჩემს ნომერში მოხვდა. ცუდი ის გახლდათ, რომ ნომერში მაცივარი არ იდგა და ეს კონსერვები ერთი კვირა ჩემოდანში ეწყო.
რამდენიმე დღეში „ჯიბის ფული“ შემოგვაკლდა. გაგვაცნეს იქაური რესტორნის მეპატრონე ბერძენი, რომელმაც მთლიანად შეიძინა ჩვენი 20 კოლოფი „იკრა“ და გვარიანი თანხაც გადაგვიხადა.
– რა სჯობს ქეიფსა და ლხენას! – შევძახეთ და ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში კარგა გვარიანად ვისადილეთ. სამწუხაროდ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. მესამე დღეს ქაქანით მოვარდა ჩვენი შუამავალი, „ტავარი“ რომ გაგვაყიდინა.
– კაცო, ეს რა მიყავით, ყველა კოლოფი გაფუჭებული აღმოჩნდაო.
ვაი ჩვენს დღეს! რით გინდა გადაუხადო? ფული უკვე დავხარჯეთ.
– რა ვქნათ ახლა?! – მეკითხება „იკრის“ ყოფილი პატრონი – რით გავისტუმროთ ეს ვალი? თანაც ისე, რომ მწვრთნელმა არ გაიგოს?! სხვა გზა არ იყო და დავიწყეთ თანაგუნდელებთან – „დარი –დური“. ზოგს სუვენირად წამოღებული კონიაკი „ვარციხე“ გამოვართვით. ზოგს ქართული „ჭაჭა“, ზოგს რა, ზოგს რა და ძლივს გავისტუმრეთ ის გადარეული ბერძენი.“
გურამ გოგოლაური: „ესპანეთი ჩვენმა ახლანდელებმა მესით, გვარდიოლათი, კასილიასით იციან, მაგრამ ბევრმა არ იცის, ჩვენ რა ამბავი გადაგვხდა.
იმ წელს გუნდური ჩემპიონები გავხდით, მაგრამ შეჯიბრების დაწყებამდე ხელმძღვანელობამ ტურნეს გეგმაში ჩვენი კორიდაზე დასწრება დაგეგმა. მთელი ნაკრები და ადგილობრივი მოჭიდავეებიც ერთად წავედით ამ უდიდებულესი სანახაობის სახილველად. სიურპრიზი თურმე იქ გველოდა.
გამორეკეს ეს „საბრძოლო ხარები“. შეაგდეს სპეციალურ ფარეხში და გრძელი, წვეტიანი კეტებით აღიზიანებენ… აღიზიანებენ, რომ მერე ეს უცოდველი, გაბოროტებული პირუტყვები არენაზე გამორეკონ. ეს ჩვეულებრივი ამბავია და სასეირო ჯერ არაფერია. სასეირო სულ 10 წუთში მოხდა.
– ვინაა მსურველი მსოფლიო მოჭიდავეთაგან, რომ არენაზე ჩამოვიდეს!!! მაყურებლებს მიმართავს ადგილობრივი ინფორმატორი…
„ვაი, ჩვენს თავს! – როგორია!“ თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი ინგლისელი მოჭიდავე გადავიდა არენაზე და დანარჩენებს ხელებით ანიშნებს – მოდით, რისი გეშინიათ, მოჭიდავეები არ ხართო?! არა… რაღა ვქნათ ახლა? ჭიდაობა კი ვიცით, მაგრამ შავ ხარებთან რა იჭიდავებს კაცო! ცოტა ხანში ვიღაც რუსი ვიტიუშა მოჭიდავეც გადახტა – „ჩტო ბუდეტ – ბუდეტ, მაც რადნაია“- ო.
გადავხედეთ ერთმანეთს. ამ დროს რამაზ ხარშილაძემ გამოიჩინა შესაშური გამბედაობა. „შენ დაუკარ“! არ უთქვამს, მაგრამ გაბედულად გადახტა და ამოუდგა გვერდში რუს –ინგლისელს. მეტი მსურველი არ აღმოჩნდა და გაუღეს კარები ამ გადარეულ ხარებს.
– რამაზ თავს უშველე! – ვიყვირეთ ჩვენ, მაგრამ ყიჟინაში ჩაინთქა. ხარმა ჰაერი დაყნოსა ავბედითად და რატომღაც ინგლისელი, უზარმაზარი წონის ღიპიანი „მოეწონა“! გაენთო რქებით. ინგლისელს სულ დაავიწყდა საერთოდ ვინ იყო და მოუსვა თავშესაფარში. გაიქცა და მიიღო კიდევაც ორი ძლიერი რქა.
მეორე ხარი რუსს გამოეკიდა, რუსმა იბღავლა და ისიც შეძვრა თავშესაფარში, ინგლისელ ღიპიანს ამოეფარა უკან. ამ ჩვენსას… ხარშილაძეს რატომღაც წითელი ჯემპრი ეცვა მაინცდამაინც იმ დღეს. ბღუუო – დაიძახა ხარმა და სანამ ხარი რაიმე უბედურებას მოიგონებდა ხარშილაძემ წუთში რვა წრე დაარტყა არენას. ბოლოს, რომ შეხედა ხარი აღარ ეშვებოდა, მანაც თავშესაფარს მიაშურა, მაგრამ ნურას უკაცრავად – ღიპიანმა ინგლისელმა არ შეუშვა – სადაა შენი ადგილიო.
გადაირია მაყურებელი. როგორც იქნა „მაშველებმა“ ხარი დაიჭირეს და გადარჩა ჩვენი რამაზი. ოღონდ მთელი თვე რომ ეძინა ასე ხვრინავდა: ხხხ – არი, ხხხ – არიი!!!“
ჯუმბერ დავლიანიძე: „პოლონეთის ქალაქ ლოძში ტრადიციული დიდი საერთაშორისო ტურნირი ტარდებოდა თავისუფალ ჭიდაობაში. ამ შეჯიბრებაზე საქართველოს მოჭიდავეთა დელეგაციას მე ვხელმძღვანელობდი. მძიმე წონაში ჩვენი გუნდის ინტერესებს ნოდარ მოდებაძე იცავდა.
ქართველმა ძლიერი მეტოქეები ზედიზედ დაამარცხა და შეჯიბრების დასრულებამდე ერთი დღით ადრე პირველი ადგილი გაინაღდა.
საღამოს სასტუმროში ვახშმობის შემდეგ მე და ნოდარი მასპინძლებმა ღამის „სტრიპტიზ ბარში“ დაგვპატიჟეს.
შუაღამისას, მიმზიდველმა ქალბატონმა ურიკაზე დამაგრებულ – დამონტაჟებული ვარდებით სავსე კალათა შემოაგორა. ნოდარი გამარჯვებისგან გამოწვეულ ეიფორიაშია. სულ არ დაგიდევთ სადაა და სად ზის და თავის გამარჯვების აღსანიშნავად იქაურ ქალბატონებს (ბარში ვინც იმყოფებოდა) თითო ვარდი „შეუძინა“ „ოტ გრუზინსკავა ბარცა“.
რაც ზლოტები და დოლარები ჰქონდა, პირწმინდად იქ დაატოვებინა „ურიკიანმა“ ქალმა. რაღაც თანხა მეც დავუმატე, თორემ აშკარად „ვიწვებოდით“, რადგანაც თურმე იქ თითო ვარდი ღამის ბარში, ქუჩასთან შედარებით 10-ჯერ ძვირი ღირდა.
ჩაშხამდა ის ჩემპიონობა. რაც სახლიდან „საყიდლები“ დააბარეს, სულ ვარდებში „დაიფშვნა“. მეორე დღეს მეხვეწებოდა, „თბილისში ეს ისტორია არ მოყვე, ვითომ ფული გზაში დამეკარგაო“.