შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთაწმინდის საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი რამდენიმე წუთის წინ დააფიქსირა. გახარიამ ხმა მთაწმინდის მეხუთე საარჩევნო უბანზე მისცა.
„არჩევანი გავაკეთე ეფექტურობის სასარგებლოდ, როდესაც მთაწმინდაზე ვაძლევ ხმას განსაკუთრებით ვითვალისწინებ ამ უბნის, თბილისის ამ ლამაზი რაიონის ინტერესებს“,_განაცხადა გახარიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს რომ მოქალაქეებმა, მიუხედავად იმ ქალაქისა თუ სად აძლევენ ხმას, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში მისცენ ხმა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებულ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი უკვე დაიწყო. პარლამენტის შუალედური არჩევნები თბილისის პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება. გარდა ამისა, მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება ხუთ მუნიციპალიტეტში, ესენია: მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი და ხულო. საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში კი საკრებულოების შუალედური არჩევნებია.