„ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ საკუთარი ხმა ცოტა ხნის წინ დააფიქსირა.
მან იმედი გამოთქვა, რომ მთაწმინდელი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს. სამართლიანობასა და უსამართლობას, კეთილდღეობასა და სიღარიბეს, თავისუფლებას, საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციასა და კოლონიად რუსეთში დაბრუნებას შორის.
შავგულიძე ასევე გამოეხმაურა საარჩევნო უბნებთან პოლიციელების მობილიზებას.
„პოლიციის ყოფნა და აშკარა გამოჩენა წინა პლანზე არჩევნების დღეს უშუალოდ უბნების სიახლოვეს არ არის სასურველი და კარგი. ის ყოველთვის აჩენს განცდას ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა, რადგან პოლიცია ყოველთვის აღიქმება ხელისუფლების მხარდამჭერად და ეს არ არის სასურველი, თუმცა, მეორე მხრივ, არ ვიცი, თუ პოლიცია არაფერს დააშავებს, თუ პოლიცია იმოქმედებს იმ ფარგლებში როგორც უნდა მოქმედებდეს, ალბათ, რამდენიმე პოლიციელის ყოფნა უბნებთან ტრაგედია არ უნდა იყოს“_განაცხადა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ ადარდებს როგორ გამოჩნდება სახელმწიფო და მმართველობის შენარჩუნება თუნდაც სახელმწიფოს დისკრედიტაციის ფასად სურს.
„ბევრ სიკეთეს ხელისუფლებიდან არ ველოდებით. ვხედავთ უკვე როგორ გზას დაადგა არჩევნებთან დაკავშირებით, ვხედავთ ძალადობის, მოსყიდვის ფაქტებს უკვე ზუგდიდში და არ არის გამორიცხული, რომ იგივე მოხდეს მთაწმინდაზე. აქ პრიორიტეტულად აირჩიეს ცილისწამებლური შავი პიარ-კამპანია. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი უკვე იყო და დავაფიქსირეთ, ვნახოთ, მაგრამ ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს სახელმწიფოს სახეზე“,_განაცხადა შავგულიძემ.