რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საგანგებო ბრიფინგი „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში.
უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე აუდიოჩანაწერი წარმოადგინა, რომელიც, მისი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბიდან მიაწოდეს. ჩანაწერი, მედიასაც გადაეცა.
ჩანაწერი მხოლოდ ზუგდიდის თემას არ ეხება
“საარჩევნო უბნებზე დღეს პროვოკაციები აიხსნება იმით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იცის, რომ არჩევნებში მარცხდება და როგორც ჩანს, ერთადერთი, რისთვისაც ემზადება, არეულობა და დესტაბილიზაციაა.
გუშინაც და ადრეც არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ დამკვირვებლების საფარქვეშ ჩამოყვანილი აგრესიული აქტივისტები მათ სწორედ არეულობის შესაქმნელად სჭირდებათ. დღეს მიმდინარე მოვლენებმა ეს დაადასტურა.
თუმცა, მიუხედავად პოლარიზაციისა, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბშიც არიან ადამიანები, რომელთათვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია.
სწორედ ამ ადამიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული გეგმის შესახებ და ჩვენს შტაბს მოაწოდეს მათ სხდომაზე მათ მიერვე გაკეთებული აუდიო ჩანაწერი.
ამ ჩანაწერის მონაწილენი სანდრა რულოვსის და მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, თუ როგორ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა, მოიგებენ თუ წააგებენ არჩევნებს.
ბუნებრივია, ეს აუდიო ჩანაწერი ჩვენ უკვე გადავეცით შესაბამის ორგანოებს და ვითხოვეთ, შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება.
ჩვენ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას გავაცნოთ ამ ჩანაწერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ვციტირებ _ ,,ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მოიგებენ თუ წააგებენ, უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა და შემდგომ კი მთელი საქართველო“.
მთელ ჩვენს ქვეყანას, სამეგრელოს კი ყველაზე მწარედ ახსოვს, რას ნიშნავს „ადუღებული ზუგდიდი“ _ გვახსოვს 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირებაც. გვახსოვს როგორ ცდილობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები ერთი წლის წინ აჭარის ადუღებას, როცა გადაწვეს თითქმის ბათუმის ცენტრი“, _ აღნიშნა ბრიფინგზე თალაკვაძემ
უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიცია გააფრთხილა:
“გაფრთხილებთ, არ გაბედოთ არც ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ გადაუხვიოთ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება“,_ აღნიშნა თალაკვაძემ.
“იმ ძალას, რომელიც წამოვა ზუგდიდიდან, აუცილებელია, შეუერთდეს დასავლეთ საქართველო მთლიანად. იმიტომ, რომ სამტრედიაში და ზესტაფონში გვყავს ჩვენ.
კიდევ, პლუს ამას, აჭარა უნდა ადუღდეს იმიტომ, რომ ,,პადძერჟკა“ მისცეს ამ ყველაფერს იმიტომ, რომ აჭარა არის ძალიან დიდი რეგიონი და ვაშალომიძეს ყავს ძალიან ბევრი ადამიანი.
იქ უნდა შეუერთდეს უკვე ქუთაისი, ზესტაფონი, ხონი უნდა შეუერთდეს, გორი უნდა შეუერთდეს და ეს ყველაფერი. აი, ამისთვის თბილისში ვიღაცა–რაღაცა მინიმუმ, 10 000-კაციანი მობილიზებული ჯგუფი, მინიმუმ. ჩვენ რაც გვინდოდა, მაგალითად თელავში.
მობილიზება აქედან იქეთ ნიშნავს რომ გზა გადაიხერგება და უნდა გავწყდეთ შუაზე ამიტომ, პირიქით დედაქალაქში უნდა მოხდეს, რომ ყველა რაიონიდან ჩამოვიდეს. დასავლეთიდან დაიძრას ხალხი, საჭიროა, აღმოსავლეთიდან დაიძრას ხალხი. გვირაბი უნდა იყოს ჩვენი მხრიდან კონტროლირებადი აქედანაც და იქიდანაც. სულ მცირე 200-300 მანქანა მაინც უნდა იდგეს და აკონტროლებდეს პროცესებს, რომ პოლიციამ, ასე თუ ისე, არ დაბლოკოს. გამბედაობა უნდა დაანახო, რომ შენ იბრძვი მართლა, კი არ ხარ ვიღაცა პარტიული, მივა სადღაც და მერე დაატორმუზებს“, _ ისმის ჩანაწერში, რომელზეც ოპოზიციაში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.