საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებული რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დროისთვის მსჯელობა მიმდინარეობს. განსასჯელებს შორისაა „გურიას“ ორი მოქმედი ფეხბურთელი ირაკლი ბაჯელიძე და რატი იმერლიშვილი.
ეს უკანასკნელი მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. სასამართლო სხდომის დაწყებამდე „გურიას“ მეკარის ადვოკატმა თქვა, რომ აღკეთი ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს მის დაცვის ქვეშ მყოფისთვის. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება იმერლიშვილის მიერ რაიმე თანხის აღება.
„არცერთი ვიდეო არ არსებობს, სადაც ჩანს მის მიერ თანხის აღება ან მოთხოვნა. არც ფარული ჩანაწერები არაა. პირიქით, ჩანს, რომ მათ ეს არ უნდათ. გარკვეულწილად რჩება შთაბეჭდილება, რომ მიგზავნილია აგენტ-პროვოკატორი, რომელიც მათ პროვოცირებას ახდენს. იმერლიშვილთან მიმართებაში არის მხოლოდ სატელეფონო ჩანაწერი, სადაც საუბარია ბანკის ვალზე“, – აღნიშნა იმერლიშვილის ადვოკატმა სასამართლო სხდომის დაწყების წინ.
ფეხბურთელების საქმესთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუქგვერდზე განცხადება გაავრცელა საფეხბურთო კლუბ „გურიას“ ხელმძღვანელობამ.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა _ ლანჩხუთის “გურიას” ორი ფეხბურთელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მატჩების ჩაწყობაში დაადანაშაულა. კლუბის თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ასეთი რამ პირველად მოხდა და შეშფოთებულები და გულნატკენები ვართ მომხდარით. არასახარბიელო სპორტული მდგომარეობის პარალელურად ჩვენი კლუბის სახელის გაჟღერება ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით, უდიდესი დარტყმაა ჩვენი კლუბისთვის.
ამიტომაც, ყველაფერს გავაკეთებთ, გამოვნახოთ ძალები, სპორტული მდგომარეობის გამოსასწორებლად და უპირველესად იმისთვის, რომ “გურიას” სახელი არასდროს იყოს ნახსენები ისეთ მანკიერ ქმედებასთან, რასაც მატჩის შედეგით მანიპულირება ჰქვია.
ამისათვის კი, მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და შესაბამის ორგანოებთან, რათა ჩრდილი არ მიადგეს დიდი ტრადიციების მქონე საფეხბურთო კლუბ “გურიას” და მთლიანად ქართულ ფეხბურთ“-ნათქვამია კლუბის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.
ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.
გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).