რა ხდება რეალურად და რამდენი ჰექტარი მიწაა დამუშავებული ლანჩხუთში, ამ კითხვით “გურია ნიუსმა” მერიის სოფლის მეურნეობის განყოფილებას მიმართა, საიდანაც არც თუ ისე დამაიმედებელი ინფორმაცია მოგვაწოდეს. რამდენიმე დღის წინ მიღებული მონაცემებით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტში მთლიანი საყანე ფართობების 10%-იც კი არაა დამუშავებული და სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, არც უნდა ველოდოთ ამ კუთხით მნიშვნელოვან ცვლილებას.
ამ მონაცემის მიხედვით, ფაქტად რჩება, რომ წინა წლებთან კი არა, გასულ წელთანაც შედარებით რეკორდულად დაიწია მიწის დამუშავების მაჩვენებელმა ლანჩხუთში _ თუ ვაუჩერიზაციის პირობებში მუნიციპალიტეტში 4 800 ჰა მიწის ფართობი მუშავდებოდა, შემდეგ წელს ეს მაჩვენებელი სამი ათასზე ჩამოვიდა, გასულ წელს კი მხოლოდ 1 200 ჰა ფართობის დამუშავება მოხერხდა, წელს საყანე ფართობების მხოლოდ 10 პროცენტია დამუშავებული. 13 მაისის მონაცემებით, ლანჩხუთში 537 ჰა მიწის ფართობია დახნული. მას შემდეგ ეს მონაცემი კი გაიზრდებოდა, თუმცა, სპეციალისტთა თქმით, დიდად არა.
სოფლებიდან აღებული მონაცემების მიხედვით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მეტ-ნაკლებად ცუდი მდგომარეობაა. ზოგან მუშაობის ტემპი იმატებს, ზოგან _ არა. სრული გაურკვევლობაა აცანისა და მაჩხვარეთის მიწებთან დაკავშირებით, სადაც მოხნული მიწების ოდენობის გრაფაში ნულია მითითებული. თურმე, აქ საძოვრების შეღობვის პროცესი ჯერ არ დასრულებულა და სახნავად არავის მოუცლია. თან განსაკუთრებით აცანის მოსახლეობა პასიურობს, რომლებსაც ფართობები ბარში აქვთ და მანძილის სიდიდის გამო, არც აპირებენ დამუშავებას.
პროცესის დაბალ ტემპს სპეციალისტები, ძირითადად, მოსახლეობის შეჭირვებული მდგომარეობითა და მიწის დამუშავების სურვილის არქონით ხსნიან. ზოგან ფაროსანას ფაქტორიც აშინებთ, თუმცა, ამ კუთხით გასულ წელს სიტუაცია გამოსწორდა და ეფექტურმა შეწამვლამ ფაროსანას შემოტევაც დაასუსტა და მოსავალსაც კარგი ეფექტი მისცა.
უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფერზე ცუდი გავლენა არასტაბილურმა ამინდმაც იქონია _ ჯერ წვიმებმა დააყოვნა პროცესი, შემდეგ უცბად დაცხა და ამ ჯერზე, გვალვაა პრობლემა. მოძველებული ტექნიკა კი, რომელიც მოსახლეობაში შემორჩა, ვერ უმკლავდება გამოგვალული მიწის დამუშავებას.
აღსანიშნავია, რომ წელს, გარკვეულწილად, ტექნიკის პრობლემაცაა. ფირმა “მექანიზატორი” ძველებურად ვერ აგზავნის ტრაქტორებს, რადგან შარშანდელთან შედარებით, ტექნიკური გადაიარაღების პრობლემა გაზრდილია და როგორც გავიგეთ, დაახლოებით, 10 ერთეულის გამოგზავნა შეუძლია ლანჩხუთში. თუმცა, საამისოდ თანხის ბანკში წინასწარ შეტანაა საჭირო და როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, მათთვის სწორედ ეს “ხელზე ფულია” მთავარი პრობლემა.
ცნობისთვის, ლანჩხუთში ერთი ჰექტრის დამუშავება _ დახვნა, გაფხვიერება და დათესვა 300 ლარადაა შესაძლებელი, მაგრამ ერთიანად ამ თანხის შეგროვება ბევრს უჭირს. მეზობლობაში არსებული ტრაქტორით ეს თანხა ცოტათი მცირდება და თანაც “პოსლეზეც” შეიძლება ანგარიშსწორება, მაგრამ აქ ტექნიკის რაოდენობა და ხარისხი აფერხებს პროცესს.