ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში მცხოვრები 63 წლის ცისანა მურვანიძე უკიდურესი გაჭირვების ზღვარზე მყოფი ოჯახის დიასახლისია. მას მეუღლე 12 წლის წინ გარდაეცვალა და ხუთი მცირეწლოვანი შვილის მოვლა–პატრონობა მარტოს უწევდა.
_ შვილები დაიზარდნენ _ ხუთივე გოგონაა. სამი უკვე დაოჯახებულია, ორი შინ არის. სამუშაო არსად არის, თორემ გაჭირვებაზე რატომ ვიწუწუნებთ?! მე პენსია მაქვს და ამ ორასი ლარის შემყურე ვართ, _ გვეუბნება ცისანა მურვანიძე და ოროთახიან, მიწურის მსგავს სახლში მიგვიძღვება.
_ ეს არის ჩვენი საცხოვრებელი. წვიმა ყველა კუთხეში ჩამოდის. უკან მოხურული კი აქვს, მაგრამ არარაობას თუ სჯობს, თორემ მეტი არაფერი. ხუთი წლის წინ მოგვიხსნეს სოციალური დახმარება. შარშან კიდევ დავწერე განცხადება, მაგრამ იმხელა ქულები მომივიდა, ვიფიქრე, ნამდვილად სხვისია, ალბათ, ვინმეში შევეშალე,-მეთქი. მერე ჩავედი და ვიკითხე, რაში მომეცით ამხელა ქულები,-მეთქი, მაგრამ პასუხი _ არც ავი, არც კარგი, ვერავინ გამცა. შემოდით და ნახეთ, სად და როგორ ვცხოვრობთ. ამაზე უარესი მდგომარეობა, ნეტავ, ბევრს აქვს საქართველოში? სულ ტირილით ხომ არ ვივლი?!
გაჭირვებული კი არა, ღატაკები ვართ. დაგვასაქმოს ვინმემ და ხმას არ ამოვიღებთ. თუ არადა, რატომ არსებობს სოციალური დახმარება გაჭირვებულთათვის? რატომ მოგვანიჭეს ამხელა ქულები, ის ადამიანია, ვინც ეს ქნა? ნახეთ, მობრძანდით, იქნებ, ვტყუი, _ გვიყვება თავის გასაჭირზე ქალბატონი ცისანა.
უახლოესი მეზობლები _ მაია სარიშვილი, თეა დარჩია და სხვები ყვებიან მურვანიძეების უმძიმეს გასაჭირზე.
_ ამ ოჯახზე უფრო გაჭირვებული აქ არავინაა. სახლს შეხედეთ _ საქათმე აქვს ზოგს უკეთესი. ამას კიდევ რა უჭირს, სახურავი მთელი რომ ჰქონდეს. ყველგან წყალი ჩადის. ყველაზე მთავარი კი, რაც არის, ოჯახს წყალი არ აქვს და სახლის გვერდით ჩამომავალ ღელეში რეცხავენ სარეცხს, ღელის წყალს სვამენ. იქნებ, მოახერხოთ და ამ ოჯახს მთავრობამ ან ვინმე მადლიანმა ხელი გამოუწოდოს. ამათ რომ დახმარებას არ დაუნიშნავენ და უმაღლეს ქულებს მიანიჭებენ, იმ მთავრობას მთავრობა ჰქვია? ვის ეხმარებიან, საინტერესოა, _ ამბობენ ისინი.
ცისანა მურვანიძე გვეუბნება, რომ მას საკუთრებაში ცხრა ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი აქვს. აქედან ოთხი ათასი საყანეა, თუმცა, სამი წელია, არ დაუთესავს.
_ სუფსის სანაპიროზე მდებარე საყანე ფართობები, რომელიც სოფელს აქვს, საერთოდ არ ითესება. მათ შორისაა ჩემიც. შესაღობია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დათესვის საშუალებაც რომ გქონდეს, აზრი არ აქვს _ პირუტყვისგან ვერ დავიცავთ. შეღობვის თავიც აღარავის აქვს. მე ძალიან გაჭირვებული ვარ, მაგრამ სხვებიც ვერ თესავენ. ამიტომ, რა აზრი აქვს, მიწა მქონდეს და ვერ დავამუშავო, საამისოდ არანაირი საშუალება არ გამაჩნდეს? დრო იყო, ყანის გარეშე ვინ დარჩებოდა? ახლა რად მინდა ეს საკუთრებაში დაკანონებული მიწა. ეტყობა, ამიტომ მაძლევენ უმაღლეს ქულებს, _ გვეუბნება ცისანა მურვანიძე და იმედი მაინც არ აქვს, რომ ვინმე დაეხმარება.
_ აქამდე არ გახდა საშველი, არც განცხადებით და არც ისე, აწი რა იქნება? მომბეზრდა მეც. რამდენჯერ დავწერო განცხადება. მადლობელი ვიქნები, თუ ჰკითხავთ ოზურგეთში, სოციალურ სააგენტოში, რაში მომცეს ასე მაღალი ქულები და ჩემნაირი გაჭირვებული კიდე ბევრი თუ ჰყავთ, _ გვითხრა ცისანა მურვანიძემ..
“გურია ნიუსი” სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრის უფროსს თინათინ ლომჯარიას დაუკავშირდა, რომელიც, მისი თქმით, სამსახურში არ იმყოფებოდა და მისვლისთანავე ნახავდა ინფორმაციას აღნიშნული ოჯახის შესახებ:
“ახლა, ასე უცებ არ შემიძლია პასუხი გაგცეთ, რადგან სამსახურში არ ვიმყოფები. როგორც კი დავბრუნდები, ბაზაში აუცილებლად ვნახავ ინფორმაციას მურვანიძის შესახებ. თუ ის ასეთ გასაჭირში მყოფია, აუცილებლად მივალთ ადგილზე, ვნახავთ. თქვენ კარგად იცით, რომ მე, პირადად დავდივარ თითოეულ გაჭირვებულ ოჯახთან და ყურადღების გარეშე არც ერთ მათგანს არ ვტოვებთ. ასე იქნება ამ შემთხვევაშიც”, _ გვითხრა ლომჯარიამ.