ჩოხატაურში, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობიდან დაახლოებით 500 მეტრში, ბენდელიანის ქუჩაზე ავარიული სახლი დგას. სახლი პირობითად, რადგან ძველი, დამპალი ფიცრებისგან შეკოწიწებული შენობაა დღე-დღეზე დაინგრევა.
ცოტა ხნის წინ ამ შენობას მუხა დაეცა, რამაც დაზიანებები გააფართოვა.
იქ შესვლა სიცოცხლისთვის საშიშია და შეიძლება, ნებისმიერ წამს დაშავდეთ _ იატაკად წოდებულ ფიცრებს შორის დიდი ნაპრალებია, სახურავიდან წყალი ჩამოდის და ოთახში ქარი ისე ქრის, როგორც გარეთ. მიუხედავად ამისა, ამ შენობაში სამი ოჯახი ცხოვრობს.
მათ სიცოცხლეს საფრთხე ყოველდღიურად ემუქრება და ეს მათაც კარგად იციან, თუმცა, აღნიშნავენ რომ წასასვლელი არსად აქვთ.
ორ ავარიულ ოთახში დედა-შვილი ცხოვრობს. გვიყვებიან, რომ თავი სიმწრით გააქვთ:
_ ასაკით პენსიონერი არ ვარ. კომუნალურ სამსახურში ვმუშაობ, ყოველდღე ქუჩებს ვგვი და 180 ლარი მაქვს ხელფასი. ამას 50-ლარიანი სოციალური დახმარება და ჩემი, დაბადებიდან უნარშეზღუდული შვილის 80-ლარიანი პენსია ემატება, რომელიც ხშირად საჭმელიც კი არ გვაქვს, ისეთ დღეში ვართ. თუმცა, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა საცხოვრებელია, _ ამბობს ქეთინო ჯოღერდიშვილი.
მისივე თქმით, მერიამ ქირით გადასვლა შესთავაზა, თუმცა ეს მისთვის მიუღებელია:
_ რამდენიმე ადამიანი გადავიდა ქირით, თუმცა, უკან დაბრუნდნენ. ქირა შეუწყვიტეს და იმიტომ. ვიცი, რომ აქ საფრთხეში ვარ, მაგრამ არსად არ გადავალ. მირჩევნია დაინგრეს და რამე დამემართოს. ირაკლი კუჭავასთან ვიყავით თებერვალში მისულები და დაგვპირდა, რომ ერთ ოთხას მოგვცემდა. ახლა მაისია და ისევ აქ ვართ, _ ყვება ჯოღერდიშვილი.
მისივე ინფორმაციით, მერმა ე. წ. ავტოსადგურის ბინებში გადაყვანა შესთავაზა, თუმცა იქ მისულებს უარესი სიტუაცია დახვდათ:
_ იქ შედითო, გვითხრეს, მაგრამ ოთახს არც კარი აქვს, არც ფანჯარა და სად შევიდე, როგორ ვიცხოვროთ? იმ შენობაში კედლებიც ავარიულია და რა აზრის აქვს?!
ამბობს, რომ ხელისუფლებას პასუხისმგებლობას არ გრძნობს:
_ როცა მუხა დაეცა ამ სახლს, მაშინ მოვიდნენ კუჭავა და გუბერნატორი. უთხრა გუბერნატორმა, ეს დედა-შვილი სასწრაფოდ გადაიყვანეო, მაგრამ არ ქნა! _ აღნიშნავს “გურია ნიუსთან” საუბრისას ქეთინო ჯოღერდიშვილი.
იგივეს ამბობს მისი შვილი, 32 წლის გელა ჯოღერდიშვილი:
_ ქირით გადასვლას აზრი არ აქვს. არავინ იცის, როდის შეგვიწყვეტენ და დაგვტოვებენ ქუჩაში. წლებია, დაპირებებით ვცხოვრობთ. გვეუბნებიან, რომ დაგვეხმარებიან, მაგრამ არაფერი ჩანს, _ ამბობს გელა ჯოღერდიშვილი.
ამავე სახლში ცხოვრობს ვარდენ გრაშენკო. მის ე. წ. ოთახში ერთი საწოლი და კარადა დგას. იატაკი ჩანგრეულია. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ხელისუფლება დახმარებას დიდი ხანია პირდება:
_ აქ დავიბადე და გავიზარდე. რაც მახსოვს, სულ მპირდებიან, რომ დამეხმარებიან, მაგრამ მატყუებენ. სხვა წასასვლელი არ მაქვს. თქვენც ხედავთ, რა მდგომარეობაში ვცხოვრობ. აქ მყავდა ცოლ-შვილიც, მაგრამ ცუდი პირობების გამო მამის სახლში, კახეთში წავიდნენ. მე აქეთ დავრჩი. დღიურ მუშად ვმუშაობ, რომ პურის ფული მაინც გავუგზავნო მათ,_ ამბობს გრაშენკო, რომელსაც იმედი აქვს, რომ დადგება დრო, როცა ცოლ-შვილთან ერთად უსაფრთხო სახლში დაიძინებს.
უსაფრთხო საცხოვრებელზე ოცნებობს ასმათ ჟღენტიც, რომელსაც დაღამების ეშინია:
_ სოციალური დახმარება მქონდა და ისიც მომიხსნეს. ავადმყოფ შვილთან ერთად ვცხოვრობ აქ და თავს პენსიით ვირჩენთ. ხანდახან ჩემი შვილი გადის ქუჩაში და მოწყალებას ითხოვს, რომ პური მოიტანოს. ჩემი ჯანმრთელობაც შერყეულია. ისიც არ შემიძლია, სოციალური მომსახურების სააგენტოში მივიდე და გავარკვიო, რატომ აღარ მაქვს დახმარება. დაღამების მეშინია, რომ ჭერი არ ჩამოიქცეს და არ მოგვიყოლოს, _ აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით, აღნიშნულ სახლში მცხოვრებ ადამიანებს ქირით გადასვლა ბევრჯერ შესთავაზეს:
_ ისინი ცრუობენ, როცა ამბობენ, რომ მე საცხოვრებელი დავპირდი. ვერ დავპირდებოდი, რადგან მუნიციპალიტეტს ამის შესაძლებლობა არ აქვს. ბოლო ერთი თვის მანძილზე, პირადად ვიყავი სამჯერ მისული და ვთხოვე, გადასულიყვნენ ქირით და ქირას მუნიციპალიტეტი გადაუხდიდა. ძალით ვერავის გამოვასახლებთ და თავად არ გვთანხმდებიან. ასევე, სიცრუეა ის, რომ ქირით გადასვლის შემთხვევაში, გარკვეული დროის შემდეგ გადასახადს აღარ გადავიხდით. არიან ადამიანები, რომლებსაც 3-4 წელია მუნიციპალიტეტი უხდის ქირის თანხას. დაახლოებით 30 ოჯახს ქირის საფასურს _ 100 ლარს მუნიციპალიტეტი ყოველთვიურად იხდის და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილება არ მოხდება, _ გვითხრა კუჭავამ.
მისივე თქმით, თუ ამ სახლში მაცხოვრებლები ქირით გადასვლას დათანხმდებიან, სახლს დაანგრევენ, რადგან მისი შეკეთება შეუძლებელია და მის ნაცვლად იქ სკვერი გაკეთდება.