23 მაისს, ოზურგეთში, ფოლკლორის ცენტრში, ოზურგეთელ პედაგოგებს თბილისიდან სტუმრობდნენ მასწავლებელთა სახლის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე და როგორც თავად გაგვაცნო, “განათლების სისტემაში ახალი დოკუმენტის ავტორები” _ ხათუნა ბარამიძე და ნინო ბერიკაშვილი.
ბერიკა შუკაკიძემ თავისი გამოსვლა დაიწყო იმით, რომ განათლების სისტემაში იქმნება “ახალი ქართული” პროექტი:
_ განათლების სისტემაში ახალი დოკუმენტი იქმნება, რაც სისტემურად შეცვლის ყველაფერს. დავანებოთ თავი თბილისიდან ჩამოსულ ტრენერებს. დროა, ადგილზე, რესურსცენტრში, იყვნენ ისინი. ადგილზე უნდა მოიძებნოს კარგი მასწავლებლები. ისინი ყველგან არიან, მათ შეუძლიათ, თავად ჩაატარონ ტრენინგები… კრედიტქულების დაგროვებამ, ბევრი მასწავლებელი მოწყვიტა საკლასო ოთახს. ერთხელ ჩვენ თვითონ გავაკეთოთ რაღაც ახალი, ქართული.
ახალი სკოლის პროექტი დაეფუძნა კონცეფციას _ “ვაკეთოთ რაღაც ქართული” 21 მილიარდია თავდაცვის სისტემაში დახარჯული 2004 წლიდან. რისთვის? ამდენი რომ განათლებისთვის დაგვეხარჯა, როგორ შედეგი გვექნებოდა დღეს? დაუდასტურებელი ინფორმაციით, დღეს საქართველოს სკოლებში 150 ბავშვს გული მისდის შიმშილისგან. ყველა რეფორმა ჩავარდება, თუ ბავშვი მშიერია. ბავშვებს ენატრებათ უცხოეთში სამუშაოდ გადახიზნული მშობლები. ეს ტრაგიკულ კვალს ტოვებს მის ფსიქიკაზე.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბავშვებისთვის სკოლებში იყოს ყოველდღიურად ერთი ულუფა ცხელი საჭმელი… სწავლა აღმოჩენებით, სწავლა კეთებით _ ეს უნდა გახდეს სამოქმედო გეგმა.
ასევე, უნდა შეიცვალოს დაფინანსების სისტემა. სახელმწიფომ უნდა შეაფასოს სკოლა. სკოლა რომ წარუმატებელია, ზოგადად, ეს არის სისტემური ნაკლი, ანუ სახელმწიფოს ბრალია… ბევრ სკოლაში დღეს არ არის გამდინარე წყალი, ბევრგან შეშის ღუმელია, რა უნდა ვთქვათ, ასეთ დროს შედეგი გვექნება? მართალია, ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ქართული პროექტი _ მომავალი წლიდან იწყება ახალი რეგულირების წესი. ჩვენს პროფესიაში უნდა დავიწყოთ წარმატების წახალისება, _ თქვა შუკაკიძემ და ასევე, ვრცლად ისაუბრა სხვადასხვა სერიოზულ ცვლილებებზე, სკოლების ავტონომიაზე, მასწავლებელთა ინკლუზიურ განათლებაზე, მათი სტატუსის ამაღლების წესებზე, ზოგადად, უსაფრთხო სკოლაზე. ხაზგასმით გამოკვეთა პრაქტიკოს პენსიონერ მასწავლებელთათვის შეთავაზების ახალ მიდგომა _ პედაგოგს, რომელიც პენსიონერია და გამოცდა არ აქვს ჩაბარებული, სკოლიდან წასვლის შემთხვევაში, ჯილდოდ ორი წლის ხელფასი ეძლევა. თუ გამოცდას ჩააბარებს და ეს შანსი ორჯერ ეძლევა, რა თქმა უნდა, სკოლაში დარჩება.
აღსანიშნავია, რომ ბევრი პენსიონერი პედაგოგის მოწონება და სიხარული გამოიწვია ამ ნაბიჯმა, რაც მასწავლებლის ღვაწლის დაფასებად აღიქვეს.
ბერიკა შუკაკიძემ, ხათუნა ბარამიძემ და ნინო ბერიკაშვილმა პედაგოგთა არაერთ კითხვას უპასუხეს. ძირითადად, ეს შეეხებოდა განათლების სისტემაში ახალი “ქართული პროექტის” შექმნის იდეას, რის შესახებაც დოკუმენტი ჯერ მზადების პროცესშია.
“გურია ნიუსი” ესაუბრა პედაგოგებს და სასწავლო-სააღმზრდელო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებმაც საკუთარი თვალსაზრისი ახალი რეფორმის შესახებ ასე გამოხატეს:
რუსუდან ცეცხლაძე, სოფელ შრომის საჯარო სკოლის დირექტორი:
_ დიდი ხანია, სკოლაში ვმუშაობ და როგორც იქნა, მოვისმინეთ სასიხარულო ამბავი პედაგოგის ღვაწლის დაფასების, ადგილზე ინოვაციების გამოვლენის თავისუფლებაზე, რომ ყველა სკოლას შეეძლება საკუთარი სწავლების და მართვის უნარები დანერგოს.
ამ რეფორმას ყველა მასწავლებელმა ახალი შემართებით უნდა აუბას მხარი და განსაკუთრებით პენსიონერმა პედაგოგებმა ყურადღებით უნდა გადახედონ განვლილ გზას. გადააფასონ კარგიც და ცუდიც. თუ მათ გააჩნიათ შესაძლებლობები, არჩევანი თავისუფალია _ არავინ ზღუდავს, ჩააბარებს გამოცდას და სკოლაში დარჩება. თუ წავა, სახელმწიფო უკვე მას ღვაწლისთვის აჯილდოებს. ეს არის აკადემიური ჟესტი.
ცაცა ქვილორია, ლაითურის საჯარო სკოლის მასწავლებელი:
_ საპენსიო ჯილდო, ორი წლის ხელფასი _ ეს არის ძალიან კარგი შეთავაზება მასწავლებლისთვის. ფასდება მისი ამაგი.
მალვინა ნინიძე, ჭანიეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
_ ძალიან კარგი და მისასალმებელი შეთავაზებაა ორი წლის ხელფასის სახით ჯილდო იმ მასწავლებლისთვის, ვინც პენსიონერია და სკოლის დატოვება მოუწევს. ყველას ახსოვს ურთულესი წლები, “დაბნელებულ ეპოქას” რომ ვეძახდით. მასწავლებლებმა წლობით იმუშავეს მინიმალური ხელფასის ამარა, ისიც თვეობით დაგვიანებული იყო და სკოლა გადაარჩინეს, თაობები გადაარჩინეს.
შეხვედრის შემდეგ გაჩენილი არაერთი კითხვის: თუ როგორ ხედავენ ექსპერტები ახალ რეფორმას, რა არის ბუნდოვანი, რა არის გამჭვირვალე, როგორი უნდა იყოს უსაფრთხო სკოლა, რას ნიშნავს სკოლების სრული ავტონომია, იქნება თუ არა პრიორიტეტული ინკლუზიური განათლების დანერგვა, როგორ აიმაღლებს პედაგოგი სტატუსს, მხოლოდ გამოცდით თუ კიდევ დასჭირდება სხვა კვლევები, “გურია ნიუსი” ესაუბრა განათლების ექსპერტს, მზია მეხუზლას:
_ განათლების ცენტრი რომ ახალი განათლების პოლიტიკის დოკუმენტს ქმნის, უდავოდ მისასალმებელია. როგორც ვხედავთ, დაგეგმილია სერიოზული ცვლილებები მიდგომებში _ უნდა მოხდეს სკოლების ავტონომია. თუმცა, ეს ცოტათი ბუნდოვანია ჩემთვის. მაგალითად, ეს იქნება ფინანსური ავტონომიაც, სწავლების ხარისხის კუთხით თუ როგორ? მე სრულად ვერ გიპასუხებთ ამაზე, რადგან თვით დოკუმენტი, როგორც აქ ითქვა, შექმნის პროცესშია. ჩვენთვის ამ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი იყო შემდეგი მიმართულებები: ყველა მასწავლებელი უნდა განვითარდეს ინკლუზიურ განათლებაში, განუვითარდეს პრაქტიკის კვლევის უნარ-ჩვევები, ვიმუშაოთ და ვიზრუნოთ უსაფრთხო სკოლის მიმართულებით. ეს იმას ნიშნავს, რომ სამინისტრო სერიოზულად ფიქრობს იმაზე, რომ უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის გახორციელება და ინკლუზიური განათლების დანერგვა პრიორიტეტული ნამდვილად იქნება…
რაც შეეხება მასწავლებელთა სტატუსის შეცვლას, ამაღლებას ვგულისხმობ, რადგან შეცვლა დაქვეითებასაც ითვალისწინებს, ეს მოხდება გამოცდის მეშვეობით და ალბათ, კიდევ სხვა აქტივობებით, რაც ჯერ გამოკვეთილი არ არის. საყურადღებოა საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა შესახებ თქმულიც, რომ მათ მოუწევთ პრაქტიკული ნაწილის ჩაბარებაც, ლაბორატორიული სამუშაოების სახით, რომ მათ თავიანთი კომპეტენცია დაამტკიცონ. ჯერჯერობით, ბუნდოვანია, დანარჩენი საგნების მასწავლებლებმა როგორ უნდა აიმაღლონ სტატუსი _ გარდა გამოცდისა, პროექტი უნდა განახორციელონ, კვლევები თუ რა, ვერ გეტყვით. ვიმეორებ, დოკუმენტი შექმნის პროცესშია, _ გვითხრა მზია მეხუზლამ.
კითხვაზე, მოსწავლის ცხელი სადილით ერთჯერადად კვება, თუ ეს მხოლოდ სოციალურად დაუცველთათვის იქნება, გამოიწვევს თუ არა დანარჩენი მოსწავლეების დისკრედიტაციას, მზია მეხუზლა ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ეს ასე იქნება.
ასევე, როცა ჩნდება ახალი მიდგომა, რომ სკოლები განსხვავებული იქნება სასწავლო გეგმებით და შინაარსით, ჩნდება კითხვაც, რამდენად არის თითოეული სკოლა მზად საამისოდ, მზია მეხუზლა ამბობს, რომ კითხვა რეალურია.
_ დიახ, გეთანხმებით. ჩნდება კითხვა _ გააჩნია სკოლას საამისო გამოცდილება? რამდენად მზად იქნება, რამდენად ობიექტურად გამოავლენს სკოლა თვითშეფასების უნარს? იქნება კი ობიექტური საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენაში? ეს კითხვები პასუხგასაცემია და ვფიქრობ, პასუხის საშუალება მოგვეცემა მხოლოდ ახალი დოკუმენტის დასრულების და სკოლებში ახალი რეგულირების დაწყების შემდეგ. ვიტყვი, რომ უსაფრთხო სკოლის პროგრამის და სკოლების თვითშეფასების პროცესის გახორციელებაზე ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე ათი წელია მუშაობს და მისასალმებელია, რომ სამინისტრო ამას აქცევს ყურადღებას, _ გვითხრა განათლების ექსპერტმა.