ბეგი მამალაძის დაღუპვიდან 4 წელი გავიდა.
ახალგაზრდა შემოქმედი 2015 წლის 25 მაისს სისასტიკემ, გაუტანლობამ, გულქვაობამ და გულგრილობამ შეიწირა, თუმცა, მან მისი შემოქმედების ირგვლივ არაერთი ახალგაზრდის გაერთიანება და საზოგადოების მახსოვრობასა და გულში ადგილის დამკვიდრება გარდაცვალების შემდეგაც შეძლო.
ბეგის ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ერთ-ერთი ღონისძიება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა, სადაც მასწავლებლებმა, მეგობრებმა გარდაცვლილი 18 წლის ახალგაზრდა მოიგონეს, მისი შემოქმედებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს და ერთხმად შეთანხმდნენ, რომ მშობლებმა ბავშვებს ჯანსაღად აზროვნება უნდა ასწავლონ.
ბეგი მამალაძე 4 წლის წინ ნუცუბიძეზე 2-მა ბიჭმა იმ დროს დაჭრა, როცა ის ტელეფონით დედას, მარიკა ზედელაშვილს ესაუბრებოდა. ბიჭი სავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გარდაცვლილის დედა არაობიექტური გამოძიების შესახებ საუბრობს.
ის „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ ბეგის საქმის სათავეშიც ის ადამიანები იდგნენ, ვინც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, სარალიძის საქმეს იკვლევენ.
„გამოძიება სამწუხაროდ არაობიექტურად წარიმართა, შეიძლება ითქვას სარალიძის საქმის მსგავსად. ჩვენი ღრმა რწმენით, ის ვინც მოკლა დღეს თავისუფალია და არ იმყოფება საქართველოში. ვინც დაჭრა მან აიღო მკვლელობა თავისთავზე და სამწუხაროდ, სამართალმა პური ვერ ჭამა, მაგრამ იმედია, რომ დრო დადგება და კეისარს კეისრისა მიეზღვება.
სხვათა შორის, ვინც სარალიძის საქმეებს იკვლევენ, ის ადამიანები დგანან ბეგის საქმის სათავესთანაც, მაგრამ როგორც იქ, აქაც ვერ იპოვეს სამართალი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი პროცედურული დარღვევებით მათ მიაღწიეს თავიანთ ჩანაფიქრს, რომ ვინც დაჭრა ის მკვლელად აღიარეს, ხოლო მკვლელი ოქროს მოწმედ და საქმე შეკერეს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულად ვიყავი ცნობილი და მოწმის სტატუსიც მქონდა, სანამ საქმე ბოლომდე არ დამთავრდა, არ გამაცნეს. როცა გავეცანი ხელის მოწერას არ ვაპირებდი, მერე მითხრეს, რომ ხელი რომ არ მოაწეროთ, ვადები მთავრდება და შეიძლება ის გაუშვანო. ასე ვთქვათ, პირდაპირ ფაქტების წინაშე დაგვაყენეს, როცა უკვე მეტი აღარ შეგვეძლო გაგვეკეთებინა. ღმერთი მაღალია და მე არანაირად არ მინდა, რომ ჩემი შვილის მკვლელები ვიღაცის შურისძიების მსხვერპლი გახდნენ, იცოცხლონ და ღმერთმა თვითონ მოთხოვოს მათ პასუხი. ისინი უკვე დასჯილები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ეს არ ესმის, ვერასდროს ვერ დავუშვებ სხვისი შვილის სიკვდილს თუნდაც ხელითაც რომ შეეხონ, ჩემი შვილი არ იყო მოძალადე და მით უმეტეს ჩემ შვილს სულს ვერ დავუმძიმებ“,_ამბობს მარიკა ზედელაშვილი.
ბეგის ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები გაბრიელ-ბეგი მამალაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის მეშვეობით ტარდება.
წელს დაღუპული ახალგაზრდის ოჯახმა მიიჩნია, რომ მსგავსი აქტივობების გამართვა საჭირო აღარ არის, თუმცა, როგორც ბეგის დედა ამბობს, 32-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავად გამოთქვეს სურვილი, ბეგის სახელობის შემოქმედებითი საღამოს ჩატარების შესახებ.
„შემოთავაზებულმა წინადადებამ მისი შემოქმედებითი საღამოს გამართვის შესახებ მოგვცა ინსპირაცია იმის, რომ ახალგაზრდებს სჭირდებათ ბეგი და რაღაც უნდა გაგვეკეთებინა. დღევანდელი საღამო ამ ფონდის ორგანიზებით ჩატარდა, ოღონდ განსხვავებული ფორმატით. ჩვენდა საბედნიეროდ მოხდა ისე, რომ ჩვენ კი არ ვართ შემოქმედი ამ ღონისძიებების, არამედ უცხო ადამიანები გვთავაზობენ ამ აქტივობების ფორმატსა და შინაარსსაც. ეს ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, ე.ი. ბეგიმ თავისი სათქმელი მიიტანა მკითხველამდე, მსმენელამდე და დღეს ის იღებს უკვე იმ უკურეაქციას, რაც მას სიცოცხლეშივე უნდოდა, სიყვარულს, საზოგადოების სიყვარულს“,_ამბობს ბეგის დედა.
როგორი მოსწავლე იყო ბეგი მამალაძე, რისი თქმა სურს მას ლექსებით და რისი ბრალია მოზარდებს შორის გახშირებული მკვლელობები და ძალადობა,_ამ საკითხებზე ბეგის თეოლოგიის მასწავლებელსა და ფსიქოთერაპევტს, ანა პაპიძეს ვესაუბრეთ.
„ჩემი პირველი პროფესია არის თეოლოგია. საპატრიარქოს ილია მართლის სახელობის სკოლაში, ვასწავლიდი საღვთო რჯულს და ბეგი იყო პირველი კლასიდან მერვე კლასამდე ჩემი მოსწავლე. გამორჩეული ბავშვი იყო პირველი კლასიდანვე გამოირჩეოდა თავისი გონიერებით, აქტიურობით. განსაკუთრებით ჩემს ყურადღებას იქცევდა ის, რომ საგაკვეთილო პროცესში ხატავდა. როცა ვეკითხებოდი რამდენად ჩართული იყო გაკვეთილში მეუბნებოდა, რომ უკეთესად ისმენდა, როცა ხატავდა. ძალიან ბევრი დეტალისგან შექმნილ ნამუშევრებს ხატავდა. ეს იყო ბრძოლის, რაღაც ფანტასტიკის თემა. რვეულის ბოლო ფურცლები სულ ნახატებით ჰქონდა სავსე. როგორც კი დამინახავდა სულ იღიმოდა, შორიდანვე მესალმებოდა და ძალიან საინტერესო კითხვები ჰქონდა. ის არის ადამიანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება, არა იმიტომ რომ დღეს ჩვენთან აღარ არის, არამედ, იმიტომ რომ ძალიან გამორჩეული იყო“,_ამბობს ანა პაპიძე.
ბეგის თეოლოგიის მასწავლებლის თქმით, მის პოეზიას წელს გაეცნო და გაოცებულია, თუ როგორ შეძლო პატარა ბიჭმა ეგრძნო, გაეცნობიერებინა და საოცრად გადმოეცა ლექსებში მისი ფიქრები.
„მის პოეზიას სამწუხაროდ წელს გავეცანი. არ ვიცოდი ის თუ წერდა ლექსებს და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გავეცანი რამდენიმე ლექსს და მოგვიანებით ქ-ნმა მარიკამ მომაწოდა მთელი კრებული. ეს პატარა ბიჭი თითქოს წინასწარ გრძნობდა იმაზე მეტს, რასაც ვგრძნობთ უფროსები. თითოეული მისი ნაფიქრია ამ ლექსებში ჩადებული. სამშობლოზე, თანატოლებზე, სიყვარულზე, მისი არსებობის აზრზე სამყაროში. ყველაფერი რაც მას ქონდა ნაფიქრი ალბათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ალბათ ამ ლექსებშია თავმოყრილი ოსტატურად და მხატვრულად რამაც ჩემი დიდი გაოცება გამოიწვია“,_ამბობს ის.
რაც შეეხება მოზარდებს შორის დაპირისპირებას, ანა პაპიძის თქმით, მიზეზი სკოლასა და განათლების სისტემაშია.
„არ მინდა ვინმე გავაკრიტიკო, მაგრამ მოზარდებს შორის გახშირებული ძალადობის მიზეზი სკოლაში და თვითონ განათლების სისტემაშია. სკოლაში სათანადოდ არ არის დაყენებული საკითხი, არ არსებობს ნამდვილი რეგულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვები მსგავსი ძალადობისგან დაიცვან. ისწავლონ განსხვავებული ადამიანების მიღება, ისწავლონ სხვისი დაფასება, სხვისი უნარების მიღება და მხარდაჭერა და არა ვთქვათ ჩაგვრა, ჩაგვრა იმ ნიშნით რა ნიშნითაც ბეგი იჩაგრებოდა და იდევნებოდა და რისი მომსწრე ვიყავი. კლასში იყო პატარა დაპირისპირებები ბეგისთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბეგი იყო ძალიან გახსნილი, ექსპრესიული, პირდაპირ გამოხატავდა იმას რასაც ფიქრობდა და ეს იწვევდა გარკვეულ წინააღმდეგობას თანატოლებში, თუმცა, მოზარდები არ არიან მზად იმ მომენტში, რომ ყველაფერი ისე მიიღონ, როგორც უნდა მიიღონ, მაგრამ უფროსებს ეკისრებათ ეს პასუხისმგებლობა, შესაბამისად, სკოლამ უნდა მიიღოს გარკვეული ზომები, ამაზე დიდი მუშობაა საჭირო, რომ მსგავსი დაპირისპირებები ამოიფხვრას და სხვა კუთხით წაიყვანონ მოზარდების ურთიერთობა“,_ამბობს ანა პაპიძე.