„დილას ცა შეტიალდა. მამალმა მეორედ იყივლა. თბილისში მზე რომ ამოდის, ცუდ ხასიათზე ვდგები, მაგრამ აქ გურიაში ჩოხატაურის სოფელ ხევში დღე ხალისიანად იწყება“,_ასე იწყებს ბეგი მამალაძე მოთხრობას „ჩემი სოფელი“, რომლის მიხედვითაც სპექტაკლი 55-ე საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 კორპუსის სააქტო დარბაზში დადგეს.
სცენარის ავტორი ეკა ჭკადუაა, ხოლო მუსიკალური გაფორმება თაკო კერესელიძეს ეკუთვნის.
როგორც ცნობილია, მოთხრობა ბეგი მამალაძემ 10 წლის ასაკში, კალანდობას, თბილსში წამოსვლამდე, ზაზა ფოსტალიონის სტუმრობის შემდეგ, დაწერა.
შეგახსენებთ, რომ ის რამდენიმე წლის წინ ნუცუბიძეზე 2-მა ბიჭმა დაჭრა, რის შემდეგაც, გარდაიცვალა.
ბეგის მოთხრობის სპექტაკლად დადგმის იდეა 55-ე სკოლის, მე-3 ბ კლასის დამრიგებელს, შორენა ლაშხიას გაუჩნდა.
როგორც ლაშხია „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, გაბრიელ ბეგი მამალაძე 171-ე სკოლაში მანდატურად მუშაობის პერიოდში გაიცნო, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ კი სურვილი ჰქონდა ბეგის ნიჭიერება წარმოეჩინა და იდეა ბეგის დედას, მარიკა ზედელაშვილს გააცნო.
„ბეგის ვიცნობდი 171-ე სკოლიდან, სადაც მანდატური ვიყავი. ხშირად გვიწევდა მე და ბეგის პრობლემების მოგვარება, რომელიც ასაკიდან გამომდინარეობდა. ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ. როცა ამხელა ტრაგედიის შესახებ გავიგე ვერ გეტყვით, როგორი რეტი იყო. ყველამ ძალიან განვიცადეთ მომხდარი და პირადად ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. რაც პედაგოგად დავიწყე მუშაობა ვიფიქრე, რომ აუცილებელი იყო ბეგის ნიჭიერება, რომელიც საქართველომ დაკარგა წარმომეჩინა ჩემი ბავშვების დახმარებით და წარმოიშვა ასეთი იდეა „ჩემი სოფელი“ პიესა და ბეგის ლექსებიდან ამონარიდები ავიღეთ და შევაჯერეთ ისე, რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონოდათ საშუალება თავის ნიჭიერება გამოეჩინათ და თან ბეგის სული წარმოეჩინათ ამ სცენაზე“,_ამბობს ლაშხია.
კითხვაზე გაუჭირდათ თუ არა ბავშვებს ბეგი მამალაძის შემოქმედებიდან ამონარიდების დაზეპირება შორენა მასწავლებელი გვპასუხობს, რომ არა.
„მათთვის დაზეპირება საკმაოდ მარტივი იყო. დიდებს წარმოდგენაც კი არ გვაქვს, როგორი ნიჭიერი თაობა გვეზრდება“,_ამბობს ის, თუმცა, გულისტკივილით აღნიშნავს, რომ მოზარდი თაობა, სამწუხაროდ, მიუხედავად თავიანთი ინდივიდუალურობისა, მაგალითს უფროსებისგან იღებს.
„მოზარდებმა იციან თვითდამკვიდრების გამო ერთმანეთის ბულინგი, დაცინვა, ცინიზმი, ზომიერებას ვერ პოულობენ ურთიერთობებში. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის უფრო თვალნათელია ეს ყველაფერი და სამწუხაროდ ბავშვები ამ დამცირებას და თუნდაც ჩაგვრას სწავლობენ ჩვენგან, დიდებისგან. ჩვენ არ ვიქცევით სწორად. ჩვენ ვართ მათთვის ნიმუშები და როგორც ვექცევით ერთმანეთს, ისე ექცევიან შემდეგ ისინიც“,_ამბობს ლაშხია.
მისივე თქმით, მომავალი წლიდან ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი ჩატარდება.