მეთხილეობა საქართველოში ის დარგია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, თხილის ექსპორტიდან შემოსული თანხა ღვინის ექპორტსაც კი აჭარბებდა, თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გავრცელებულმა მავნებლებმა და სხვადასხვა დაავადებებმა თხილის ინდუსტრიას, ასევე მოსახლეობას, რომლისთვისაც შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს თხილის მოყვანა, ჩაბარება, გაყიდვა წარმოადგენს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი თოდუა მავნებლებისა და დაავადებების გარდა, ინდუსტრიაში გაჩენილ პრობლემებს ფერმერების გამოუცდელობასაც უკავშირებს.
თუმცა, აღნიშნავს, რომ თხილის ინდუსტრიისთვის წელს გარდამტეხი წელია და ექსპორტის გაორმგებას ელოდება.
„ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დარგი გახლავთ თხილის ინდუსტრია საქართველოსთვის. ბოლო 3 წელია არის პრობლემები. მიზეზია სხვადასხვა. ერთი, რომ გავრცელდა მავნებელი დაავადებები, მწერები, მათ შორის ფაროსანა და გარდა ამისა, არ იყო თხილის ბაღის მოვლის გამოცდილება. ასოციაციის მიზანია მინიმუმ შევინარჩუნოთ სტატუსი და ასევე განვავითაროთ. არის პოტენციალი, რომ გავაორმაგოთ კიდევაც თანამედროვე სტანდარტების დანერგვით, გასხვლა- ფორმირებით, ანალიზზე დაყრდნობილი ნიადაგის მართვით, წამლობის პროცესების დაგეგმვით, ფერმერების დახმარებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა 1070 აპარატი გადმოგვცეს, რომელიც ჩვენ ფერმერებს უნდა გადავცეთ, სულ 2000 აპარატზეა საუბარი, ამ დროისთვის გურიაში 130 აპარატია. 1 500-მდე ძალიან აქტიური ფერმერი გაწევრიანდა პირველივე წელს. ხალხი ძალიან მონდომებულია სამეგრელოშიც და იმერეთშიც, სადაც თხილი იწარმოება“,_ამბობს თოდუა.
რა უნდა იცოდნენ ფერმერებმა და არა მხოლოდ მათ თხილის მოვლის, წამლობის შესახებ_ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის უფროს აგრონომს, გიორგი კვარაცხელიას ესაუბრა.
კომბინიზონი, ხელთათმანები, სათვალე და რესპირატორი_ეს ის აუცილებელი აღჭურვილობაა, რაც ფერმერმა თხილის შეწამვლისას აუცილებლად უნდა გამოიყენოს, გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს წამლობის დროსაც.
„ძირითადად თხილის კულტურაში სეზონზე ვატარებთ 7 წამლობას, 6 ძირითადს სეზონის დაწყებიდან მოსავლის აღებამდე და მეშვიდე წამლობას, მოსავლის აღების შემდგომ პრევენციის მიზნით არსებულ სოკოვან დაავადებებს და მავნებლებთან ბრძოლის მიზნით. ეს მეშვიდე წამლობა გულისხმობს, რომ მომავალი წლისათვის ბახვში იყოს ნაკლები მავნებელი და არ იყოს იმდენად გავრცელებული სოკოვანი დაავადებები. რაც შეეხება ნებისმიერი წამლობის დროს გასათვალისწინებელია ტემპერატურა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება 25-28 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე წამლობის ჩატარება, რადგან ეგ ზიანს აყენებს თხილის კულტურას. წამლობა ტარდება დილას როცა ნამი შეშრება, ხოლო დღის მეორე ნახევარში 5-6 საათის შემდეგ უნდა დაიწყოს წამლობა, აქაც გასათვალისწინებელია ტემპერატურა“,_ამბობს აგრონომი.
მისივე თქმით, წამლობის ჩატარებამდე უნდა მოხდეს მონიტორინგი, შეწამვლის დრო კი კალენდრით არ არის განსაზღვრული, არამედ მონიტორინგის შედეგად დაავადების, მავნებლების გამოვლენის შემდეგ იწყება.
„ადრე დავრგავდით თხილს და სეზონის ბოლოს, როცა მომწიფდებოდა ვთიბავდით და ვიწყებდით კრეფას, მანამდე კი თხილის ფართობებში არავინ შევდიოდით. ეს დაავადებები და მავნებლები გამოიწვია იმან, რომ ბოლო პერიოდში თხილი გახდა მონოლითური კულტურა, ანუ გავრცელდა ძალიან და ჩვეულებრივი ამბავია, რომ როცა ესა თუ ის კულტურა ვრცელდება დაავადებებიც და მავნებლებიც ვრცელდება. გასულ წელს და წინა წლებში თხილის ბაღებში არ იყო სახარბიელო მდგომარეობა, რადგან არავინ შედიოდა, არ წამლავდა არც გასხვლა- ფორმირებას აკეთებდა, მაგრამ ამ ეტაპმა გვაჩვენა, რომ მოვლის გარეშე თხილის მოსავავალი არ იქნება“,_ამბობს კვარაცხელია.
ის ასევე აღნიშნავს, რომ თხილის მოვლისთვის წამლობის გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს თხილის გასხვლა-ფორმირებას.
„მნიშვნელოვანია გასხვლა-ფორმირება, ერთ ძირზე 15-20 დედა ტოტი არ უნდა იყოს, არამედ საშულო რაოდენობით 5, 8, 10. გააჩნია ნიადაგი რამდენი ტოტის საშუალებას იძლევა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ მოგვიწია წამლობების დაწყება. გასულ წელს ასოციაციას ჰყავდა 1700-მდე ფერმერი, რომლებიც მიყვებოდნენ წამლობას, მაგრამ სხვა ფერმერები, რომლებიც წევრი არ იყვნენ და ჰქონდათ ინფორმაცია, მაგრამ დიდად დაინტერესებულები არ იყვნენ თხილის ფართობების მოვლით“,_ამბობს აგრონომი.
გარდა ამისა, აგრონომი აღნიშნავს, რომ პრეპარატების გამოყენებისას მნიშვნელოვანია, რომ ფერმერამა თვითნებურად არ გაზარდოს პრეპარატის დოზირება ან შეამციროს, რადგამ ამას შეუძლია სავალალო მდგომარეობის გამოწვევა. თხილის ფოთლების დამწვრობა ან საერთოდ არ იმოქმედოს და უნდა მივყვეთ იმ დოზებს, რაც გვირჩიეს აგრონომებმა ან მაღაზიებმა.
როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი თოდუა ამბობს, გასულ წელს სამეგრელო, გურია, აჭარა, იმერეთი დაზარალდა გარდა კახეთისა, სადაც თხილის ინდუსტრია ასევე ვითარდება, თუმცა, კახეთში უფრო არის წამლობის ტრადიცია, ვაზის წამლობა მიმდინარეობს 12-ჯერ, 13-ჯერ, 14-ჯერ, იქ თხილის რამდენჯერმე შეწამვლა კახელებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. წელს კი არის ძალიან დიდი გამოწვევა თხილის ინდუსტრიისთვის.
„გურიაში, ფაქტობრივად, მოსავალი შარშან არ აუღიათ. წელს უკვე მნიშვნელოვან შედეგს ველოდებით. მომავალ წელს უფრო მნიშვნელოვანი შედეგი იქნება, რადგან ჯერ კიდევ არის სკეპტიციზმი. არ არის ხალხი თავდაჯერებული რომ ეს წამლობა იქნება შედეგიანი, მაგრამ ჩვენ ექსპერიმენტებს არ ვატარებთ, გვაქვს გამოცდილება მიღებული და ასე რომ მიმდინარე წელი იქნება მნიშვნელოვანი თხილის ინდუსტრიისთვის. შარშან 1500-მდე ფერმერი გავაწევრიანეთ და მათმა უმრავლესობამ ძალიან კარგი შედეგი მიიღო, ახლა უკვე 15 000 ოჯახი რომ წარმატებას მიაღწევს ეს თავისთავად გაზრდის ექსპორტსაც და მინიმუმ ექსპორტის გაორმაგებას ველოდებით“,_ამბობს თოდუა.