გასული საუკუნის მიწურულია. კომუნისტები თავისას ცდილობენ. „თბილისობის“ დღესასწაულიც მაშინ „მოიგონეს“.
მედეა ჩახავას ქურთი ქალის ტანსაცმელი მოარგეს (კინოფილმ „მანანას“ მიხედვით) და მეეზოვის ცოცხი დააჭერინეს ხელში.
მოგვიანებით ქალბატონი მედეა არაერთხელ აღნიშნავდა, თუ როგორ ესიამოვნა ეს „როლი“ და როგორ გულმოდგინებით „გვიდა“ საგანგებოდ დასუფთავებულ ქუჩას.
სადაცაა პარტიული მუშაკები მოვლენ და… აჰა, გივი ბერიკაშვილიც გამოჩნდა, საგანგებოდ კახეთიდან ჩამოყვანილ ვირზე ამხედრებული. თითქმის ყველაფერი დადგმული სცენარით მიდის.
მოხდა გაუთვალისწინებელი „იაღლიში“. იმ მართლა ვირმა, გივი რომ „მართავდა“, ყველა კანონი დაარღვია – მორალური, ინტელექტუალურიც და ოთხი მეტრის რადიუსით, ეს მოპრიალებული ასფალტი მის ბუნებრივ მოთხოვნილებას ანაცვალა. არადა, სადაცაა მთავრობა უნდა მოვიდეს.
ატყდა ერთი ამბავი, ქალბატონი მედეაც თავისი ცოცხით გვერდზე მიაგდეს.
ვირს, გამომეტყველებაზე ეტყობოდა – „სულ მკიდიაო“, მაგრამ მხედარი სირცხვილით დაიწვა და ოფლში გაიღვარა შემოდგომის ბოლო თვის დასაწყისში.
ჟურნალისტებს მეტი რა უნდოდათ. მართალია, ეს „პროცესი“ ვერ მოასწრეს – არ გადაუღიათ, მაგრამ მდგომარეობა ვირისთვის შესაშურად განვითარდა: ყველა მხრიდან გადაიღეს და ეს სურათები მალე უპოპულარულესი გახდა. ეგ კი არა, მოგვიანებით, კერძო ფირმებმა კედლის კალენდრები გამოუშვეს ვირზე ამხედრებული მარჯანიშვილის წამყვანი მსახიობის ფოტოთი.
ედუარდ შევარდნაძე იყო მაშინ ცეკას პირველი მდივანი და ერთ დღეს მარჯანიშვილის თეატრს ესტუმრა სპექტაკლზე – „ეზოში ავი ძაღლია“. ძალიან მოეწონა და მოკრძალებული ტაშიც შეაწია, მერე მსახიობებს მიაკითხა კულისებში და „მიულოცასავით“ წარმატება.
გივი ბერიკაშვილმა შემთხვევით ისარგებლა და ცეკას მდივანს, ბატონ ედუარდს საგანგებოდ გადახვეული ის კალენდარი აჩუქა, – ვირზე რომ იჯდა და გადაუღეს. თან, მოკრძალებული ავტოგრაფის ქვეშ მიაწერა: „ბატონო ედუარდ, გქონდეთ ეს კალენდარი ჩემგან სახსოვრად, ზემოთ, პირველ რიგში რომ ვზივარ, – ის ვარ მე…“
ცეკას პირველმა მდივანმა პასუხი არ დააყოვნა და ერთ დილით ურეკავს სახლში გივი ბერიკაშვილს:
– ალო, ალო, გივი ხარ?
– კი. გისმენთ, ბატონო, – იმ წუთშივე იცნო გივიმ და სკამიდან წამოხტა, – რა დაკვირვებული კაცი ხარ, გივი, შენ! კიდო კაი, რომ მიაწერე, თუ არა, ძაან გამიჭირდებოდა ცნობა, რომელი იყავი“.