ბანკთან სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად ურთიერთობა ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ, თუმცა, საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც რთული მდგომარეობის გამო, იძულებულები ხდებიან, სესხი აიღონ ან სულაც რაიმე ნივთი განვადებით შეიძინონ, მძიმე სოციალური ყოფის გამო კი ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ანუ ვალის დაბრუნებას ბევრი ვერ ახერხებს.
სამწუხაროდ, არის შემთხვევებიც, როცა ადამიანები სხვა ადამიანის, მეგობრის თუ ახლობლის თხოვნით იღებენ სესხს და პრობლემებში ეხვევიან.
როგორც ა.ზ. გვიყვება, სესხი რამდენიმე წლის წინ მეგობრის თხოვნით აიღო.
„სესხი მეგობრის თხოვნით ავიღე. დედა ავად ჰყავდა. თვითონ სესხს არ უმტკიცებდნენ და დახმარება მთხოვა. უარი ვერ ვუთხარი. ბანკის მიერ თანხის დამტკიცების შემდეგ ბარათი მას მივეცი. დავალიანება უნდა დაეფარა, მაგრამ ერთ დღესაც ბანკიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ვალი დამეფარა ან საქმე სასამართლოს გადაეცემოდა. მეგობარს მივაკითხე, ის კი თურქეთში წასული დამხვდა“, _ ამბობს ა.ზ.
რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, როცა სესხს სხვისი თხოვნით, სხვისი საჭიროების გამო იღებენ და რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ ადვოკატ მარიკა არევაძეს ესაუბრა.
როგორც ადვოკატი ამბობს, კარგია მეგობრისა თუ ახლობლის დახმარება, მაგრამ ამ ადამიანებმა, ვინც სესხს სხვის გამო იღებენ იმ პირობით, რომ შემდეგ ამ თანხის დაბრუნება იმ პირის მიერ მოხდება, ვის გამოც ისესხეს, უნდა გაითვალისწინონ მისი მდგომარეობა და ისიც, რომ სესხზე პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ და არა ბანკთან ხელშეკრულების მიღმა მყოფ პირს.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ სესხზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანს ვისი სახელითაც შეივსო განაცხადი სესხის შესახებ, ვისაც მიეცა თანხა და ვინც გააფორმა ხელშეკრულება.
არის შემთხვევები და ხშირად მომისმენია მეც, რომ მეგობარმა მთხოვა და მან უნდა გადაიხადოს-ო. რა თქმა უნდა, მორალური თვალსაზრისით ვალის დაფარვა იმ პირს ეკუთვნის ვისი თხოვნითაც კონკრეტულმა პირმა სესხი აიღო, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით გამსესხებელი კომპანია მოთხოვნას დააყენებს სწორედ იმ ადამიანთან ვინც ისესხა. ვადაგადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლო იქნება თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც ამ გაპრობლემებულ სესხს მოყვება იქნება ამ ადამიანის გადასახდელი.
ეს არის საკმაოდ დიდი რისკი და უმჯობესია, რომ მსგავსი მოქმედებებისგან თავი შევიკავოთ. კარგია მეგობრის დახმარება, მაგრამ უნდა ვაანალიზებდეთ იმას, რომ თუ ადამიანი ვერ შეძლებს ამ სესხის დაფარვას, შემდგომ ეს თანხა იქნება მსესხებლის გადასახდელი“, _ ამბობს არევაძე.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სახის სესხებთან ერთად მოქალაქეებში პოპულარობით სარგებლობს ავტო სესხები, რაც სასურველი ავტომობილის შესაძენად თანხის გაცემას შესაძენი ავტომობილის უზრუნველყოფით გულისხმობს, ასევე, პოპულარულია ავტო ლომბარდიც, რომელიც თანხას ისე გასცემს, რომ ავტომობილის დატოვება ლომბარდში აუცილებლობას არ წარმოადგენს.
თუმცა, არსებობს შემთხვევებიც, როცა ავტომობილი, რომლის ირგვლივაც დავალიანებაა, არ არის სახეზე ან ვერ ხერხდება მისი მოძიება.
როგორც აკაკი ცოფურაშვილი გვიყვება, მეგობარს სესხის აღებით ავტომობილის შეძენაში დაეხმარა, თუმცა, საბოლოდ, საბანკო ანგარიში დაუყადაღეს და საქმე სასამართლოში მიდის.
„ჩემი სახელის გამოყენებით მოხდა ავტომობილის შესაძენად იმავე ავტომობილითვე უზრუნველყოფილი სესხის აღება. ავტომობილის შეძენიდან მალევე მან მანქანა სხვას მისცა და სესხიც იმ პირს უნდა დაეფარა, მაგრამ ასე არ მოხდა. დღეისთვის იმ ავტომობილს ვერ პოულობენ, ყველაფერი დამიყადაღეს. ამხელა თანხის გადახდის შესაძლებლობა არ მაქვს“, _ ამბობს ცოფურაშვილი.
ადვოკატ მარიკა არევაძის თქმით, ავტო ლომბარდის დავალიანების ვადაგადაცილების შემთხვევაში შეიძლება ვალმა ავტომობილის ღირებულებასაც კი გადააჭარბოს.
„ავტო ლომბარდის შემთხვევაშიც პირობები დამოკიდებულია ხელშეკრულებაზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეკრულება თავიდანვე იყოს წაკითხული და გააზრებული. ავტომობილის ლომბარდის ვადაგადაცილების შემთხვევაში შეიძლება ისე გაიზარდოს სესხის თანხა, პირგასამტეხლო, რომ მანქანის ღირებულება არ ეყოს. როცა ავტომობილს ეხება საქმე, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ხელშეკრულებაში წერია.
შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტომობილის რეალიზაციის ან გამსესხებლისთვის საკუთრებაში გადაცემით მოხდება ვალის დაფარვა, აუცილებელია, ამ ადამიანებმა შეამოწმონ, რომ განულებულია ვალდებულება და მოითხოვონ ცნობა დავალიანების არ ქონის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება რაღაც პერიოდის შემდგომ ეს კომპანია ისევ დაუკავშირდეს მას და უთხრას, რომ დავალიანება კიდევ იყო დარჩენილი და სამომავლო დავის და ნერვიულობის საფუძველი გახდეს“, _ ამბობს არევაძე.
ადვოკატის თქმით, თუკი ავტომობილი, რომლის ირგვლივაც არის დავალიანება არ არის სახეზე ან ვერ ხერხდება მისი მოძიება და ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ მანქანის გარდა მსესხებელი გამსესხებლის წინაშე სხვა ქონებით თუ შემოსავლითაც არის პასუხისმგებელი, იწყება დავა სასამართლოში და გამსესხებელი თანხას უძრავ-მოძრავი ქონებიდან ან ხელფასიდან ამოიღებს.
არსებობს თუ არა რაიმე სახის გზა, რომ ადამიანებმა, რომლებიც ფინანსურ პრობლემებში მათთვის უახლოესი ადამიანების გამო გაეხვნენ და თავადაც არ შეუძლიათ, გაზრდილი დავალიანების გადახდა სამართლებრივი გზით დააკისრონ იმ პირებს ის პასუხისმგებლობა, რომლებიც მორალურად არ ან ვერ აღმოაჩნდათ, ადვოკატი ამბობს, რომ თუ მსესხებელს ექნება მტკიცებულებები, მას შეუძლია რეგრესის წესით მიმართოს სარჩელით სასამართლოს ამ პიროვნების წინააღმდეგ და მას დააკისროს შემდგომ უკვე ამ თანხის გადახდა თავისთვის და არა გამსესხებლისთვის.