პოლიტიკური მოძრაობა “გირჩი” პარლამენტთან განვუთარებული მოვლენების გამო საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
“ქვეყანაში არის ძალიან დაძაბული სიტუაცია, ხელისუფლების უაზრო და უსამართლო პოლიტიკამ საზოგადოებაში გამოიწვია დაძაბულობა და ბრაზი, რომელიც არავინ იცის როდის და რა ფორმით ამოხეთქავს. ამას დაემატა დღევანდელი თავხედური აქტი, რის შედეგადაც, ოკუპანტმა საკუთარი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სკამიდან მოგვმართა და ახლა გვაკვირდება რამდენად ავიტანთ ასეთ თავხედობას.
ოკუპანტმა ეს “ქართული ოცნების” მეშვეობით ქნა და ამ საქმეს ბოდიში რომ არ უშველიდა, ნორმალური ადამიანისთვის მყისიერად გასაგები უნდა ყოფილიყო.
მთავრობა ამ წუთამდე თავს არიდებს უკიდურესად აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებას და პირიქით, იღებს კატასტროფულ გადაწყვეტილებებს, რითაც სერიოზულ რისკს უქმნის საკუთარ მოქალაქეებს.
რისკს ზრდის ის ფაქტიც, რომ ქვეყნის შიგნითაც არსებობენ ივანიშვილის რევოლუციით დამხობის მსურველები და გარეთაც გვყავს კონკრეტული მტერი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,რომ ამ ქვეყანაში სიტუაცია იყოს უმართავი.
ამ რეალობაში ჩვენი სათქმელი ჩვენს მხარდამჭერებთან არის შემდეგი:
1. არ უნდა ავყვეთ არავის რევოლუციურ მოწოდებებს და ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობის შესანარჩუნებლად.
2. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დააანონსოს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, საარჩევნო ბარიერის გარეშე.
3. საზოგადოების მორალურად საკომპენსაციოდ, უნდა გადადგეს თანამდებობიდან პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელი იყო დაეცვა საკუთარი სკამი ოკუპანტისგან.
ჩვენი აზრით ამ მოთხოვნების შესრულება აუცილებელია, კონფლიქტის დეესკალაციისთვის,”- წერს გირჩი.
მანამდე ცრემლმდენი გაზი სპეცრამმა გაუშვა. გარკვეულ მომენტში აქცია დაიშალა, თუმცა მალევე პარლამენტის წინ ხალხი ისევ შეგროვდა.ცრემლმდენი გაზის გაშვებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა.
რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო უკვე დატოვა. დღეს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და “ქართული ოცნების” წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას მოითხოვს. პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ.
დღესვე პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.
მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე. რუსი დეპუტატის ქცევა “ევროპული საქართველოს” წევრებმაც გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.
სწორედ რუსი დეპუტატების ვიზიტს მოჰყვა მოქალაქეების პროტესტი.