ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდი სრულად უჭერს მხარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.
„მსურს გითხრათ, რომ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდი სრულად უჭერს მხარს. მოგეხსენებათ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით მოხდა ახალ კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რომ ჩვენ საპარლამენტო დემოკრატიასთან ერთად 2024 წლიდან გვექნებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა უფრო მეტად განვითარებულიყვნენ საქართველოში პარტიები და მათი წარმომადგენლობა რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო საქართველოს პარლამენტში. ეს გადაწყვეტილება დაკორექტირდა და ვფიქრობ, ეს ბუნებრივია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რაც ვიხილე, რომ საქართველოში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ სურვილი, აიღონ პასუხისმგებლობა და საზოგადოებასაც აქვს ჯანსაღი განცდა, რომ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში გვჭირდება მეტი ახალი სახე.
ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არსებობენ პარტიები, რომლებსაც უფრო მეტი საშუალება უნდა ჰქონდეთ, ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში. ჩვენი ინიციატივა გულისხმობს, რომ მინიმალური ზღვარის გარეშე მოხდეს შემდეგი არჩევნების ჩატარება, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი პარტია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ფაქტობრივად, ნებისმიერი ადამიანის ხმა იყოს წარმოდგენილი, ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს მთავარ ხედვას, რომ საქართველო სრულფასოვნად უნდა ჩამოყალიბდეს საპარლამენტო დემოკრატიად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში დღეს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.