სოფელი ჩოჩხათი (ყოფილი ჩირგვეთი) ზღვის დონიდან 130 მეტრზე მდებარეობს. იგი აერთიანებს სოფლებს: გულიანი, კოკათი, მოედანი, ოკვანე, ჯიხანჯირი და ხორეთი. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია პირველი საუკუნიდან. ჩოჩხათის სამოურავო და შემდეგ სასოფლო საზოგადოება მაშინ მოიცავდა სოფლებს _ ჩოჩხათს, არჩეულს, ღრმაღელეს, გრიგოლეთს, მალთაყვას, სადგურ სუფსას.
ჩოჩხათის სამოურავოს მოურავები იყვნენ ნაკაშიძეები. მეგრულად “ჩოჩხ” ნიშნავს ცაცხვს _ შესაბამისად ჩოჩხათი აღნიშნავდა ცაცხვებით გაშენებულ ადგილს. მიუხედავად ამისა, სოფლის სახელწოდების შესახებ არსებობს ხალხური ლეგენდა. თქმულების თანახმად, სოფელში ყველაზე მაღალ მთაზე იყო ეკლესია, რომელშიც ესვენა ძვირფასი ქვებით და ოქროთი შემკული ღვთისმშობლის ხატი. ეკლესია ოსმალებს დაუნგრევიათ.
მოსახლეობამ ხატი სხვა ეკლესიაში დამალა. შემდგომი ლაშქრობის დროს ეს ეკლესიაც დაუნგრევია მტერს. ხატი ამჯერადაც გადამალეს და XIX საუკუნის შუა წლებამდე იყო თურმე ღვედის ეკლესიაში. ღვედის ეკლესია სიძველის გამო დაინგრა, ხატი კი დაიკარგა. ხატსა და სოფელს მჩოჩავი ხატი უწოდეს.
სოფლის სახელწოდებამ ცვლილება განიცადა: მჩოჩავი ხატი – ჩოჩხატი – ჩოჩხათი. ჩოჩხათში სამი ციხის ნაშთია: ნასტეფნარი, გორგაშაული და კიბულაი. ნასტეფნარი მაღალი გორაკია, რომელიც სოფელს აღმოსავლეთის მხრიდან გადასცქერის. მისი მწვერვალიდან კარგად მოჩანს კოლხეთის დაბლობი. ნასტეფნარის გორაკზე აღმოჩენილია ვერცხლის მონეტების განძი.
ის შედგება 334 თურქული ვერცხლის მონეტისაგან – ახჩისგან, რომლებიც XVI საუკუნეს განეკუთვნება. განძი დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში. ნასტეფნარის აღმოსავლეთით მდებარეობს გორგოშაულის ციხის ნაშთები. კიბულაის ციხის ნაშთები უფრო დიდია და შთამბეჭდავი. იგი შორიდანაც კარგად მოჩანს.
ცენტრალურ ნაწილში სიმაგრის წყლის რეზერვუარია შემორჩენილი. არქეოლოგიური დაზვერვებისას სამივე გორაკზე აღმოჩნდა ჩამოქცეული კედლის და დუღაბის გროვები, წითელკეციანი დიდი და მცირე კერამიკული ჭურჭლის სხვადასხვა სახით შემკული ფრაგმენტები ჩოჩხათში არის ხელოვნური გამოქვაბული. იგი გარედან ძნელად შესამჩნევია მცენარეთა საფარის გამო.
სიღრმეში იდგა მრგვალი ტრაპეზი, რაც ბერებისთვის საკურთხეველს წარმოადგენდა. იქ აღმოჩენილი ქვითკირის ნამტვრევები ადასტურებენ, რომ გამოქვაბული ორი ნაწილისგან _ სამლოცველოსა და მლოცველთა მოსაცდელისგან _ შედგებოდა. ლეგენდის თანახმად გამოქვაბულს ჰქონია ხის მოჩუქურთმებული შესასვლელი კარი, რომელიც ვიღაცას ჩამოუხსნია და სახლში წაუღია. ამის შემდეგ ქურდს თურმე სიზმრები არ ასვენებდა, ამიტომ კარი უკან დაუბრუნებია.
ნასტეფნარის აღმოსავლეთით მდებარეობს გორგოშაულის ციხის ნაშთები. კიბულაის ციხის ნაშთები უფრო დიდია და შთამბეჭდავი. იგი შორიდანაც კარგად მოჩანს. ცენტრალურ ნაწილში სიმაგრის წყლის რეზერვუარია შემორჩენილი. არქეოლოგიური დაზვერვებისას სამივე გორაკზე აღმოჩნდა ჩამოქცეული კედლის და დუღაბის გროვები, წითელკეციანი დიდი და მცირე კერამიკული ჭურჭლის სხვადასხვა სახით შემკული ფრაგმენტები.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პირველი სკოლა XIX საუკუნეში, სწორედ სოფელ ჩოჩხათში აშენდა.
ამ სკოლაში 1879-1885 წლებში ცნობილი ქართველი მწერალი ეგნატე ნინოშვილი ასწავლიდა.
1925 წელს სკოლა 7კლასიან სასწავლებლად გადაკეთდა, ხოლო 1938 წლიდან საშუალო სკოლა გახდა.