საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. თალაკვაძის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის თანამდებობაზე არჩევას მხარი დღევანდელ პლენარულ სესიაზე 94-მა დეპუტატმა დაუჭირა, არც ერთი წინააღმდეგი. რეგისტრაცია პარლამენტის 101-მა წევრმა გაიარა.
კენჭისყრას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ ესწრებოდნენ.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე შეცვალა, რომელმაც აღნიშნული პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო. 2014 -2016 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2012-2014 წლებში კი, იყო სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე.