ნიკა მელიასთვის წარდგენილ ბრალს შალვა შავგულიძე ეხმაურება. “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი აცხადებს, რომ ხელისუფლება აგონიაშია და ცდილობს, მის მიერ ჩადენილი დანაშაული გადააბრალოს მშვიდობიან მომიტინგეებს. მისივე თქმით, არავითარ დანაშაულებრივ ნიშნებს ნიკა მელიას ქმედება 20 ივნისს არ შეიცავდა. შალვა შავგულიძის განცხადებით, ერთის მხრივ, ხელისუფლება ცდილობს, თავისი დანაშაული სხვას გადააბრალოს და, მეორე მხრივ, ეს არის მოქალაქეების დაშინების მცდელობა.
„ეს არის, ფაქტობრივად, აგონიაში მყოფი ხელისუფლების მცდელობა, რომ მშვიდობიან მომიტინგეებს გადააბრალოს ის დანაშაული, რომელიც ამ მომიტინგეების წინააღმდეგ ჩაიდინა რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად. არავითარი დანაშაულის შემადგენლობა არც ნიკა მელიას მოქმედებაში, არც ერთი სხვა ოპოზიციონერის მოქმედებაში, არც ერთი იმ აქციაში მონაწილის მოქმედებაში არ ყოფილა.
იმ დღეს თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა მშვიდობიანი მიტინგის, მე ვერ ვიტყვი დარბევა, ეს იყო დახვრეტა და სადამსჯელო ოპერაცია მიტინგის წინააღმდეგ, ეს იყო ხელისუფლება და ცდილობენ, ახლა თავად ამ აქციის მონაწილეებს დააბრალონ და ეს ძალიან ჰგავს 9 აპრილის მდგომარეობას მაშინ, როდესაც აი, აქ 9 აპრილს ჩადენილ დანაშაულს და მშვიდობიანი მომიტინგეების მკვლელობების დაბრალებას ცდილობდნენ თავად მომიტინგეებზე, მაგრამ მაშინ საბჭოთა ხელისუფლებას დასჭირდა რუსი გენერალი როდიონოვი, რომ ასეთი სადამსჯელო ოპერაცია განხორციელებულიყო. სამწუხაროდ, ეს ოპერაცია განახორციელა საქართველოს შს მინისტრმა და, სამწუხაროდ, გამოიყენა ქართული პოლიციის რამდენიმე უღირსი პოლიციელი,“ – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
შალვა შავგილიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას მოუწევს, გადააყენოს გიორგი გახარია, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული.
rustavi2.ge