სიამაყე! – ნიკა მელიას განცხადებით, მას სწორედ ეს განცდა ჰქონდა, როდესაც პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგი მოისმინა და გაიგო, რომ მას ბრალი წაუყენეს. განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა. სავარაუდოდ, ეს არის უკანასკნელი ინტერვიუ “არჩევანში”, სანამ მას დაიჭერენ, რადგან ხვალ დილით პარლამენტი მისთვის მანდატის შეჩერების საკითხს განიხილავს. ნიკა მელია აცხადებს, რომ რადგან მას აკავებენ ე.ი. სწორ ნაბიჯებს დგამს.
„სწორედ მიცხოვრია ე.ი. უკანასკნელი წლების განმავლობაში თუ შენ საქმე ბიძინა ივანიშვილის, გაიხადე თავი შენს დასაჭერად. არასწორად ცხოვრობ მაშინ, როდესაც ივანიშვილი მინისტრად ნიშნავს საკუთარ კომპანიაში და არა მთავრობაში. ადამიანი, რომელიც არის აცახცახებული, შეშინებული. ოლიგარქი რომ კითხო, მილიარდერი რომ კითხო ქვეყანას მართავს. მაგრამ რეალურად არის წარმოუდგენლად აკანკალებული,“-განაცხადა ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილს საკუთარ სასახლეში სპეცრაზმელებთან ერთად სძინავს.
ნიკა მელია პარალელს 9 აპრილთან ავლებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დღეს იყენებს იგივე რიტორიკას, რასაც მაშინ კომპარტია.
„თაობებს სიცოცხლე დაუთმიათ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაზე რუსეთის დროშას არ ეფრიალია და ეს ააფრიალა ბიძინა ივანიშვილმა გავრილოვის სახით. ამის შემდეგ ის მოხდა, რაც მოხდა და ბუნებრივი რეაქცია გამოიწვია. ერთი-ერთში იგივეს იძახდა კომპარტია და კომპარტიის მედია მაშინ. მთავარი მესიჯბოქსი, რა იყო 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც ნიჩბებით დაუჩეხეს თავები საქართველოს მოქალაქეებს. თითქოს, მაშინდელმა ლიდერებმა ბოროტად გამოიყენეს ახალგაზრდების ენერგია, ემოცია, შექმნეს ისტერიული პოლიტიკური ვითარება და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით საზოგადოებრივი ატმოსფერო დაძაბეს და მოხდა ის, რაც მოხდა,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას განცხადებით, ის 20 ივნისის ღამეს სხდომათა დარბაზში იყო და ამბობდა, რომ ის არ აპირებდა გარეთ გასვლას, როცა პარლამენტიდან გამოაგდეს ჟურნალისტებთან ერთად. სწორედ ასე მოხვდა, მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან.
„იქვე გასცეს ბრძანება ჩემი დაკავების, მაგრამ იქ იმდენი ხალხი იყო, ვერ დამაკავეს. რომ ჩავედი ტრიბუნასთან მივედი და მივმართე მე ხალხს ის, რაც მივმართე და ჩემი ვალი იყო, ეს გამეკეთებინა და ათასჯერ გავაკეთებ იგივეს. დიახაც, როცა რუსეთის დროშა ფრიალებს აქ და ათი საათია გასული და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადება არ გაუკეთებია თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით და აბუჩად აგვიგდეს და მერე გავიგეთ, რომ თურმე ჩაერთო ტვ იმედს, რომელიც საოცრებებს ლაპარაკობდა, განცხადება გააკეთა იქ, რომ პროტოკოლის სამსახურის ბრალეულობა არისო. მოხდა ის, რაც მოხდა. განცხადება, რომელიც მე გავაკეთე, ამის შემდეგ ორი საათის განმავლობაში იქით ვაჩერებდით უამრავ ადამიანს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, მისი განცხადების გაკეთებიდან 2 საათში მასთან შუამავლად მივიდა ცნობილი პოლიტიკოსი პალიკო კუბლაშვილი, რომელმაც უთხრა, რომ გახარიას და ბახტაძეს უნდა მასთან შეხვედრა. ნიკა მელიას თქმით, გადაწყდა, რომ ის რამდენიმე ლიდერთან ერთად შევიდოდა მოლაპარაკებაზე, რისი წინააღმდეგიც აქციის მონაწილეები იყვნენ. შესაბამისად, მათ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე.
ნიკა მელიას განცხადებით, მალევე ამ შეთავაზებიდან სპეცრაზმმა გახსნა ღია ცეცხლი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
„ეს ადამიანი შუამავალი იყო პალიკო კუბლაშვილი. პალიკო კუბლაშვილი, რომელიც იმ დროს აღმოჩნდა პარლამენტის შენობაში, როდესაც ჩვენ გვარბევდნენ გახარიასთან ერთად. ეს ადამიანი იცით, რომ იყო ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრი და დღეს არის “ქართულ ოცნებაში”. ვალდებულია ის ადამიანი გამოვიდეს და ისაუბროს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
წყარო: რუსთავი2