ვინც კანონს გადაცდება, რასაც იმ ღამეს მელია და გარკვეული ხალხი აპირებდნენ, ყველას მოეთხოვება, ეს ვიქნები მე, თქვენ, ლომია, მელია, თუ სხვა, დანარჩენი სასამართლოს საკითხია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
როგორც ქანთარიამ აღნიშნა, შექმნილ ვითარებაში ძალიან პრინციპული საკითხი იყო და გუნდი ერთსულოვანი უნდა ყოფილიყო.
„რაც შეეხება ჩვენი გუნდის წევრების გადაწყვეტილებას, ეს მათ უნდა ახსნან, ეს არ იყო ჩვეულებრივი კანონპროექტი, რომ მხარი დაეჭირათ, ან არა. შექმნილ ვითარებაში ეს ძალიან პრინციპული საკითხი იყო, გუნდი ერთსულოვანი უნდა ყოფილიყო. ან აქეთ, ან მდინარის – იქით. არავის არაფერს ვედავები, ეს საკითხი პრინციპული იყო და წინასწარ შეთანხმებაც იყო, რომ თუ ასეთი საკითხი შემოვიდოდა, ერთად უჭერდით მხარს, ან ერთად არ ვუჭერდით. ასეთ დროს დაქსაქსვა მიუღებელია. ალბათ, ამ საკითხზე მსჯელობა იქნება. ეს არის პოლიტიკა და პარლამენტი. პარლამენტი ან მონასტერი, ორი გზაა. ალბათ, ნაწილი მონასტერში უნდა წავიდეს, ნაწილი პარლამენტში უნდა დარჩეს. თუ ეს მელია იყო და ორეული არ ჰყავს, მაშინ მისი ქცევა გამოძიებას ექვემდებარება, დანარჩენი სასამართლოს საქმეა. ხალხს რომ ვუთხრა, აბა, წამოდით, შევანგრიოთ, რას ნიშნავს, საქეიფოდ ვეპატიჟები, რესტორანში, კონცერტზე თუ სად? არ მგონია, რომ ეს მარტო მელია იყო. მელია გაუშვეს წინა პლანზე“, – განაცხადა ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს მიმართა.
ამასთან, საქართველოს პარლამენტმა გუშინ თანხმობა განაცხადა, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, რომელსაც საქართველოს პირველი არხი გაეცნო, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის მომხრე იყო 91 დეპუტატი, სამმა დეპუტატმა, მათ შორის ორმა უმრავლესობიდან კი, მხარი არ დაუჭირა.