ინფექციების მხრივ ძალიან მშვიდი სეზონი გვაქვს – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ინფექციების მხრივ ძალიან მშვიდი სეზონი გვაქვს. არაფერი გართულება არ არის, რაც გვაქვს, ისიც მოსალოდნელი არის ხოლმე ზაფხულის ამ პერიოდში. პრაქტიკულად, ცოტაა ზაფხულისთვის დამახასიათებელი დაავადებები. წითელას მხრივ სიმშვიდეა, რამდენიმე შემთხვევა აღინიშნება სულ კვირის განმავლობაში. ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, რადგან მაღალი ალბათობით, შესაძლებელია, წითელა შემოდგომაზე ისევ შემობრუნდეს. მთავარი რეკომენდაცია წითელაზე კვლავ რჩება და 20-დან 40 წლამდე პირებს კიდევ ერთხელ ვურჩევთ, რომ აიცრან. ასევე, განსაკუთრებით ბუნებაში გასვლის დროს, უნდა მოვერიდოთ მწერებს, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა დაავადების გადატანა. ძირითადად ასეთი დამოკიდებულება არის ტკიპებზე. კბენის ფაქტები ბევრია, მაგრამ ყველა ტკიპა არ არის დაავადების გადამტანი. წელს გაზაფხულზე იყო ყირიმ-კონგოს ორი შემთხვევა და იმის მერე არ გვქონია, არის ლაიმის დაავადების, ბოლერიოზის რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ არაფრითაა გამორჩეული წინა წლების სიტუაციასთან შედარებით. მთავარია, გამოვიყენოთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – დამაფრთხობლები ანუ რეპელენტები, რომელიც შეიძლება წავისვათ როგორც ღია ადგილებზე, ისე – ტანსაცმელზეც”, – აღნიშნა იმნაძემ.
მისივე თქმით, მდგომარეობა წყნარია იქაც, სადაც მწერების სიმრავლე იყო – შავი ზღვისპირეთსა და კახეთში.
“რაც შეეხება შავი ზღვისპირეთს, მწერების საწინააღმდეგო დამუშავების პირველი ეტაპი საკურორტო ზონაში დამთავრდა, მეორე ეტაპი კი მალე დაიწყება, მწერების საწინააღმდეგო საშუალება უკვე ყველას დარიგებული აქვს და შეიძლება ფართოდ იქნას გამოყენებული ისე, რომ ბუნებას ზიანი არ მივაყენოთ. შეიძლება ითქვას, რომ შავი ზღვისპირეთში კოღოების პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, ისინი იმ რაოდენობით არ არის, როგორიც შეიძლება იყოს ამ სეზონზე. ასევე, სხვა ადგილებში, განსაკუთრებით კახეთში, წყალდიდობების მერე იყო კოღოების დიდი რაოდენობა და იქაც დამატებით გაეგზავნათ მწერების საწინააღმდეგო საშუალებები. ასე რომ, ზაფხული წყნარი, მშვიდია და ინფექციებისგან დაცულები ვართ. ეს მწერების მიერ გადატანილის გარდა ეხება სხვა ინფექციებსაც, მოგეხსენებათ, ზაფხული კუჭ-ნაწლავის, ნაწლავების ინფექციების სეზონია და ამ მხრივაც ქვეყანაში ძალიან მშვიდი მდგომარეობააა, არავითარი გართულება არ ყოფილა და არც ველოდებით. წყლის დალევა არ შეიძლება წყალსატევებიდან და ასევე განსაკუთრებით ყურადსაღებია პატარა, დამდგარ წყალსატევებში ბანაობა, რა დროსაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაც შეეხება დიდ წყალსატევებს, ზღვას, ტბას, აქ არავითარი საშიშროება არ არის. კვებასთან დაკავშირებით ძირითადი რეკომენდაციაა, რომ სიცხის დროს, მაგალითად მწვანილზე შეიძლება, 1-2 მირკობი იყოს და მათ გამო არაფერი მოგვივა, მაგრამ იგივე მწვანილი თუ მოხვდება სალათებში, შეიძლება ეს სუფრის ბოლოს, დაახლოებით 2 საათის შემდეგ პრობლემა გახდეს, რადგან მიკრობები გამრავლდება. ასევე, სალათები უნდა ინახებოდეს მაცივარში და კიდევ უფრო კარგია, თუ არაჟნით ან მაიონეზით უშუალოდ სუფრაზე გატანამდე გავაწყობთ. სალათები კარგია, ოღონდ რძის პროდუქტების, მაიონეზისა და არაჟნის გარეშე”, – განაცხადა იმნაძემ.