მსოფლიოში ყავის გავრცელების ისტორია დანაშაულებისა და ღალატის ჩამონათვალისგან შედგება.
ჰოლანდიელებმა ყავის მარცვლეულით სავსე ტომარა არაბ ვაჭრებს მოჰპარეს და თავის კოლონიებში, სამხრეთ ამერიკის კუნძულებზე ჩაიტანეს. ფრანგებმა, თავის მხრივ, ყავის რამდენიმე მარცვალი ჰოლანდიელებს მოჰპარეს და მისი მოყვანა საფრანგეთის კოლონიურ კუნძულებზე დაიწყეს. ამ ქვეყნებს, რა თქმა უნდა, არ სურდათ ყავაზე თავიანთი მონოპოლია ვინმესთვის დაეთმოთ, ამიტომ მარცვლებით დატვირთულ ტრანსპორტს განსაკუთრებით იცავდნენ.
ასე გაგრძელდა 1727 წლამდე, სანამ ჰოლანდია და საფრანგეთი სამხრეთ ამერიკის კოლონიების გამო ომის ზღვარზე არ აღმოჩნდნენ. მათ შორის საქმის მოგვარებას ბრაზილიის ხელისუფლება შეეცადა და დავა საფრანგეთის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
ამ გადაწყვეტილებაში დიდი როლი საფრანგეთის გუბერნატორის მზეთუნახავმა ცოლმა ითამაშა. მას რომანი ჰქონდა ბრაზილიელ მაღალჩინოსან მელუ პალეტესთან.
ბრაზილიის ხელისუფლებამ პალეტე სამშობლოში გაიწვია. გუბერნატორის ცოლს შეეშინდა, რომ ბრაზილიაში პალეტეს დასჯიდნენ და თან ყავის მარცვლები გაატანა – თუ სამსახურიდან დაგითხოვენ, ყავის წარმოება დაიწყეო.
ქალმა ყავის მარცვლები თაიგულში დამალა და ისე მიართვა „მიჯნურს“ ოფიციალური გამომშვიდობების დროს.
ბრაზილიაში დაბრუნებულმა პალეტემ ყავა თავის უფროსებს მიართვა, შეწყალებაც მიიღო და ეროვნული გმირიც გახდა. ბრაზილია კი მალე ყავის მწარმოებელ მონოპოლისტ სახელმწიფოდ გადაიქცა.