მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები კარვის გაშლაში დაეხმარნენ. პარლამენტის შენობის წინ ანტისაოკუპაციო აქციაზე, გადაცემა სახელწოდებით “სირცხვილია” მიმდინარეობს. დღევანდელი გადაცემის თემა მალხაზ მაჩალიკაშვილის გარშემო მომხდარი მოვლენებია.
ბექა ბასილაიამ სამართლებრივი შეფასება გააკეთა პანკისში, თემირლან მაჩალიკაშვილის სპეცოპერაციაზე.
ასევე, გადაცემის მთავარი სტუმარია მალხაზ მაჩალიკაშვილი, მეორე ბლოკში კი რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია ისაუბრებს თბილისი პრაიდზე და პანკისის სპეცოპერაციაზე.
2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი – შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია.
ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.
სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ.