ფაქტია, რომ უკვე წლებია, ქალაქ ლანჩხუთში არსებული ხელოვნურსაფარიანი მინი-სტადიონების მდგომარეობა საკმაოდ სავალალოა. მიუხედავად იმისა, რომ მათი მოწესრიგების საკითხი არაერთხელ წამოუწევიათ წინა პლანზე, რიგ დეპუტატებს ჯერ კიდევ წინა და იმისწინანდელ საკრებულოში, სამწუხაროდ, აქამდე არაფერი გაკეთებულა ამ მხრივ.
ამ ჯერზე ლანჩხუთის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქში მდებარე სამივე ხელოვნურსაფარიანი სტადიონის პროექტი მზადაა და სამუშაოების დასაწყებად დაფინანსებას ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთში სტადიონების პრობლემის მოგვარება ჯერ კიდევ 2015 წელს იგეგმებოდა და შესაბამისი პროექტიც გამზადებული იყო. მაშინ კეთდებოდა იმედის მომცემი განცხადებები, რომ საკითხი ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაში მოხვდებოდა და 2015 წელს ჟორდანიას სახელობის სტადიონის სრული რეაბილიტაცია მაინც გახორციელდებოდა. თუმცა, მოლოდინმა არ გაამართლა.
მოლოდინმა არც 2016 წელს გაამართლა, არადა მაშინდელმა გამგებელმა ხელოვნურსაფარიანი მინი-სტადიონების უშუალო მონახულების შემდეგ მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდიდან დააანონსა, ჟორდანიასა და დუნდუას სახელობის სტადიონებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გახორციელება.
დამაიმედებელი პროგნოზი ლანჩხუთის მერიაში გასულ წელსაც გაკეთდა, რომ სტადიონებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გახორციელება 2018 წელს დაიწყება. თუმცა, მაშინ ვერ აკონკრეტებდნენ, რა ღირებულების იქნებოდა პროექტი და პირველად რომელი სტადიონის რეაბილიტაცია მოხდებოდა.