“რასაც ვუყურებ, არხი მუშაობას ისე აგრძელებს, როგორც აქამდე მუშაობდა. არხის მუშაობას რაიმე სხვაობას ვერ ვატყობ”, _ ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჩუგოშვილის თქმით, ჟურნალისტებისა და მენეჯმენტის გადასაწყვეტია, როგორი სახის ტელევიზიას ჩამოაყალიბებენ.
“გამიხარდებოდა, ეს არხი უფრო ობიექტური და მიუკერძოებელი ყოფილიყო, მაგრამ როგორც საჭიროდ მიიჩნევენ, ისე საქმიანობენ. მგონი, ცვლილებები, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან განხორციელდა, „რუსთავი 2“-ის მაუწყებლობაზე არ ასახულა. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ მაუწყებლობასთან დაკავშირებით არხის მფლობელი, მენეჯმენტი და ჟურნალისტები, მათი საქმეა. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ყალბი ინფორმაციის ნაცვლად, ობიექტური მაუწყებლობა ჩამოაყალიბონ, მათი საქმეა. ამ პროცესში ვერ ჩავერევი. ეს ჟურნალისტებისა და მენეჯმენტის გადასაწყვეტია. „რუსთავი 2“-ის მიმართ ერთი პრეტენზია მაქვს, როცა მე და ჩემი კოლეგები ყალბი ინფორმაციის, ცილისწამების ობიექტები გავმხდარვართ, ეს არავის არ მოსწონს, მეც მათ შორის, _ განაცხადა ჩუგოშვილმა.