ლისის ტბის საქმე ევროსასამართლოში მიდის. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა და რამაზ ახვლედიანის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ლისის ტბა მამუკა ხაზარაძის კომპანია „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ საკუთრებაში აღიარა და რამაზ ახვლედიანის სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ დააკმაყოფილა.
თუმცა, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლომ გადაწყვეტილება რამაზ ახვლედიანის წინააღმდეგ მიიღო, რადგან საჩივრის შეტანა კანონით დადგენილ ვადაში მოხდა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის განცხადებით, საქმე არ ატარებს დამოუკიდებელი მოსამართლეების ხელწერას და პოლიტიკური მოვლენების ერთგვარ კონტექსტში ექცევა და შეგნებულად, მსჯელობის არაერთ მონაკვეთში მამუკა ხაზარაძის ხსენებასაც გაურბიან და იყენებენ ტერმინს „ბიზნესპარტნიორს“.
როგორც რამაზ ახვლედიანი აცხადებს, ის სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
„აქამდე ჩემი მიზანი იყო დამემტკიცებინა და სახელმწიფოს ეღიარებინა, რომ მე ვარ ქონება ჩამორთმეული ადამიანი. გავაგრძელებ ბრძოლას, რომ მივიღო შედეგი, რომ მე ვარ ქონება ჩამორთმეული ადამიანი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილებები კანონთან და ზნეობასთან შესაბამისობაში მიიღონ. სამარცხვინოა, თუ კიდევ არსებობენ სასამართლოში ასეთი ადამიანები“,_აცხადებს რამაზ ახვლედიანი.
საზოგადოებისთვის საყოველთაოდ ცნობილია, რომ რამაზ ახვლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა – ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა.
„გურია ნიუსი“ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებას და მისგან კითხვებზე პასუხის მიღებას ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ.
მამუკა ხაზარაძისგან ვითხოვდით ეპასუხა კითხვებზე: მიადგა თუ არა წინა ხელისუფლებისგან ზიანი სს „ლისის ტბას“ და შეფასებულია თუ არა ეს ზიანი; მას, როგორც რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია, რომ მის მიმართ საგამოძიებო უწყებების მხრიდან (ფინანსური პოლიცია) ხორციელდებოდა სისტამატური შეტყობინებები და ხელისუფლება მოითხოვდა რამაზ ახვლედიანისგან ქონების დათმობას; რამაზ ახვლედიანის მიერ წილის დათმობის შემდეგ, მიიღო თუ არა კონკრეტულად ხაზარაძემ, როგორც მისმა ბიზნეპარტნიორმა ზარალი და შეფასებულია თუ არა ის? ასევე, რა ოდენობის ინვესტიცია ჰქონდა მას ჩადებული ლისის ტბის განვითარებაში რამაზ ახვლედიანის მიერ ქონების დათმობის მომენტისთვის.
ამ და სხვა კითხვებზე მამუკა ხაზარაძისგან პასუხი ვერ მივიღეთ. რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ „თი ბი სი ბანკის“ მედიასთან ურთიერთობის სამსახურიდან გვაცნობეს, რომ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ლისი ლეიქ დეველოპმენტს“ უნდა დავკავშირებოდით, თუმცა, პასუხები არც „ლისი ლეიქ დეველოპმენტიდან“ მიგვიღია.
ცნობისთვის: რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, იმ საფუძვლით, რომ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, არსებითი განხილვისთვის მიიღო. მართალია, მიღებული გადაწყვეტილება 2019 წლის 16 მაისის თარიღით სახელდება, თუმცა მხარემ 2019 წლის 23 ივლისს ჩაიბარა. საქმე საქართველოს უზენაესს სასამართლოში 2018 წლის მაისში გასაჩივრდა. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა: მაია ვაჩაძემ (თავმჯდომარე), ნუგზარ სხირტლაძემ და ვასილ როინიშვილმა მიიღეს.