ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვისას სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ყოველთვიურ კომპენსაციას მიიღებენ. ინფორმაცია „მწვანე ალტერნატივას“ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივას“ საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე მომზადდა.
„კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N 4500-IIს) დაზარალებულთა ოჯახებისთვის ყოველთვიურ, 1000-ლარიან კომპენსაციას ითვალისწინებს. ის გადაეცემა მათ ოჯახებს, ვინც სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის, ან კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის დროს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ან ამ დროს მიღებული დაზიანებით დაიღუპა. კომპენსაცია ვრცელდება კანონის ამოქმედებამდე მომხდარ შემთხვევებზეც“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კანონპროექტის დამტკიცებას 2 წელზე მეტი დასჭირდა. ის საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 2019 წლის 17 აპრილს დაამტკიცა. დაგვიანების ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანება იყო.