„ქართული ოცნება”, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ხაზინის ნაძარცვ მილიონებს ხარჯავენ არჩევნებში, მე დედაჩემის პენსიით ვაპირებ არჩევნების ჩატარებას – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.
„ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მედიის, ასევე ფინანსების მარეგულირებელ წესებში უნდა იყოს შემოღებული ზედა ზღვარი. აუცილებელია, პოლიტიკურ პარტიებს საშუალება გვქონდეს, ვიდებატოთ ეთერებში და დაახლოებით თანასწორი საშუალება გვქონდეს, რომ ჩვენი კამპანია დავაფინანსოთ. დღეს სამ პარტიას: „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ დაგროვებული აქვთ ხაზინის ნაძარცვი ათეულობით მილიონი, რომელსაც ხარჯავენ არჩევნებში, მე დედაჩემის პენსიით ვაპირებ არჩევნების ჩატარებას, რაც არ არის თანასწორობა“, – განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა.
მას მიაჩნია, რომ ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს და საქართველოს პირობებში, ეს შეიძლება მილიონი ლარი იყოს.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვითარება გვექნება, რაც დღესაა. ვინც კი მევახშე, ბანკირი, რეკეტიორიდა გამომძიებელი იყო, პარტიას ქმნის. ხაზარაძისა და კეზერაშვილის იდეებით რომ არ არის მოხიბლული ამომრჩეველი, იცით, მაგრამ ისინი იმ იმედით არიან, რომ ყულაბას დადგამენ და დაიწყებენ ამომრჩევლის მოსყიდვას“, – აღნიშნა კუკავამ.
მისი თქმით, ამას ნებისმიერი დემოკრატია კრძალავს.
„მხარს ვუჭერთ იმას, რომ საქართველოშიც ეს შეზღუდვები დაწესდეს. ტელევიზიებს ვალდებულება უნდა ჰქონდეთ, დებატებში მოიწვიონ ყველა კვალიფიციური პარტია და არა მისი პირის გემოთი, ვიღაცას ერთი მოსწონს, ვიღაცას მეორე. დებატები რომ იმართება, ყველას იწვევენ და არა იმის მიხედვით, წამყვანს ვინ მოსწონს“, – განაცხადა კახა კუკავამ.