ახლო წარსულში პოპულარული ინგლისელი ფეხბურთელი პოლ გესქოინის სახელი კარგად არის ცნობილი სპორტის თაყვანისმცემლებისათვის. ეს არაორდინალური მოთამაშე ცნობილი იყო საკუთარი ორიგინალური გამოხდომებით, როგორც უშუალოდ საფეხბურთო მატჩების დროს, ასევე პირად ცხოვრებაშიც.
მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო კარიერა უკვე დაასრულა, სხვადასხვა ბრიტანული “ყვითელი პრესის” ფურცლებზე დღესაც არაერთხელ ხვდება. რამდენიმე ხნის წინ, ინგლისელმა ჟურნალისტებმა მისი “თავგადასავლებისა” და გამონათქვამების ერთგვარი კრებული შეადგინეს და პატარა ბროშურად გამოსცეს. გთავაზობთ ამ “თხზულებიდან” ამოკრეფილ რამდენიმე “მარგალიტს”.
1. გაზა და მისი განუყრელი ძმაკაცი, მეტსახელად “ფაივ ბელისი” რესტორანში სადილობდნენ. ერთ მომენტში “ბელისმა” მაგიდა დატოვა, რითაც მისმა ძმაკაცმა უმალ ისარგებლა და ხორცის რულეტი კატის განავალით გამოუტენა.
2. ოპერაციის წინ ექთანმა ეროვნება ჰკითხა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო – რა ეროვნებაზეა ლაპარაკი, მე ინგლისის ეკლესია ვარ.
3. ინგლისის ნაკრების თავკაცმა, ბობი რობსონმა, ერთ-ერთ ვარჯიშზე გაზას “იდიოტური ბუჩქი” უწოდა. მეორე დღეს “ბუჩქი” ბაზაზე წინდებში ტოტებგარჭობილი გამოცხადდა.
4. “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველს, პოლ ლეიკს, უზარმაზარი ყურები ჰქონდა, რაც, რაღა თქმა უნდა, გაზას არ გამორჩენია. “სიტისთან” შეხვედრებისას, როგორც კი მომენტი ჩაუვარდებოდა, საკუთარ ყურებს იწელავდა და საცოდავ ლეიკს ეჭყანებოდა.
5. “რეინჯერსის” ლიდერი, ალი მაკოისტი, ღამის ხუთ საათზე გაბმულმა სატელეფონო ზარმა გააღვიძა. ყურმილში გაისმა – “ პოლი ვარ, ვერაფრით დავიძინე და ბილიარდი ხომ არ გვეთამაშა?”
6. იტალია–90-ზე ინგლისისა და ბელგიის ნაკრებების შეხვედრისას ფეხნატკენი ენცო შიფო მინდორზე გაწვა. გესქოინს ეგონა, რომ ბელგიელი აფერისტობდა, მიუახლოვდა, ენა გადმოაგდო და ცალ ფეხზე ხტუნაობა დაიწყო.
7. ახალ ზელანდიაში ყოფნისას, სასტუმროს პერსონალს იმიტომ ეჩხუბა, რომ საუზმეზე ბეკონი არ მიართვეს. “რა არის, ამ ქვეყანაში ყველანი ცხვრები ხართ და სისხლიანი ბეკონი არა გაქვთ?” – იკითხა მან.
8. “ლაციო” “სამპდორიას” ხვდებოდა. მსაჯმა გაზა გააგდო, მან კი სათითაოდ ჩამოუარა გენუელ ფეხბურთელებს და ხელი ჩამოართვა.
9. დანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დანიურად ისაუბრებდა. როდესაც მიკროფონთან მიიწვიეს, შვედურად დაიწყო ლაპარაკი.
10. მშვენიერ ხასიათზე მყოფი გაზა მანქანას ლონდონისკენ მიაქროლებდა. ამ დროს ზედ გზაზე პნევმატური ბურღით მომუშავე ადამიანი შენიშნა და დაამუხრუჭა კიდეც. გაზას მოთხოვნა ერთადერთი და ბუნებრივი იყო – გაეტარებინათ. მუშაკაცმა იცნო ვარსკვლავი, პატივისცემის ნიშნად ბურღი გამორთო და მთელი თავისი ავლადიდება გზიდან მოაშორა, რაზეც დაახლოებით 15 წუთი დაეხარჯა. კმაყოფილი გაზა მანქანაში ჩახტა, ტროტუარზე შეაგდო და იმ მონაკვეთს მაინც გვერდი აუქცია.
11. ერთ-ერთი შოტლანდიური სასტუმროს ბინადრები პირდაღებულნი უყურებდნენ, თუ როგორ დააქროლებდა გესქოინი უზარმაზარ ჯიპს გოლფის მოედანზე.
12. გაზას სიგიჟეებს ვერც მსაჯები არიდებდნენ თავს. ერთხელ, არბიტრმა წესების დარღვევა დააფიქსირა და თავისუფალი დარტყმის ნიშნად ხელი აღმართა. ამ დროს გაზაც გამოჩნდა და იღლიაში გულიანად უსუნა.