“არსებობს ერთი კაცი, ორი პარტიით” _ ეს კომენტარი პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არგუმენტი იმ ცვლილებებზე გააკეთა, რომელიც წინასაარჩევნოდ ბლოკების შექმნის აკრძალვას ეხება. ირაკლი კობახიძის და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრის განმარტებით, აუცილებელია ბლოკები დასრულდეს, რადგან სწორედ ბლოკების არსებობაა ფორმალურად პარტიების არსებობის მიზეზი.
კობახიძის თქმით, საქართველოში 19 კვალიფიციური პარტიაა, თუმცა, აქედან შინაარსობრივად კვალიფიციური პარტია მხოლოდ 5-6. საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ არის ერთკაციანი და ორკაციანი პარტიები, რაც მავნე პრაქტიკაა.
მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ასევე უპასუხა ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც ცენზურის დაწესებას ეხება. კობახიძე ამბობს, რომ სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის შეზღუდვის მოთხოვნა ოდირის რეკომენდაციებშია გაწერილი და ეს ცვლილებების პროექტშიც აისახა.
„იყო ოდირის რეკომენდაციები, რომ უნდა მოწესრიგებულიყო მათ შორის სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის საკითხები. ეს არის ოდირის რეკომენდაციები, რომელიც აისახა კანონპროექტში. გაუგებარია, რა კუთხით არის საუბარი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, არსებობს კონვენციური განმარტებები სიძულვილის ენის და ქსენოფობიის, ასევე ვთქვით, რომ ჩვენ მზად ვართ კონკრეტულ საკანონმდებლო აქტში ავსახოთ ის განმარტებები, რომლებიც იქნება შესაბამისი კონვენციურ განმარტებებთან,”-განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ გასულმა არჩევნებმა აჩვენა რამდენად ხშირად იყენებდა ოპოზიცია სიძულვილის ენას საეთერო დროის ხარჯზე.
“ნაცვლად პარტიული პროპაგანდისა, როგორ ეწეოდნენ სიძულვილის ენის პროპაგანდას. სწორედ აქედან გამომდინარე ხდება ისეთი რეგულაციების შეტანა კანონმდებლობაში, რომ იყოს შესაბამისად დაცული ეს საკითხი. საარჩევნო პროცესი დაემსგავსოს საარჩევნო პროცესს და იყოს პოზიტიური საარჩევნო რეკლამა,“-ამბობს მათიკაშვილი.