EURONEWS-ის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ევროპაში ღორის ცხელებას ებრძვიან.
რუმინეთში ღორის ცხელების 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბულგარეთში კი შემთხვევების შემცირების მიზნით, 120 000-ზე მეტი ღორი დაკლეს.
ცხოველთა ჯანმრთელობის ექსპერტები შეშინებულები არიან, რომ შეიძლება კონტინენტზე ღორის ხორცის ინდუსტრია განადგურდეს.
ორივე ქვეყანა დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ზომებს იღებენ. ათასობით ღორი მოკლეს, თუმცა, ფერმერების ნაწილი ღორების მოკვლისგან თავს იკავებს, რადგან ბევრ მათგანს არა დაინფიცირებული ცხოველის მოკვლა არ სურს.
ორივე ქვეყანა ევროკავშირის უღარიბესი წევრია და ხელისუფლებები გამოწვევის წინაშე დგანან, რომ ფერმერებს პრევენციული ზომები მიაღებინონ.
ბოლო 2 კვირის განმავლობაში შავი ზღვის ქვეყანაში მეცხოველეობის 6 მეურნეობაში 130 000 ღორი მოკლეს, ხოლო განუკურნელი დაავადების 30 შემთხვევა გამოვლინდა.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა გადაუხდის ღორების იმ მფლობელებს, რომლებიც ღორის ცხელებასთან ბრძოლის მიზნით, ცხოველებს თვითონ დახოცავს.
გასულ წელს ვირუსი აზიაში იყო გავრცელებული, ბოლო 5 წლის განმავლობაში კი ევროპაში მრავალი შემთხვევა გამოვლინდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ღორებისთვის ფატალურია, ადამიანის ჯანმრთელობისთვის მას ზიანის მოყენება არ შეუძლია.
ევროკომისიამ ბულგარეთი, პოლონეთი და ლიტვა მაღალი რისკის შემცველ ტერიტორიებად დაასახელა.
საბერძნეთმა საზღვარზე შემოწმება გააძლიერა და ღორის ხორცის იმპორტი ბულგარეთიდან აკრძალა.
რუმინეთში ღორის ხორცის მწარმოებლები ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ სრულად ვერ განახორციელეს პრევენციული ზომები.
დასავლეთ ევროპაში ჯერ ღორის ცხელების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.