უკვე ლეგენდად ქცეული ბრიტანელი მომღერალი ჯესი ჯეი (ჯესიკა ელენ კორნიში) 6 აგვისტოს, შეკვეთილში, „ბლექ სი არენას“ სცენაზე უამრავი მაყურებლის წინაშე წარსდგა. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა ონლაინ ბილეთი წინასწარ გაიყიდა და დარბაზი მაყურებელს ძლივს იტევდა, რომელთა დიდი უმრავლესობა ახალგაზრდობა იყო.
ჯესი ჯეის მიერ შესრულებულ სიმღერებიდან, მიუხედავად თითოეული სიმღერის დასრულებისას გამოხატული არაერთი ოვაციისა, დარბაზმა მაინც გამორჩეული ემოციურობით მიიღო ჯესის მიერ ადრე გარდაცვლილი მეგობრის ხსოვნისადმი შესრულებული სიმღერა.
ჯეიმ სცენიდან წაიკითხა დარბაზიდან მიწოდებული წერილის შინაარსი, სადაც მას მადლობა გადაუხადა მაყურებელმა: „პატარა ვიყავი, ტელევიზორში რომ გნახე და მას შემდეგ მინდოდა, რომ ლაივში მენახე. ახლა გნახე და ბედნიერი ვარ…“
მომღერალმა კონცერტის დასასრულს მაყურებელს მიმართა, წამით ტელეფონები ჩაიდეთ ჯიბეში და ეს ყველაფერი გონებაში შეინახეთო, რასაც დარბაზში კვლავ ემოცია და ანთებული ტელეფონების წამიერი გამორთვა მოჰყვა.
სრული ანშლაგის, უსაზღვრო ემოციის გამოვლინების და გამორჩეული განწყობის ფონზე, კონცერტის დასრულების შემდეგ „გურია ნიუსთან“ მყურებელმა ისაუბრა და გაგვიზიარა საკუთარი განცდები:
ეკატერინე გულიაშვილი, პროფესიით მუსიკოსი, თბილისი: როგორც მსოფლიო დონის მომღერალი, ჯესი ჯეი დღესაც ჩვეულ, საოცარ ფორმაში იყო. აღფრთოვანებული ვარ მომღერლის უსაზღვრო ენერგიით, ნიჭით, საოცარი ტემპერამენტით.
ეკატერინე ორაგველიძე: ემოციით სავსე მივდივარ, აღმატებული განწყობით. ჯესი ჯეიმ ერთგვარი საზაფხულო „განწყობის თეორია“ შექმნა ამ არენაზე. შეკვეთილიდან საოცარი დადებითი აურა რომ ისეც იგრძნობა, ცხადია, თუმცა, ამ კონცერტმა ეს უფრო გააძლიერა.
ნინო შანიძე, 18 წლის: დღეს დაბადების დღე მქონდა და მეგობრებმა სიურპრიზი მომიწყვეს, აქ წამომიყვანეს. აღფრთოვანებული ვარ, უფრო უკეთეს დაბადების დღეს ვერც გადავიხდიდი…
ლიზი ზაქარეიშვილი, 19 წლის: აღფრთოვანებული ვარ. ჯესი საოცრად აკონტროლებდა სცენას და საკუთარ თავს, ხომ ნახეთ, ძალიან საყვარელია, თბილი, ადამიანური და რაც მთავარია, უნიჭიერესი. ბედნიერი ვარ, რომ ლაივში ვნახე…
მარიამ დონაძე, 57 წლის: საოცარი კონცერტი იყო. თუ გინდა დადებითი ემოციით აივსო და დიდხანს გაგყვეს შრომის და სიყვარულის ხალისი, უნდა უყურო ამ ენერგიის და ნიჭიერების უსასრულობას, რასაც ჯესი ჯეი ჰქვია.
„ჩვენ ძალიან გაგვიხარდა, რომ ჯესიმ დარბაზიდან გაგზავნილი წერილი ემოციურად წაიკითხა და ყველას სიყვარული გამოგვიგზავნა“, _ გვითხრეს პატარა მაყურებლებმა მაკა ლომჯარიამ და ნუცა ჭიჭინაძემ.