გურიაში, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ციტრუსების ყოფილ ექსპერიმენტულ მეურნეობაში, რომელიც დღემდე სახელმწიფო საკუთრებაშია შენარჩუნებული, შესაძლებელია, მძლავრი აგროსამრეწველო კომპლექსის ჩამოყალიბება. მას განვითარების საფუძვლიანი პერსპექტივა გააჩნია და ამავე დროს, აუცილებელია ჩვენი, კონკრეტულად კი გურიის ეკონომიკის საგრძნობლად გაძლიერებისთვის.
ამჟამად, აქ, ყოფილ ექსპერიმენტულ მეურნეობაში შენარჩუნებულია 320 ჰა მიწის ფართობი. მასზე შემორჩენილი ციტრუსების პლანტაციები იძლევა მცირე მოსავალს, რადგან მცენარეები ბიოლოგიურად ხანდაზმულია და ამოძირკვას ექვემდებარება.
აქ სულ 20-25 ჰა ფართობია ისეთი, რომელზეც ციტრუსოვანთა პლანტაციებია, ხოლო დანარჩენი ტერიტორია გატყიურებულია და დაფარულია ეკალ-ბარდით. ამიტომ პირველ რიგში, ის უნდა გაიწმინდოს და ჩატარდეს აგროტექნოლოგიური სამუშაოები.
ყოველივე ამის შემდეგ, შესაძლებელი იქნება გაშენდეს საადრეო, მაღალმოსავლიანი ციტრუსები, ასევე, კივი, თხილი, მოცვი, ტყემალი და სხვა კულტურები, რომელთა პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა, როგორც შიდა, ისე უცხოურ ბაზარზე. აქვე შევნიშნავ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე იკრიფებოდა და რეალიზაცია უკეთდებოდა 4 000 ათას ტონამდე ციტრუსოვანთა ნაყოფს. სწორედ ამიტომ არის რეალური აქ მძლავრი აგროსამრეწველო კომპლექსის ჩამოყალიბება, თუმცა, ეს შესაძლებელი იქნება ძირითადად ინვესტიციების მოზიდვით და ჩადებით.
თხილის და კივის წარმოება მარკეტინგული თვალსაზრისით, ითვლება მომგებიან ბიზნესად. შედარებით ახალი კულტურები _ კივი და მოცვი, თხილთან ერთად, წარმოადგენს საექსპორტო პროდუქტს. მათი ნაყოფი, გემოთი, ფერით, არომატით და სხვა ხარისხობრივი მაჩვენებლებით გამორჩეულია, საბაზრო მოთხოვნილება სტაბილურია, ხარისხი დაცულია სერთიფიკატით. ამიტომ მათი რეალიზაციის შემდეგ წარმოებას საშუალება მიეცემა, მიიღოს სოლიდური მოგება.
რა რაოდენობის ესა თუ ის კულტურა რა სიდიდის ფართობზე განლაგდება და რა მოგებას მოიტანს თითოეული?
პირველ რიგში ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, როგორც აგროტექნოლოგიური რუკით იქნება გათვალისწინებული.
საადრეო ნაგალა ჯიშის ციტრუსოვნები ერთ ჰა-ზე 1 000-1 500 ძირი უნდა დაირგოს. პლანტაცია პირველ მოსავალს იძლევა მესამე წელს _ სამიდან შვიდ ტონამდე, ხოლო სრულმოსავლიანობაში შესვლისას ჰექტარზე 25-30 ტონას მიაღწევს, რომელიც მის წარმოებაზე გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს და პლუს, დიდ მოგებასაც მოიტანს. (ჩვენი გათვლით, პირველ ათწლეულში, დღეს არსებული ფასებით, ხარჯი იქნება 13 095 დოლარი, რეალიზებული პროდუქციის ღირებულება _ 30 500 დოლარი, საერთო მოგება კი _ 17 405 დოლარი).
კივის პლანტაციის 1 ჰა ფართობის გაშენებისთვის საჭიროა 500 ძირი ნერგი. ის პირველ მოსავალს მეხუთე წელს იძლევა და ერთ ჰექტარზე, მიახლოებით, სამიდან შვიდ ტონამდე უნდა მოიკრიფოს. ეს გაწეულ ხარჯებს ფარავს და ამ დროისთვის გარკვეულ მოგებასაც იძლევა (ჩვენი გათვლით, პირველ ათ წელიწადში, დარგვიდან, არსებული ფასების მიხედვით, ხარჯი შეადგენს 6 687 დოლარს. ღირებულება რეალიზაციის შემდეგ შეადგენს 28 000 დოლარს, მოგება დარჩება 21 313 დოლარი).
მკითხველის ყურადღებას მივაპყრობ ერთ გარემოებაზე _ ბოლო წლებში, საქართველოში მკვეთრად იკლო ნატურალური წვენების წარმოებამ, ხოლო ის მინიმალური პროდუქცია, რად დრო და დრო ჩნდება სამომხმარებლო ბაზარზე, გამოირჩევა დაბალი სამომხმარებლო ხარისხით. დღის წესრიგში წინა პლანზე დგება კონკრეტული ამოცანა _ ნატურალური წვენების წარმოება მოწინავე ტექნიკის და პროფესიული თანამედროვე ტექნოლოგიის ბაზაზე.
ნატანების მეციტრუსეობის ექსპერიმენტულ საწარმოში დასაქმებულმა მეცნიერებმა, ბოლო წლებში, საწარმოო პირობებში აპრობაცია გაუკეთეს ნატურალური წვენების წარმოებას სუბტროპიკული კულტურების ნაყოფისგან, მათ შორის, კივისგან. ნატურალური წვენების წარმოების ახალ ტექნოლოგიებს სახელმწიფო ჩამორჩება მისი ჩამოსხმის და დაფასოების ტექნიკურ-ტექნოლოგიური დონით. დღესდღეობით ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია მანქანა-დანადგარების და უცხოური წარმოების მოწყობილობების გარეშე და მიზნობრივ ინვესტიციებს მოითხოვს.
გურიის რეგიონში, ნატანებში, წვერმაღალას ციტრუსოვანთა ყოფილ მეურნეობაში, სადაც შესაძლებელია აღნიშნული კომპლექსის ჩამოყალიბება, კარგად არის განვითარებული სუბტროპიკული და ტექნიკური კულტურების მოყვანა და საწარმო დანიშნულების პოტენციალი. ის შეადგენს 5 000 ტონა ნედლეულს და შესაძლებელია, გადამუშავდეს ნატურალურ წვენად.
ციტრუსების ნაყოფისგან დამზადებული პროდუქცია ხასიათდება დიდი სამომხმარებლო თვისებებით და, ფაქტობრივად, რეალური კონკურენტები არ ჰყავს.
წვენების მომხმარებლები საქართველოში იქნებიან სახელმწიფო და კომერციული სავაჭრო სტრუქტურების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის ქსელები, ასევე, დიდ ბაზარს წარმოადგენს ბალტიისპირეთის ქვეყნები, შუა აზიის რეგიონი, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნები.
საშუალოდ ერთი ლიტრი ნატურალური წვენის თვითღირებულება შეადგენს 1,23 აშშ დოლარს. თვითღირებულების ეს ნიშნული საშუალო მაჩვენებლიდან გამომდინარეა და ასახავს დანახარჯებს პროდუქციის წარმოებაზე, ციტრუსოვანთა ნაყოფიდან ნატურალური წვენების დამზადების დროს.
ჩვენი გათვლით, ნატურალური წვენების საწარმოს მიერ 2 000 ტონა ნაყოფის (ერთ სეზონზე) გადამუშავების შემდეგ, პირველ წელს, სანამ ათვისებული იქნება ოპტიმალური ბაზარი, შესაძლებელია მივიღოთ 7 000-8 000 ლიტრი ციტრუსის წვენი.
მსოფლიო ბაზარზე, არსებული ფასების გათვალისწინებით მოგება 0,9-1,2 მილიონ დოლარს მიაღწევს, ხოლო მომდევნო წლებში, როცა ათვისებული იქნება კივის გადამამუშავებელი ტექნოლოგიური ხაზი და საწარმოო გააფართოებს თავის პროფილს (კურკოვანი ხილი, ტყემალი, ატამი, ბალი) გადამუშავებით და კონსერვაციით, უკვე მოგების გაორმაგების შესაძლებლობაც გაჩნდება და ეკონომიკური ეფექტიანობა წელიწადში, მინიმუმ, 2 მლნ დოლარამდე გაიზრდება.
ყოველივე ამის გაკეთება სწორედ ნატანების ციტრუსების ექსპერიმენტული საწარმოს (წვერმაღალას ბაზაზე) შესაბამისი ინვესტიციების მოზიდვის შემდეგ გახდება შესაძლებელი. მძლავრი აგროსამრეწველო კომპლექსის ჩამოყალიბებას, რომლის შესანიშნავი ბაზა აქ არსებობს, ხელს უწყობს ზღვასთან სიახლოვე, ზღვის დონიდან 150 მ სიმაღლე, სადაც ზღვისა და ბახმაროს მთის ჰაერის შერწყმა ხდება. იქვე არსებობს უნიკალურ მცენარეთა ჯიშები. ყოველივე ეს კი განსაკუთრებულ მიკროკლიმატურ ზონას ქმნის. აქვე სანატორიუმ-პროფილაქტორიუმის მოწყობაც შეიძლება, რომელიც კომუნისტურ ეპოქაში უმაღლეს დონეზე ასრულებდა თავის ფუნქციას და აქტუალობა არც დღეს დაუკარგავს.
წვერმაღალას მეურნეობა, სადაც შემაღლებული ადგილი ზღვის დონიდან 160 მ სიმაღლეზეა და ზღვასთან ახლოს მდებარეობს, ასევე, შესაძლებელია ზღვასთან დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი გაკეთდეს, რაც ტურისტთა მოზიდვას გაზრდის და შესაბამისად შემოსავლის წყაროს გაზრდის გურიის ეკონომიკისთვის.
ჯერი სახელმწიფოზეა, ხელისუფლების ნებაზე, რომელსაც ინვესტიციების მოზიდვით შეუძლია თავისივე საკუთრებაში არსებული და დიდი ძალისხმევით შენარჩუნებული ამ უნიკალური გარემოს გურიის სამსახურში ჩასაყენებლად.
ვახტანგ სურგულაძე,
სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი