შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე 6 არასრულწლოვანი ამხილეს. სამართალდამცველთა მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მხილებული არიან თბილისიდან, ბათუმიდან, გურიისა და აჭარის რეგიონების სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან კურორტ ბახმაროში დასასვენებლად ჩასული მოზარდები: 2003 წელს დაბადებული გ.ვ., 2005 წელს დაბადებული ა.ქ., 2004 წელს დაბადებული რ.დ., 2005 წელს დაბადებული მ.ხ. 2005 წელს დაბადებული ა.კ. და 2004 წელს დაბადებული ს.ჩ. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულმა არასრულწლოვნებმა, სხვა მოზარდებთან ერთად, უკანონოდ შეაღწიეს ბახმაროს თეატრის შენობაში, სადაც დარბაზის შიდა კედლები და რამდენიმე სავარძელი დააზიანეს. მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენის მიზნით, დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა.
ყველა მხილებული არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
გამოძიება გრძელდება ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით. სამართალდამცველები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მხილების მიზნით ინტენსიურ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებენ. ასევე, მიმდინარეობს მოწმეებისა და თვითმხილველების გამოკითხვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, კინოტეატრის შენობა “ქართული ოცნების” აქტივისტებმა დაარბიეს:
“არმაზ ახვლედიანმა მიიწვია საქართველოში გასტროლებზე ახალგაზრდული ჰოლანდიური ორკესტრი, რომელმაც საქართველოში ბოლო ათ დღეში მრავალ ადგილას დაუკრა ასევე ჰოლანდიაში დიდი ხნის განმავლობაში მცხოვრებ ჩემს მეგობარ ლევან ცხადაძესთან ერთად. 3 დღის წინ მათ უნდა ბახმაროში დაეკრათ ჩემს აშენებულ კინოთეატრის დარბაზში.
წინა ღამით დარბაზში შეცვივდნენ ადგილობრივი ქოც აქტივისტები, დაამტვრიეს იქაურობა და კონცერტი ჩაშალეს. ივანიშვილი ნიშნავს წყვდიადს და ველურობას! საქართველოში აუცილებლად გათენდება!”, _ წერდა სააკაშვილი.
მისი ამ პოსტიდან ისე გამოვიდა, რომ კონცერტი მიზანმიმართულად ჩაიშალა, თუმცა, კონცერტი არ ჩაშლილა და როგორც მტკიცებულებები ცხადყოფს, შენობა არასრუწლოვნებმა დააზიანეს.
უფრო მეტიც, როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, მათ კედლებზე საკუთარი სახელი და გვარებიც კი დაწერეს.
აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ ბახმაროს ამფითეატრი დიდი ხანია დაზიანებულია, რაზეც ბევრჯერ ვწერდით. ჯერ კიდევ 2012 წელს, სააკაშვილის მიერ პომპეზური გახსნიდან რამდენიმე საათში მასში წყალი ჩავიდა, დაზიანდა ჭერი. მალევე ჩაამტვრიეს ფანჯრის მინები, დააზიანეს შესავლელი და ამ წლების განმავლობაში გაკეთებით არავის არაფერი გაუკეთებია.
უნდა ითქვას ისიც, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ეკონომიკის სამინისტროს წლებია ამ შენობის გადმოცემას სთხოვს, თუმცა უშედეგოდ.
სამინისტრო შენობას არც მუნიციპალიტეტს აძლევს, არც ინვესტორს, არც თავად იყენებს და ამ ყველაფრის შესაბამისად, ხალხის ფულით აშენებული შენობა ინგრევა.
ამავე თემაზე: მრავალჯერ გაპიარებული ბახმაროს პრობლემები _ გაზრდილი ფასები და შემცირებული დამსვენებელი