ერთ დღეს მთვრალი და უკვე განთქმული მსახიობი რიჩარდ ჰარისი ლონდონის პაბიდან ძალით გამოიყვანეს, რადგან უკვე დახურვის დრო იყო. მას კი დალევა უნდოდა ძალიან. ის წავიდა სადგურზე და მატარებელზე ავიდა, იცოდა რა რომ შეეძლო მატარებლის ბარში მთელი ღამე ესვა. ღამის პირველ საათზე უგონოდ მთვრალი ჩავიდა ქალაქ ლიდსში, რომელიც ლონდონიდან 272 კილომეტრითაა დაშორებული. წასასვლელი არსად ჰქონდა და მიადგა პირველ სახლს, სადაც სინათლე ენთო. აიღო მიწიდან ქვა და ფანჯარას ესროლა. განსრისხებული სახლის მეპატრონე გარეთ საჩხუბრად გამოვარდა და ხელში ჰარისი შერჩა. ის სახლში შეიპატიჟა… მსახიობი გულუხვ მასპინძელთან ოთხი დღის განმავლობაში დარჩა და ერთი წუთითაც კი არ გამოფხიზლებულა. ბოლოს, დიასახლისმა დაურეკა ჰარისის ცოლს და უთხრა, თქვენი მეუღლე ჩვენთან არისო. ელიზაბეთს, მსახიობის ცოლს თავი ჰქონდა უკევ მობეზრებული მისი ლოთი-ფოთური თავგადასავლებით და დისასახლისს უთხრა: ძალიან კარგი, თქვენთვის მიჩუქნიაო.
სტალინთან ერთ-ერთი ტრადიციული სადილის დროს ქვანახშირის მრეწველობის მინისტრმა ზასიადკომ ბოთლი არაყი დაცალა. მასპინძელმა მორიგი ბოთლი დაუდგა, მაგრამ სტუმარმა მოიბოდიშა, ბოთლი გვერდზე გადადგა და დასძინა: ამხანაგო სტალინ! ზასიადკომ იცის ნორმა, რითაც სტალინის მოწონება დაიმსახურა. გავიდა ხანი და სტალინი იხილავს ზასიადკოს წარჩინებული საქმიანობის სახელმწიფო ჯილდოთი აღნიშვნის საკითხს. ერთ-ერთი მონაწილე თავისთვის იტყვის: ზასიადკო კარგი მუშაკია, მაგრამ სვამს. არ დააყოვნა სტალინის პასუხმაც: ზასიადკომ ზომა იცის! და ხელი მოაწერა დაჯილდოების საბუთს.
,,მშრალი კანონის” მოქმედების დროს ამერიკელი მსახიობი ვ. სი. ფილდსი, (ის ქრონიკული ლოთი იყო და აცხადებდა, რომ 1898 წლიდან 1933-მდე ერთი დღე არ ჩაუგდია), მეგობართან ერთად ლონგ აილენდზე გაემგზავრა ბუტლეგერული (აკრძალული) ირლანდიური ვისკის საყიდლად. ვისკი იყიდეს, სამი ბოთლი ეგრევე დალიეს და სმა განაგრძეს. რაღაც დროის გასვლის შემდეგ შეამჩნიეს, რომ უკან დასაბრუნებელი გზა ძალიან გაუგრძელდათ – ცოტა რომ გამოფხიზლდნენ, აღმოჩნდა რომ ისინი ფლორიდის ერთ სასტუმროში ყოფილან (მანძილი ლონგ აილენდიდან ფლორიდამდე შეადგენს 1210 მილს).
მსახიობი თალულა ბენქჰედი გამოირჩეოდა თავისი ექსტრავაგანტულობით, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების სიყვარულით. როცა თვრებოდა, ხალხმრავალ ადგილას თავდაყირა დგებოდა ხოლმე და მას, როგორც წესი, საცვლები არ ეცვა. ის ამბობდა: მამაჩემი მაფრთხილებდა, კაცებს და სასმელს მოერიდეო, მაგრამ არაფერი უთქვამს ქალებისა და კოკაინის შესახებ. სასმელმა და კოკაინმა ბოლოს გადაიყოლა კიდეც ეს ნიჭიერი მსახიობი.
ანატოლი დობრინინი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ელჩი იყო აშშ-ში, იხსენებს: ვაშინგტონში ვიზიტით ჩასული ცეკას გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი ვახშამზე რიჩარდ ნიქსონთან სუფთა ვისკის სვამდნენ. ბრეჟნევს მეტი მოუვიდა, დათვრა და ზედმეტის ლაპარაკი დაიწყო. კარგია რომ ვახშამს არავინ ესწრებოდაო, ყვებოდა დობრინინი. მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურები იყვნენ და თარჯიმნის როლს თავად ასრულებდა, ამიტომ ბრეჟნევის ნათქვამიდან ყველაფერს, გასაგები მიზეზის გამო, არ თარგმინდა.
ამერიკაში მცხოვრები უცნობი გურული მხედრის დღიურიდან (ამბავი ხდება XIX საუკუნის მიწურულს): შოვი (ველური დასავლეთის შოუ -ი.მ.) რომ დამთავრდა მივედი მათთან გურულები ხართ მეთქი შევეკითხე გურულები ვართო! ისთე გოუხარდათ ენით ვერ ავწერ… ნამეტნავად გევიხარეთ ყველამ. იმ საღამოს გეიშალა დიდი სუფრა: რაც იქინე სასმელი დეილია ვისკი და ოტკა ნუ იტყვი, მარა ჩვენებურ ადესაის ფასი არც ერთი არაა… ინდიელებს უყვართ ნამეტარი სმაი და ზოგიერთი ინდიელი რუსივითაა ეიმყრალებენ ვისკით პირს მთლა დაკარქავენ გონებას ნამეტარი გლახა თრობა იციენ… (სტილი დაცულია).