გურიის რეგიონში თხილის აღების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ფერმერებმა ფაროსანასა და სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები აგროკონსულტანტების რეკომენდაციითა და ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრთან კოორდინირებული თანამშრომლობით ჩაატარეს.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დარჩიასთან, მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსს ნიკა მესხთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ მაკვანეთში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ ფერმერს შეხვდნენ და არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.
როსტომ იობიშვილს თხილის პლანტაცია 3 ჰა ფართობზე აქვს გაშენებული. ფერმერმა აგროკონსულტანტების რეკომენდაციით და დროულად ჩატარებული შეწამვლითი სამუშაოების შედეგად, მიმდინარე წელს 3 ტონაზე მეტი თხილის ხარისხიანი მოსავალი მოიწია.
დღესვე, ოზურგეთში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის გადამამუშავებელი საწარმო შპს „გლობალ ექსპორტი“ დაათვალიერეს და თხილის გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნენ.
საწარმოში 100 ადამიანია დასაქმებული. კომპანია დღიურად 10 000 კგ თხილს აწარმოებს. პროდუქცია ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში გადის, ძირითადად იტალიაში, ჩეხეთში, გერმანიასა და ესპანეთში. შპს „გლობალ ექსპორტი“ 2014 წელს დაფუძნდა. დაფუძნებიდან დღემდე, ექსპორტზე გაიგზავნა 7000 ტონა გაუტეხავი და გატეხილი თხილის გული.
გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ ფაზაშია. საკარმიდამო ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, ხოლო სიმინდის მასივები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება. ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, გაორმაგებული რაოდენობით, სოფლის ტერიტორიებზე მონტაჟდება ფერომონები და „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები. (R)