გასული ერთი კვირის განმავლობაში, ოზურგეთში ერთი კილოგრამი თხილის ფასი ერთი ლარით გაიზარდა და ოთხი ლარი გახდა.
ყველა აღნიშნავს, რომ წელს კი არა, მომავალ წლებშიც არ ელოდნენ თხილის ფასის მატებას, რადგან თხილის სიდამპლემ და მის მიერ მოყენებულმა ზარალმა ადამიანებს რწმენა ისე შეურყია, რომ ზოგან პლანტაციების აჩეხვაც დაიწყეს.
თხილის მიღება, ჩვეულებრივ, კვლავ პრიმიტიული ფორმით ხდება _ ერთი საღი მარცვლის ღირებულება 40 თეთრია. ყოველი გატეხილი ათი ცალიდან, რამდენიც იქნება საღი, მომტანი იმდენ ორმოც თეთრს მიიღებს. ზოგან გაუტეხავადაც იბარებენ, რადგან თხილს ხარისხი ეტყობა და სიმძიმეც მოქმედებს.
თუ გასულ წლებს გადავხედავთ, მხოლოდ 2005 წელს და მომდევნო პერიოდში, თხილის ფასი ასეთ ნიშნულზე, ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში იყო.
_ 2005 წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო და მაშინ ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ვფიქრობდით, ავშენდითო და ამ ყველაფერს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლას ვუკავშირებდით. თუმცა, ორ წელიწადში თავდაღმა წავიდა თხილის ფასის საქმე. ბოლო სამი წელია კი, ამ ყველაფერს თხილის სიდამპლე მიემატა, თითქოს, დაბალი ფასი არ გვყოფნიდა და იქამდე მივიდა საქმე, ხალხმა თხილის აჩეხვაც კი გადაწყვიტა. თუმცა, ახლა უზომოდ გვიხარია _ მგონი, გვეშველება და თხილი ძველ დიდებას დაიბრუნებს.
შიში მაინც გვაქვს, რადგან უცებ ვიღაც გამოხტება და ფასს დააგდებს. ამიტომ, ჟურნალისტები თუ იქნებით ფხიზლად და ასე ხშირად ჩამოივლით, იქნებ, ვერ დაგვჩაგრონ. უნდა მოგვეხმაროთ! _ გვეუბნებიან თხილის ჩასაბარებლად რიგში მდგომი მოქალაქეები: ჩოხატაურელი ნონა შათირიშვილი, ოზურგეთელები: მარგო ნინიძე, ვახტანგ ერქომაიშვილი და ხათუნა ცქვიტინიძე.
თხილის სეზონზე, მიმღებ პუნქტებში ხშირად ამბობენ, რომ არ იციან, შეიცვლება თუ არა თხილის ფასი უარესობისკენ ან პირიქით. უმეტესად, საუბრობენ ქარხნების ამუშავების შესახებ, რაც, თუ გასული წლების პრაქტიკას გადავხედავთ, ფასზე უარყოფითად მოქმედებს. ამასთანავე, აგვისტოს დღესასწაულების და შემდეგ, მოახლოებული სასწავლო წლის დაწყებისას, ჩვეულებრივი ამბავია თხილის ფასის დაწევა, რაც არასდროს კონტროლდება, თუ ვის მიერ ხდება.
_ ვერაფერს გეტყვით. მანამდე ჩააბარონ, ვიდრე დღესასწაულები დადგება. ნედლ თხილს რომ ასეთი ფასი აქვს, ურიგოა? ჩვენ არ ვქმნით ამ გარემოს, ფასების ზევით-ქვევით მონაცვლეობას არ ვაკონტროლებთ და არც არავინ გვეკითხება. უბრალო ადამიანები ვართ და ლუკმა-პურის ფულისთვის ვათენ-ვაღამებთ, _ გვეუბნებიან თხილის მიმღებ ჯიხურებში.
ფასის მატების მიუხედავად, ხალხი მაინც უკმაყოფილოა იმის გამო, რომ თხილს სათითაოდ ტეხენ და ცალობით ითვლიან:
_ კარგს და ცუდ თხილს ეტყობა, როგორი ხარისხიც აქვს. ესეც ხალხის საწვალებლად მოგონილი ხერხია და არ გვგონია, ხარისხს ზუსტად განსაზღვრავდეს, _ ამბობენ ისინი.
რაც შეეხება თხილის გადამამუშავებელი ქარხნების ამუშავებას, ზოგიერთი უკვე ამოქმედდა. თხილის მიმღებ პუნქტებში გვითხრეს ისიც, რომ ქარხნებმა უკვე გააშრეს თხილი და წონაში სხვაობა დიდია. უვარგისიც ბევრია და შესაძლოა, ფასმა მოულოდნელადაც დაიწიოს. თუმცა, რიგითი მოქალაქეები ამ ყველაფერს მორიგ ფანდს უწოდებენ და როგორც წლების მანძილზე, ახლაც ითხოვენ განსაკუთრებულ რეგულაციას, რომელიც არც ერთ მხარეს _ არც გლეხს და არც მიმღებს არ დააზარალებს.
14 აგვისტოსთვის, ოზურგეთში, თხილის ფასმა 5-10 თეთრით დაიწია; ასევე, მოხდა, ფასების მინიმალური სხვაობით,”გულშიშველას” და”ბერძნულას” გაყოფა ერთმანეთისგან _ ერთი კილოგრამი”ბერძნულა”, თუ გატეხილი ათი ცალიდან, ცხრა ან ათი საღია, ოთხი ლარი ღირს, ანუ ერთი ცალი 40 თეთრად ფასდება.”გულშიშველას” ერთ ცალს 35 თეთრად ანგარიშობენ, ანუ ერთ კილოგრამში სამლარნახევარს იხდიან. თუ გატეხილი თხილის რაოდენობიდან საღი გული ნაკლებია, შესაბამისად, იკლებს ფასიც. ოზურგეთის ბაზარზე, ჯერჯერობით, თხილის ფასის გამოანგარიშების ეს მარტივი, პრაქტიკული და შესაძლოა, პრიმიტიული წესი დომინირებს.
დღეისთვის, ოზურგეთში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეზობელ რეგიონებში ერთი კილოგრამი თხილის ფასი 2-3 ლარით მეტია, რაც არანაირად არ დასტურდება”გურია ნიუსის” მიერ გადამოწმებული ინფორმაციით. შედარებით მეტი ფასი აქვს სამეგრელოში, კონკრეტულად, ზუგდიდში, რაც წლების განმავლობაში ასე ხდება.
_ ოზურგეთში, რომ შეხვიდე სხვადასხვა მაღაზიაში, შაქარი 10-15 თეთრით, ზოგან მეტი ღირს, ზოგან _ ნაკლები. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებს დღევანდელ კონიუნქტურაში, ჯერჯერობით, ვერაფერი ცვლის. თუმცა, ორი ან სამი ლარით მეტი იყოს თხილის ფასი რომელიმე რეგიონში, მტკნარი ტყუილია, ჩვენზე უკეთ ეს არავინ იცის, _ გვეუბნებიან თხილის მიმღებ პუნქტებში.