მიუსაფარი ძაღლების საკითხი მწვავედ დგას ოზურგეთში _ აქ, უახლოეს თვეებში, გასულ წლებზე რომ არაფერი ვთქვათ, არაერთი მოქალაქე დაკბინა ქუჩაში მოხეტიალე ძაღლებმა, მათ შორის, ბავშვიც იყო.
16 აგვისტოს, ოზურგეთის აგრარულ ბაზარში მიუსაფარმა ძაღლმა მოქალაქე დაკბინა _ მელექედურელი მამაკაცს, რომელიც ბაზარში შევიდა, მოულოდნელად ძაღლი უკნიდან ეცა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, კაცი შემობრუნდა და მოგერიებას შეეცადა, თუმცა, დაეცა და ძაღლი ზემოდან მოექცა. კაცმა იმდენი მოახერხა, რომ ყელში წვდა და სახეზე კბენის საშუალება არ მისცა. ცხოველის მოგერიება ვერც ირგვლივ შემოხვეულმა ხალხმა მოახერხა და სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
_ სამაშველო სამსახური გამოვიძახეთ, ისეთი ამბავი იყო. აგერ, ბაზარში მომუშავე ავთო ჩხაიძემ იმარჯვა და ძაღლი მოაშორა წაქცეულ კაცს. თუ აქაურობას არ მოაშორეს ეს ძაღლები, შეჭამს ვიღაცას და მერე მიხედავენ, ალბათ, _ ამბობს ბაზარში დასაქმებული აბელ ფრანგულაშვილი.
ბაზარში მომუშავე ქალბატონის, მანანა ფერცულიანის თქმით, ისიც დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და დღემდე მკურნალობს.
_ ამ ძაღლებს დღეში რამდენჯერ ვაჭმევ, არ ვიცი. მაინც მე დამკბინეს. რა უნდა ვქნა? ვინმემ თუ არ მოაგვარა ეს საკითხი, კარგად არ დასრულდება ამ ძაღლების პარპაში. ახლახან რომ ბავშვი დაკბინა, მთელმა ოზურგეთმა იცის, _ გვითხრა ქალბატონმა მანანამ.
ბადრი ჭაფოძე, ბაზარში მომუშავე: “მეც მახსოვს ამ ძაღლების კბილი. ვის დატოვებენ ესენი, რომ არ უკბინონ? მანქანიდან გადმოვედი და მეცა უცებ. დაგელაპარაკება თუ რა? მიუსაფარი ძაღლებიაო, რომ იძახიან, მიუსაფარი ადამიანი დაკბინა, აგერ, აჩიკო ჭაფოძე _ არც სახლი აქვს, არც არავინ ჰყავს და იმას უპატრონონ. ძაღლიც ცოდოა და ადამიანიც. შეგვჭამონ მაშინ. გამოუშვან, რაც ძაღლებია, “ბირკის” დაბნევა შველის?!”
ლილი დოლიძე, ბაზარში მომუშავე ქალბატონი: “საშინელებას ვუყურე! ბაზარში შესულ კაცს პირდაპირ ეცა, კაცი წაიქცა და ძაღლი ყელში წვდა. ვკიოდით. ისევ კაცმა იმარჯვა და არ მისცა საშუალება, სახეზე ეკბინა. სამაშველო სამსახურში დავრეკეთ… აქ თითქმის ყოველდღე ასეთი ამბავია. რაღაც ღონისძიება გაატარონ, სასწრაფოდ. ხალხს ვერ გაუვლია _ ყველგან ძაღლი დადის ან წევს…”
დალი ქერქაძე, მაღაზიაში მომუშავე ქალბატონი: “ფეხით სიარულს ვინ დაეძებს, ველოსიპედით ვერ გაუვლიათ ღამით ადამიანებს. იკითხეს ამბავი? რომ დაწერთ, ვიღაცამ ხომ უნდა გაატაროს ღონისძიება? თუ საპროტესტო აქცია მოვაწყოთ მაინცდამაინც?”
ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ “გურია ნიუსთან” თქვა, რომ ძაღლი, რომელმაც მოქალაქე დაკბინა იდენტიფიცირებულია და მალე გადაიყვანენ თავშესაფარში:
_ ბაზარი კერძო ტერიტორიაა და თუ იქიდან ოპერატიულად მოგვმართავენ ასეთ დროს, ჩვენ რეაგიბას არ დავაყოვნებთ, _ გვითხრა ქუტიძემ.
“გურია ნიუსი” ცხოველთა დაცვის ფედერაციის, გურია-აჭარის ზონის წარმომადგენელს, გულო ფუტკარაძეს დაუკავშირდა და შექმნილი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა.
_ ძაღლი არავის კბენს, თუ არ უყვირე და დაარტყი. გურულები განსაკუთრებით აგრესიულები ხართ ძაღლების მიმართ (?!) მე ერთი თვის განმავლობაში დავდივარ მთელ გურიაში. ლიხაურის გადასახვევიდან ვიწყებ, ურეკსა და ნატანებში ჩავდივარ. ოზურგეთის ბაზარში ყვირიან ქალები, ძაღლები წაათრიეთო. ერთხელ არ მითხრა რომელიმემ, რა ცოდოაო. პირიქით, ოზურგეთში აწამებენ ძაღლებს (?!). რამდენს მე თვითონ მოვხსენი ყელზე თოკი. კისერში აქვთ წაჭერილი და ქუჩაშია გადმოგდებული, თითქოს, ის სულიერი არ იყოს. ყველას ფოტოები მაქვს. ვაგროვებ და გამოფენა უნდა გავაკეთო, ოზურგეთის რომელ სოფელში და რომელ ქუჩაზე ვნახე ეს ნაწამები ცხოველები.
_ ქალბატონო გულიკო, ვინ სცემს ასე გააფთრებით, ან სად წერია, რომ გურულები არიან განსაკუთრებით აგრესიულები ძაღლების მიმართ? ბავშვი დაკბინა ამას წინათ და გიკვირთ, მშობელი რომ უკმაყოფილო იყოს?
_ კი, ოზურგეთელები არიან ძალიან აგრესიულები. მე ეს ვნახე. მეოთხე კლასიდან ძაღლებს ვმფარველობ, ახლა პენსიონერი ვარ. ჩემთვის არ უკბენია ძაღლს. რაღა მანდ დაკბინა ყველა? მოფერება უნდა. სადაც მიჩვეულია, იქ უნდა იყოს და უნდა აჭამონ. კანონი იცავს და ძაღლს ვერსად წავიყვანთ. როგორც ვიცი, ოზურგეთში დაგეგმილია თავშესაფრის აშენება. მანამდე კი, თეატრის რეაბილიტაცია რომ დასრულდება, უნდა შეკრიბოთ მთელი მოსახლეობა და ტრენინგი ჩავუტაროთ, თუ როგორ უნდა მოუარონ ძაღლებს.
_ გურულებს ძაღლების მოვლა ესწავლებათ?
_ კი, კი, ნამდვილად… აგერ მოვიდა ჩემი “სერი”, ასე ქვია. … მოდი, მოდი, გენაცვალე. ქუჩაში ვიპოვე, 7 კილო თუ იქნებოდა, გატყავებული, გადაგდებული, დავბანე, ვუმკურნალე, ვაჭამე და ახლა უზარმაზარი ბომბორაა. მოდი, შემოგევლე, მოდი (ეტყობოდა, ძაღლს მიეფერა გურულებზე გაბრაზებული ქალბატონი გულიკო, რომელიც ვერანაირად ვერ დავარწმუნეთ, რომ ოზურგეთში ძაღლების ცემას მასობრივი ხასიათი არ აქვს და აგრესიული ხშირად თვით ეს მიუსაფარი ცხოველები არიან. ავტ.).
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ თავშესაფრის აშენება 2020 წლის იანვრისთვის იგეგმება, მანამდე კი უდიდესი ძალისხმევაა საჭირო, რომ მოქალაქეების დაკბენის ფაქტები აღარ განმეორდეს.