ამას წინათ იუმორისტულ ჟურნალში (,,ეშმაკის მათრახი”, #25, 1908) გადავაწყდი წერილს სათაურით _ ,,ამერიკელები ლანჩხუთში“, რომლის ავტორი პიტნა (ამ ფსევდონიმით, რამდენადაც მე ვიცი, წერდა ცნობილი საზოგადო მოღვაწე აპოლონ წულაძე) საკმაოდ ცუდად მოიხსენიებს ცნობილ მოჯირითე დიმიტრი ცინცაძეს, რომელიც საისტორიო წყაროებს შემორჩა როგორც კაპიტანი დიმიტრი; ის უცხოეთი 1896-1911 წლებში ჯირითობდა. გთავაზობთ ამ წერილს:
,,ლანჩხუთელი ნამამასახლისევი დიმიტრაი უწინ ქურდი და ხუნხუზი (ორგანიზებული ბანდის წევრი ჩინეთში, ამ სახელს ქართველი რევოლუციონერები და ტერორისტებიც იყენებდნენ – ი.მ.) რომ იყო იგი და ახლა იმფერი დიმიტრობა დეიჩემა, რომ დიმიტრაი მგელაძე (ცნობილი პოლიციელი-ი.მ.) მასთან მონაგონი არაა, დიმიტრაი გელაძე დიმიტრა ცინცაძემ იჩერში ჩააგდო, გააფასა, ჩაარემიზა…
შვიდი, რვაი წელიწადი იქნება დიმიტრაი ამერიკაში წევიდა, საცხა დიდი ცირკიაო, იმაში თამაშობდა – ცხენზე სკიპაჭულობას შობოდა, ჩამევიდა ახლა, მარა რა ჩამევიდა, გადიდკაცებული, გაჭკვიანებული ფრანგის კონწოლივით, გრაინცის ენაზე ჩუუკარტიჩკებია მისი ვიზიტნი კარტიჩკა, დუუწერია ზედ ,,რუსინ, კაზაკ, კაპიტან დიმიტრი ბებურიჩ ცინცაძეო”. კიდევ კაი გურია რომ არ მოიჯაყა და გურული ვარო არ გაამჟღავნა. მოგვიყარა თავი ვინც ლანჩხუთში პაწეი შეხედულათ კი ვარგოდით და ცხენზე შეჯდომა უნადოთ შეგვეძლო, გვითხრა: წამოდით ჩემთან ამერიკაში და გაგაკეთებთო, მარა ათი კაცის მეტს ვერ წევიყვანო, დივეტორღეთ ერთი მეორეს, ვისესხეთ, ვივალეთ და ამ სიკეთიზა ქრთამათ მივეცით ათმა კაცმა ას-ასი მანეთი, მერე თქვა მივიწერე ამერიკაში და ნება მომცეს ოცი კაცი წაგიყვანოთო. კიდევ იშონა ჩვენსავით აბდალაი ათი კაცი, მიიღო კიდევ ათასი მანათი, უნაგერი აქაური აზიატსკი კაი გაწყობილი უნდა წამეიღოვო. ამით ერთი შვიდი კაცი მუიტყუა. ერთს უთხრა, აქედგან რას ათრევ უნაგირს, მე მაქვს იქინეი შენდა და ხუთ თუმნათ მოგცემ, ოღონდ ეს სხვას არ უთხრა და არ მომამდუროო. ასე ერთი უნაგირი შვიდი გზობა გაყიდა და შვიდი ხუთი თუმანი შეგვაქუჩა. დავყიდეთ თუ რამე გაგვაჩდა, მაგალითად ნიკო ჭყონიამ, პაწე ნიკომ დიდი არ გეგონოს, გაყიდა ორი ძროხა, უღლათ კამბეჩები, ერთი ცხენი, ექვსი ქცევა ტყეი. მე გავყიდე ოდა, სახლი, ხარი, ურემი, ესოფა შვიდობაძემ ძროხა, ხარი, ურემი, სხვა კიდევ დააგირავა, ესე ჯორბენაძე სტრელჩიკი იყო ბათუმში დაკარგა-დიეთხუა ადგილს, გაყიდა ყორიფელი, ისესხა სამასი ტლიკვი მანეთი, ილიკო გიორგაძემ გაყიდა ნემეცკი ძროხა, დღეში თექსმეტ-თექსმეტ ყველს იწველებოდა, მოსე მშვიდობაძემ მოშალა მთელი საცხოვრებელი, გაყიდა, ცოლი გამომთხოვს ჩააბარა, იასონ ანთაძემ გაყიდა ერთი უღელი მარჩენალი კამბეჩები, სხვა კიდევ ისესხა ორი აბაზის კვალობაზე. ასე ბევრმა დაკარგა მთელი საცხოვრებელი იმ იმედით, რომე აწი გავკეთდებით, თვეში ასოცი მანეთი გვექნებაო. ევედით ქუთაისში, გავაძვირეთ სირმა, გამევეწყვეთ კუბოსავით, დავხარჯეთ სამ-სამი თუმანი, ევიღეთ ბაშფორთები, გამოვაწყვეთ უნაგირები, გამოვემშვიდობეთ ცოლშვილს და გავემგზავრეთ გრაინცაში. სტანციაში დიმიტრიმ გვითხრა, მომეცით თითომ შვიდ-შვიდი თუმანი და ყველაის ბილეთს მე ევიღებ პირდაპირო. მივართვით, იმან თურმე მარტვაი ბალაჯარამდე ეიღო, აგი რა ვიცოდით, რაფერ გვეფსებოდა თვალი… დუუფშტვინა პოეზდმა, დუუფშტვინეთ ჩვენც, შემოვძახეთ ხმა მაღლა ხასანბეგურაი და გავწიეთ. ევედით ბალაჯარაში და ამ რიგათ დიმიტრიანებ შევიქენით ოცდახუთი კაცი. აქანაი ქარ გაგვიშპა საცხა ჩვენი კაპიტანი, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, მისი ასავალ-დასავალი ვეფერი ვერ გევიგეთ. ხან აღმა ვსტკუცეთ ტელეგრამა, ხან დაღმა, მარა არსად არ გამოჩდა. რაღას ვიზამდით, მოგვენთო ცეცხლი გულზე, ევედით ბაქოში, ვისესხეთ გზის ფული და ცხვირ დაშვებული წამევედით შინ. იქითობას ხომ ხასანბეგურას ვმღეროდით, აქეთობას წამუუზარეთ და მეგრული ვაი-დედავ ჩქიმი ბრალი, ჩქიმი ცოდვა ვიმღერეთ: ,,ჩქიმი ცხენი, ჩქიმი ძროხა, ჩქიმი კამბეჩი, ჩქიმი ვექსილი დასახსნელი, მოჯაყული, მოკიცხული, ვაი საბრალო, საბრალო, საღა გავაპჭყირო თვალი!”
შემდეგ ნომერში (#6, 1914) ცინცაძის შესახებ გამოცანა-ლექსიც დაიბეჭდა:
ლანჩხუთელებს.
გამოცანას მოგახსენებთ
იმედია ახსნით ყველა
ინგლისი და ამერიკა
ბარე სამხელ გადათელა
ერთხელ იყო ოცდა ორ კაცს
რო წაჰკიდა ხათაბელა
ნიუორკში წასაყვანად
გამოაწყო სირმით ყველა
ფულათ ფოლიც ბევრი მისცა
ყელიც ძალზედ გაისველა
ბაქოს ახლოს მიატოვა
მან გაიქცა თავს უშველა…
მაგრამ მალე დაგვიბრუნდა
შეგვეპარა ვითომც მელა
და ახლა კი ჩოხით, ჯაჭვით
დასეირნობს ნელა, ნელა. ავტორი ქესტუმ!