16 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში 2019-2020 წლის სასწავლო პროცესი იწყება.
სკოლებში 50 000-ზე მეტი პირველკლასელი მიდის, სხვა კლასის მოსწავლეები კი საზაფხულო არდადეგებიდან ბრუნდებიან.
ხანგრძლივი დასვენების შემდეგ კი სასწავლო რეჟიმზე დაბრუნება ბევრს უჭირს.
როგორ უნდა მიეჩვიონ პირველკლასელები სასკოლო გარემოს, რატომ ტირიან ბავშვები სკოლაში, უნდა ეხმარებოდეს თუ არა ბავშვებს მშობელი საშინაო დავალებების მომზადებაში, როგორ უნდა მიაჩვიონ მშობლებმა მოსწავლე შვილები დავალებების დამოუკიდებლად შესრულებას_ ეს ის საკითხებია რითაც „გურია ნიუსი“ დაინტერესდა და ბავშვთა ფსიქოლოგს მარიტა მერკვილაძეს ესაუბრა.
როგორ უნდა მიეჩვიონ პირველკლასელები სასკოლო გარემოს ?
_უპირველესად სკოლასთან ადაპტირებას ხელს უწყობს საბავშვო ბაღი. იქ ბავშვებს უვითარდებათ სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი უნარები, რაც სკოლაშიც სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი ინდივიდალურია და ემოციური დამოკიდებულებაც ახალ გარემოსთან სხვადასხვაა, მაგრამ ყველაზე პირველი რაც მშობელმა უნდა გააკეთოს, სანამ ბავშვი სკოლაში წავა, შეუქმნას დადებითი განწყობა სკოლის მიმართ. ხაზი გაუსვას სკოლის იმ მახასიათებლებსა და ფაქტორებს, რაც საინტერესო და მიმზიდველია ბავშვისთვის.
როდესაც ბავშვი ტირის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. შესაძლოა მას აქვს შიში, რომ არ მოაკითხავენ, ან გარემოს მიმართ ჯერ ნდობა არ აქვს ჩამოყალიბებული. გარემო ჯერ არ ზის მის აღქმაში და სხვა მრავალი ფაქტორი შეიძლება გახდეს ბავშვის ტირილის მიზეზი… საჭიროა ზომიერების გამოჩენა, რომ ბავშვმა მანიპულაციად არ აქციოს თავისი ქცევა.
_ უნდა ეხმარებოდეს თუ არა მშობელი შვილს საშინაო დავალებების შესრულებაში?
_რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე, მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ თვითრწმენა შეემეტას ბავშვს. დახმარება არ გულისხმობს, მის მაგივრად დავალებების შესრულებას. რადგან ბავშვს თავდაპირველად შედარებით უჭირს მოთმინებით ერთ ადგილას ჯდომა, კონცენტრირება ერთ საკითხზე და წერითი მოტორიკა საგულისხმოა, რომ მიმართულების მიცემა და შექება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება მისთვის.
_ როგორ უნდა მიეჩვიოს ბავშვი საშინაო დავალებების დამოუკიდებლად მომზადებას?
_თუ გვინდა, რომ მეცადინეობის მიმართ დადებითი განწყობა ჰქონდეს ბავშვს, შექება აუცილებელია. მაგრამ გადაჭარბებული და არარეალური შექება დაუშვებელია. რეალური, არსებული მიღწევებზეა ორიენტირება მნიშვენელოვანი და რაც კიდევ უფრო ეფექტურია შექება არა მისი მიღწევების, არამედ მისი მონდომების, ინიციატივის, პასუხისმგებლობის საქმის შესრულების. ამ აქცენტების დასმით ბევრად მოტივირებულს გავხდით მოსწავლეს.
_ როგორ უნდა დაუბრუნდნენ ბავშვები სასწავლო რეჟიმს მარტივად არდადეგების შემდეგ?
_არდადეგების შემდგომ მარტო ბავშვებს არა, დიდებსაც უჭირთ სამუშაო ჩვევების და უნარების აღდგენა. ამიტომ, ბუნებრივად უნდა მოხდეს გადასვლა. ეტაპობრივად მოემატოს შესასრულებელი სამუშაო და დაიხვეწოს რეჟიმი, რაც ასე მნიშვნელოვანია ხარისხიანი შედეგისთვის. სკოლა, თავისთავად თავისი მასალით, უზრუნველყოფს იმას, რომ ბავშებმა შეძლონ სტრესის გარეშე რეჟიმში ჩადგომა, მშობლები კი უნდა მიყვნენ ამ ეტაპებს.
თუმცა, მხოლოდ სასკოლო გარემოსთან ადაპტირება და საშინაო დავალებების მომზადება არ არის ის გამოწვევები, რის წინაშეც მოსწავლეები და მათი მშობლები 16 სექტემბრიდან დადგებიან.
ე.წ. გარდატეხის ასაკი, რომელიც 12-13 წლიდან იწყება, მოზარდებში ემოციურ ცვლილებებს იწვევს, რის გამოც, მოსწავლეების ნაწილი არა მარტო სწავლაზე, არამედ სკოლაში სიარულზეც კი უარს ამბობს. მათ სურვილზე გავლენას კი ხშირად ვერც გარიცხვით დამუქრება და ვერც ცუდი მომავლის დახატვა ვერ ახდენს.
_ როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომელთა შვილებიც გარდატეხის ასაკში არიან და სხვადასხვა მიზეზების გამო სწავლაზე უარს ამბობენ (ან სწავლობენ, მაგრამ გაკვეთილზე ცოდნას არ ამჟღავნებენ)?
_ ეს მარტივად საპასუხო კითხვა არ არის. მშობლებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ. გაუგონ შვილს, რომ რთული ემოციური პერიოდი აქვს. იყვნენ მისი მეგობრები და გაიზიარონ მისი ემოციები. ასეთ ასაკში სწავლაზე უარის თქმა, პირდაპირ უკავშირდება მოზარდის ემოციურ მდგომარეობას და თუკი მშობელი შეძლება ჩაწვდეს შვილის ემოციებს, გაიზიაროს ის, დაუდასტუროს, რომ ესმის მისი, ამით ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს შვილს და მეცადინეობის და სწავლის ხარისხის ბევრად გაიზრდება.