შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს პოლიტიკური გეგმები აქვს, _ ამის შესახებ მისი ინტერესების დამცველმა გიორგი ჩივიაშვილმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, რომელ პოლიტიკურ პარტიას შეუერთდება.
მერაბიშვილთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ კომენტარი „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემაც გააკეთა. ამ საკითხზე მას შეკითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს. ხაზარაძის თქმით, მას ყოფილ მინისტრთან შესაძლო თანამშრომლობაზე კონსულტაციები არ ჰქონია.
ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს, საპატიმროს კი, სავარაუდოდ, თებერვალში დატოვებს. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე. სასამართლო პროცესები 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს.