ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მკვიდრის, მარტოხელა პენსიონერის, შორენა სიმონიშვილის შესახებ ჩვენ არაერთხელ ვწერდით, თუმცა, ის ახლაც გვეუბნება, რომ ჟურნალისტების ყურადღების იქით, მისი პრობლემის მოგვარების გზა არანაირ დადებით შედეგთან არ მისულა და არც ერთხელ არ ახსოვს ხელისუფლების თანადგომა.
ამჯერად მარტოხელა პენსიონერს საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთის მდგომარეობა აწუხებს, რომელიც მდინარე ბჟუჟის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს და გასწორხაზოვნების სამუშაოების ჩატარების შემდეგ, კალაპოტშეცვლილ მდინარეს ნაწილ-ნაწილ მიაქვს ეზოს მიმდებარე ტერიტორია…
2015 წლის სექტემბრის სტიქიის დროს, სიმონიშვილის საკარმიდამო ნაკვეთში ხეები მოითხარა, პირუტყვის სადგომს დაეცა და დაანგრია. ასევე, ადიდებული მდინარე შეიჭრა მის ეზოში და არა ერთი ხე მოთხარა, წაიღო ბამბუკის ტყის ნაწილი.
მაშინ ჩვენ ვწერდით, რომ შორენა სიმონიშვილი სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს, მდინარე ბჟუჟის გასწორხაზოვნების შედეგად, ახალი კალაპოტის მისი ეზოს გასწვრივ გადმოგდებას მიაწერდა. ამბობდა, რომ მის დაუკითხვად მოიყვანეს ბულდოზერები და მამაპაპისეული ქვის ყორე დაანგრიეს, რომელსაც უამრავი წლის განმავლობაში ადიდებულმა ბჟუჟმა ვერაფერი დააკლო.
_ მაშინ ისე დაუწყიათ ეს გასწორხაზოვნება, ჩემთვის არაფერი უთქვამთ. ორი საუკუნის წინ მყარად აგებული ქვის ღობე-ყორე ბულდოზერებით დამინგრიეს. რამდენჯერ ადიდებულა ბჟუჟი და ამ ყორეს ვერაფერს უხერხებდა. მარტოხელა ვარ, ოდესმე რაიმე ვთხოვე ვინმეს? აქეთ შემომივარდნენ ეზოში და მაგ გასწორხაზოვნებით მე გამასწორეს მიწასთან, მდინარე კი არა. ახლა აქ დამბა თუ არ გაკეთდა, მიაქვს და მიაქვს წყალს ჩემი საკარმიდამო ნაკვეთის მიმდებარე ნაწილი, მოადგა უკვე ღობეს. მივედი შემოქმედის გამგებელთან და იქ გოჩა ბურჭულაძემ, თანაშემწემ, პროექტის ჩაშლა დამაბრალა _ ადრე გიკეთებდით და უარი თქვიო. მე ვყოფილვარ, რაც ვყოფილვარ _ თურმე, დამბის აგებას ვაფერხებ… ცხელ გულზე კი ვთქვი, რომ მთავრობის ჭიქა წყალიც არ მინდა, არასდროს დამეხმარნენ,-მეთქი, მაგრამ ამისთვის ხომ არ უნდა ჩამიდგნენ კრიჭაში? _ ამბობს შორენა სიმონიშვილი.
ქალბატონ შორენას გასულ წელს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში მრავალწლოვანი ბლისა და წაბლის ხეები მოუჭრეს “ენრგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლებმა. მარტოხელა პენსიონერი მაშინ ცხარე ცრემლით ტიროდა. “გურია ნიუსში” გამოქვეყნებული წერილის შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელობამ მას მხოლოდ 150 ლარით დახმარება შესთავაზა, რაც სიმონიშვილმა დაცინვად ჩათვალა და ახლა სასამართლოში აპირებს დავის გაგრძელებას.
ამჯერად შორენა სიმონიშვილი საკუთარი საკარმიდამოს გასწვრივ დამცავი ჯებირის გაკეთებას ითხოვს, ემოციებისგან ისევ ტირის და ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ უსმენენ.
_ მალე ზამთარი დადგება და წამიღებს ბჟუჟი. კი ხედავთ, შარშანდელს აქეთ, რამდენით არის შემოწეული ახალი კალაპოტი. დამეხმარეთ ყველა, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდეს. ჩემი მეურნეობა მაქვს. ამას წინათ ძროხა ჩამივარდა მაქ, ნაქცევში. ძლივს ამოვიყვანეთ. როცა სანაპირო ჰქონდა მდინარეს, პირუტყვი იქვე ბალახობდა, წყალს სვამდა, მეც ჩავდიოდი. ისე წაიყვანეს საქმე, ახლა ძროხა და ხბო ჩამეხრჩობა აქ და მალე მეც წამიღებს, ალბათ, ჩემი ეზოიანად, _ წუხს მარტოხელა ქალბატონი.
2015 წლის შემოდგომაზე, როცა სიმონიშვილზე ვწერდით, მაშინდელმა სოფლის გამგებელმა ბესო ლომინაძემ, მისი გასაჭირი მნიშვნელოვნად არ ჩათვალა: “რაღაც სამი ხე მოუთხარა წყალმა, კალაპოტს გასწორხაზოვნება სჭირდებოდა, შემდეგ სტიქიაც მოხდა. მე ნახევარი თხილის ბაღი წამართვა წყალმა, მაგრამ არსად წავსულვარ. ნელ-ნელა აკეთებენ ყველაფერს…” _ თქვა მაშინ ლომინაძემ “გურია ნიუსთან”. ახლა ლომინაძე მერის წარმომადგენელი აღარ არის, სიმონიშვილის საკარმიდამო ნაკვეთი კი ნელ-ნელა მიაქვს წყალს.
გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე სოფელში, გოჩა ბურჭულაძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ მან იცის სიმონიშვილის პრობლემის შესახებ:
_ ვიცით ამ ქალბატონის გასაჭირის შესახებ. მისთვის აქ ვინმეს ნიშნისმოგებით კი არ უთქვამს რაიმე, უბრალოდ, შევახსენე, რომ 2016 წელს, როცა გაბიონს აკეთებდნენ ბჟუჟის ნაპირის გასწვრივ, მისი ეზოს უკან, მან ნამდვილად უარი თქვა. მე მაშინაც ვმუშაობდი სპეციალისტად და თვითონ ვახლდი იქ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს. ახლა, როცა თხოვნით მოვიდა, უბრალოდ, შევახსენე, რომ ადრე უარი თქვა. რა ატირებს?! მოვიდეს, დავეხმარები…
_ ის მარტოხელაა, ხანდაზმული და ეს შეხსენება მტკივნეულად აღიქვა. ამბობს, წინააღმდეგი არ ყოფილა და ნერვიულობს, შეშინებულია. ფაქტია, მდინარე მისი ეზოს სიღრმეში მოიწევს…
_ ჩვენ მზად ვართ, ვუშუამდგომლოთ მუნიციპალიტეტის მერიასთან. აბა, მეტს რას ვაკეთებთ? წავყვებით, დაწერს განცხადებას. ახლა რომ მოვიდა, უბრალოდ, შევახსენე ძველი ამბავი. არავინ გამოკიდებია მას. შარშანწინ აკეთებდნენ გაბიონს მაქ. თუ დააკვირდით, მისი ეზოს ზემოთ გაკეთებულია სპეციალური დამცავი ჯებირი. ზუსტად ისეთი უნდა გაკეთებულიყო. გადმოვიდა თვითონ უკანა ეზოში და აქ არ გამიკეთოთო, _ თქვა. ჯიბრში არავინ უდგება. არც სანერვიულოა არაფერი. მოვიდეს, დავეხმარებით, _ გვითხრა გოჩა ბურჭულაძემ.
ცხადია ერთი რამ _ შორენა სიმონიშვილის სხვადასხვა სახის გასაჭირის შესახებ “გურია ნიუსი” უკვე მერამდენედ წერს და ის მართლაც გამონაკლისია იმ კუთხით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ვერასდროს ვერაფრით დაეხმარნენ.
“გურია ნიუსი” იმედს იტოვებს, რომ ამჯერად მაინც მიაქცევენ ყურადღებას მარტოხელა პენსიონერს.