„ოკრიბის ღმერთი“_ ასე ჰქვია სოფიო კუბლაშვილის სადებიუტო წიგნს, რომელიც იმერული დიალექტით დაწერილ 50-მდე ნოველას აერთიანებს.
წიგნი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული და ნოველები, რომლებიც წიგნშია შესული, როგორც ლიტერატურულ პრესაში, ასევე სოციალურ ქსელში ქვეყნდებოდა და მკითხველში პოპულარობით სარგებლობდა, გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.
სიკვდილის პირველი აღქმა, სიცოცხლის წყურვილი, რას ნიშნავს ადამიანისთვის მიწა და თავისუფლება, პირველი სიყვარული, ფორიაქი, სტუმარ-მასპინძლობა, იმერელი კაცის ხასიათი და დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ_ ეს არის ის მოკლე ჩამონათვალი განცდებისა, რასაც ავტორის თქმით, მკითხველი წიგნის კითხვისას შეიცნობს.
როგორც გამომცემლობის მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია ამბობს, „ოკრიბის ღმერთი“ არის მხატვრული პროზა დოკუმენტური ფორმით და მკითხველს ქვემო იმერეთს აცნობს.
„ნოველები გავაერთიანეთ ერთ წიგნად, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ ერთი ხერხემალი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ნოველები და მინიატურებია, განწყობა, გარემო, პერსონაჟები, რომლებიც ნოველიდან ნოველაში გადადიან კოლორიტული კუთხის, მხარის, საიდანაც არის ავტორი და ძალიან კარგად იცნობს, ეს არის ქვემო იმერეთი, ხელშესახებად იგრძნობა.
თვითონ ეს თემა და გარემო უცხო არ არის ქართული ლიტერატურისთვის, თუნდაც რეზო ჭეიშვილისა და რეზო გაბრიაძის სახელების ხსენებაც საკმარისი იქნება და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებას განსხვავებული შტრიხი შეჰმატა სოფიო კუბლაშვილმა“,_ ამბობს კვარაცხელია.
როდის დაიწყო წიგნში შესული ნოველების წერა, რატომ დაერქვა წიგნს „ოკრიბის ღმერთი“ და რა არის ავტორის ძირითადი სათქმელი მკითხველისთვის _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ სოფიო კუბლაშვილს ესაუბრა.
კუბლაშვილის თქმით, 2016 წლიდან დაიწყო ციკლის ნოველებად ჩამოყალიბება. თავიდან, დოკუმენტური აღწერების ხასიათი ჰქონდა, შემდეგ კი პერსონაჟების დიალოგებში გამოჩნდა ენა, კუთხური დიალექტი, რომელიც არის სხარტად და სახალისოდ წასაკითხი.
წიგნში ორი სოფელია აღწერილი. ერთი, ქვემო იმერეთში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელია ხრესილი, მეორე კი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი სკანდე.
როგორც ავტორი ამბობს, სოფლებს ერთმანეთის მსგავსი და თან განსხვავებული დიალექტური ზონა აქვს, რომელსაც ერთმანეთის მსგავსი ხიბლი გააჩნია, სხარტი, მოქნილი ენაა და ქმნის იუმორს.
„მკითხველი იმოგზაურებს იმერეთის მხარეში, წააწყდება ისეთ აღწერებს, როგორიცაა სახლის შიდა მოწყობილობა, ეზოების მოწყობილობა, ადამიანის საქმიანობის სფეროები, მიწათმოქმედება იქნება ეს თუ საქონლის მოვლა. ეს არის ჩვენი გარემო და ბავშვობაც. თუნდაც, ქალაქის მაცხოვრებლები ვიყოთ კავშირი გვაქვს სოფელთან. ჩემი, როგორც ავტორის, ღმერთი არის ოკრიბაში და ოკრიბის ღმერთი არის ჩემი წინამძღოლი ცხოვრების დანარჩენ გზაზე.
ოკრიბა არის ტყიბულის რაიონის სოფლების გამაერთიანებელი არაოფიციალური სახელი. თუმცა, ოკრიბამ, თბილისში სხვა მნიშვნელობა შეიძინა და ვინც ეს არ იცის, აუცილებლად გაახსენდება სადგური „ოკრიბა“. ამიტომ ბოლო ნოველის სიუჟეტი მიმდინარეობს სადგურ ოკრიბაში. 50-მდე ნოველა არის, თუმცა, ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, რადგან პერსონაჟები თითქმის მეორდება და თანდათან ემატება სხვა პერსონაჟები“,_ამბობს კუბლაშვილი.
სოფიო კუბლაშვილის თქმით, „ოკრიბის ღმერთის“ მთავარი იდე და მიზანი ადამიანის ყოფიერების გადმოცემა და ადამიანის სიღრმისეულად გაცნობაა.
„წიგნის მთავარი იდეა იყო ის, რომ მკითხველს და საზოგადოებას, უფრო სიღრმისეულად გაეცნო ადამიანი, რომლის წარმოჩენისთვის გეოგრაფიულ არეალს არ აქვს მნიშვნელობა. ეს შეიძლება ყოფილიყო გურიაშიც, სამეგრელოშიც, კახეთშიც. უბრალოდ, ჩემთვის უფრო ახლობელი იმერეთია და ადამიანის ყოფიერების არსი, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ურთიერთობები, სიყვარული და ოჯახი, რაც შემდეგ ქმნის დიდ სამშობლოს, განცდას, რომ დიდი მსოფლიოს ნაწილია ადამიანი, მე, როგორც იმერელმა ეს გავაკეთე იმერეთში და ვუპასუხე იმ იდეას, რომ ადამიანი ერგება თავის გარემოს, სწავლობს, იყვარებს, ცხოვრობს თავისივე ენაში და ასე ქმნის თავის მომავალს. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი ვერ გაექცევა თავის ფესვებს. იდეა და მთავარი სათქმელი არის კიდეც ის, რომ როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ აღნიშნა, წიგნში დიდი დოზით არის ღმერთის ძიება, პოვნა, კარგვა, იმედი, იმედგაცრუება, სევდა, სიხარული და ის, რომ ღმერთთან სიახლოვე არის განმსაზღვრელი ადამიანისა. ღმერთი როგორც რწმენა, ძალა და არა როგორც განყენება საკუთარი თავის პოვნა საკუთარ თავში ჩაძიებით“_ ამბობს კუბლაშვილი.
რაც შეეხება წიგნს _ „ოკრიბის ღმერთი“, ის უკვე წიგნებისთვის განკუთვნილ მაღაზიებში იყიდება და მკითხველს წიგნის გაცნობა ელექტრონულადაც შეეძლება.