გუშინ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, სასტუმრო “პარაგრაფში” მმართველი პარტიის გურიის ორგანიზაციების წევრებს შეხვდა.
ჩვენი წყაროს თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა, ოზურგეთის მერის საქმიანობა და მის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დასაქმება იყო:
_ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და ვფიქრობთ, შედეგი აუცილებლად მოყვება. ბიძინა ივანიშვილს ის რეალობა დავანახეთ, რაც ოზურგეთშია. ვუთხარით, რომ მასიურად ხდება “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების დასაქმება, “ქართული ოცნების” წევრების დევნა. არც ის დაგვიმალავს, რომ ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის მაგინებელი პირები მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე ჰყავს დასაქმებული, _ გვითხრა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.
კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ ივანიშვილს ოზურგეთში არსებული რეალობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა:
_ ძალიან გაკვირვებული დარჩა. არ იცოდა თუ ასეთი სიტუაცია იყო. არ იცოდა, რომ ოზურგეთის მერის შესაძლო დანაშაულზე რამდენიმე უწყებაში მიმდინარეობს გამოძიება, რომ მმართველი პარტიის წევრები იდევნებიან და გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. გულდასმით მოგვისმინა და აღნიშნა, რომ ყველაფერი სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს, _ გვითხრა წყარომ.
მისივე თქმით, ერთადერთი ადამიანი დარბაზში, ვინც ოზურგეთის მერის დაცვა სცადა, გურიის გუბერნატორი იყო, რომელმაც მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს, როცა იგი კონკრეტულ ფაქტებს ჰყვებოდა “ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერების შესახებ, სიტყვა შეაწყვეტინა და აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია:
_ ნასარაიას რეპლიკას, რომ შარაშენიძე “ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერებით არაა დაკავებული, დარბაზში ხმაური მოჰყვა. ოზურგეთის აქტივმა, ყველამ, აღნიშნა, რომ გუბერნატორი არ ამბობდა სიმართლეს. არავის დაუხევია უკან და იქვე, ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით, ნასარაიას ხმა აღარ ამოაღებინეს. უფრო მეტიც, კონკრეტული გვარები და ფაქტები დაასახელეს, _ გვითხრა წყარომ.
ამ ინფორმაციას ნასარაია ჩვენთან საუბრისას უარყოფს და აღნიშნავს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია:
_ რასაც ლაპარაკობენ ისეთი არაფერი მომხდარა, _ გვითხრა გუბერნატორმა.
_ ბატონო ზურაბ, იქ ძალიან ბევრი ადამიანი იყო და ჩვენთან საუბარში თითქმის ყველა მათგანი ადასტურებს, რომ თქვენ ოზურგეთის მერის დაცვას და კონკრეტული ფაქტების უარყოფას შეეცადეთ…
_ მასეთი რამ არ მომხდარა.
_ ანუ, თქვენ არ გითქვამთ, რომ ოზურგეთის მერი “ნაციონალურ მოძრაობას” არ აძლიერებს, რომ მათ წარმომადგენლებს თანამდებობებზე არ ნიშნავს და რომ “ოცნების” წევრების არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ ივანიშვილს?
_ არა. არ ყოფილა მსგავსი რამ. შეხვედრაზე ვარ ახლა და ვერ გესაუბრებით.
_ არარსებული მიზეზით კიტხვებზე პასუხს არ გაექცეთ ბატონო ზურაბ და კარგით, დაგიჯერებთ, რომ შეხვედრაზე მსგავსი რამ არ მომხდარა და 20-ზე მეტს ადამიანს შეცდომაში შევყავართ… საინტერესოა თქვენი პოზიცია _ როგორც მხარის პირველმა პირმა იცით იმის შესახებ, რომ ოზურგეთის მერი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს ასაქმებს და “ქართული ოცნების” წევრებს სამსახურიდან უშვებს, რასზეც ღიად საუბრობენ მმართველი პარტიის მხარდამჭერები?
_ არ მინდა ამაზე ლაპარაკი, _ გვითხრა ნასარაიამ და ტელეფონი გაგვითშა.
ამავე თემაზე: “ყველაფერი სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს” _ რაზე ესაუბრნენ “ოცნების” წევრები ბიძინა ივანიშვილს და რა დაპირება მიიღეს