კანონპროექტი იმის თაობაზე, რომ მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა სტატუსი მიენიჭოთ, პარლამენტში უკვე შეტანილია და შესაბამისმა კომიტეტმაც მას დასტურიც მისცა იმ პირობით, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართოს.
დღესდღეობით, მუნიციპალიტეტის მერს ადმინისტრაციულ ერთეულებში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს, რომლებიც საჯარო მოხელის სტატუსით სარგებლობენ, თუმცა, ზემოთ ნახსენები ცვლილების გახორციელების შემთხვევაში, ისინი ამ სტატუსის გარეშე დარჩებიან.
საქმე ისაა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი კახიანის, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას და შალვა კიკნაველიძეს, საკანონმდებლო ინიციატივის წესით, ქვეყნის უმთავრეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი აქვთ საქართველოს კანონის პროექტები: “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. ეს დოკუმენტი შესაბამისი კომიტეტის წევრებს კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, გურამ მაჭარაშვილმა წარუდგინა და იქვე განმარტა, რომ აღნიშნული ცვლილებით დაზუსტდება სახელმწიფო მოსამსახურის ცნება, ამასთან, აღმოიფხვრება კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული ბუნდოვანება კონკრეტული პირების სტატუსთან დაკავშირებით.
“დღეის მდგომარეობით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა უმრავლესობა პროფესიული საჯარო მოხელის პოზიციებს იკავებს, თუმცა, მათ მიერ შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობები განსხვავდება პროფესიული საჯარო მოხელის მიერ შესასრულებელი ფუნქციებისგან, რომელიც საჯარო დაწესებულების ძირითადი მიზნების შესრულებას უნდა ემსახურებოდეს. მერის წარმომადგენელთა საქმიანობა მიზანშეწონილია დაექვემდებაროს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასასაქმებელ პირთა კატეგორიას, ვინაიდან მერის, როგორც აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის და მუნიციპალიტეტის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილება ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის მუნიციპალიტეტის შემადგენელ ადმინისტრაციულ ერთეულებში და პასუხისმგებელია მერიის პოლიტიკის გატარებაზე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე”, _ ნათქვამია აღნიშნული დოკუმენტის ახსნა-განმარტებით ნაწილში.
ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გახორციელდა საკანონმდებლო ცვლილება ამ კუთხით _ მერის წარმომადგენლები, ზოგჯერ სარგებლობდნენ საჯარო მოხელის სტატუსით, ზოგჯერ კი _ არა. იქიდან გამომდინარე, რომ დამდეგი 2020 წელი საარჩევნო წელია, მით უმეტეს, როგორც ჩანს, რომ საკმაოდ მძიმე, ოპოზიციაში სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ ამ საკანონმდებლო ცვლილების შესაძლო გახორციელებას.
ვახტანგ ზენაიშვილი, რომელიც ლანჩხუთში “გირჩის” ორგანიზაციას წარმოადგენს, ამბობს, რომ პარლამენტარების მიერ ინიცირებული ეს ცვლილება საარჩევნო კონიუნქტურაზეა გათვლილი.
“ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთელი ლიდერი კახა ასკურავა არ გამორიცხავს, რომ ეს ცვლილება უფრო მეტად მომავალ არჩევნებს უკავშირდებოდეს, ვიდრე კანონში რაიმე სახის ბუნდოვანების აღმოფხვრას, რადგან ხელშეკრულებით აყვანილი პირების მართვა გაცილებით იოლია:
“თუ მაინცადამაინც მერის ცვლილებაზე უნდათ მიბმა, რაც, პრინციპში, სწორია, მაშინ სხვა დათქმა შეიძლება კანონში, ანუ თანაშემწეებს მერის უფლებამოსილების ფარგლებში ჰქონდეთ გარანტია”, _ დასძენს ასკურავა.