ნანა სიმონიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, 6 შვილთან ერთად ცხოვრობს _ უფროსი 14 წლისაა, უმცროსი 8 თვის. სიმონიშვილები, ჩოხატაურის მასშტაბით, მრავალშვილიან ოჯახებს შორის ყველაზე ღატაკები არიან _ მათი სოციალური ქულა ყველაზე დაბალია.
ეს მათ სახლში შესვლისთანავე იგრძნობა _ სიფრიფანა კედლები, ავარიული იატაკი, კიბე… აქ მისულებს ყველაფერი მიგანიშნებთ, რომ ოჯახს ძალიან უჭირს.
ნანა სიმონიშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მერია ხის და სახლის გადასახური მასალით რამდენჯერმე დაეხმარა:
_ თუმცა, თქვენც ხედავთ, საკმარისი არაა. თუ კედლები არ გავამაგრე, ისე დახურვასაც აზრი არ აქვს. თანაც, სახლის დახურვას საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება რაც მე არ მაქვს. 4 წლის წინ მოცემული მასალით ოთახის კედლები გავაკეთეთ. გასულ წელს მოცემული სახურავს რამდენიმე თუნუქი მოვაკელი _ საპირფარეშო გავაკეთე. დანარჩენი შენახული მაქვს და იქნებ, ზამთრის მოსვლამდე სახლის გადახურვა შევძლო, რომ ზამთარში წყალი არ შემოვიდეს, _ გვიყვება ნანა.
მისი თქმით, მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, შვილებს საჭმელი სულ აქვთ:
_ სოციალური დახმარება გვეძლევა და საჭმლის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს. ჩემი შვილები მშივრები არასდროს არიან. ჩვენი მთავარი პრობლემა ავეჯის არქონაა, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას მარტოხელა დედა, რომლის ხელებს კარგად ეტყობა, რომ შვილებისთვის ყველაფერს აკეთებს.
_ თუ ვინმე მეტყვის, რატომ გავაჩინე ამდენი შვილი, როცა ასე მიჭირდა, კარგს ნამდვილად არ დავმართებ. ესენი ჩემი განძია. მართალია, გვიჭირს, თუმცა, ვცდილობ, კარგი შვილების გავზარდო. სადაც არ უნდა იკითხოთ, გეტყვიან, რომ არც ქურდები არიან, არც წუწკები და არც უნიჭოები, _ საზოგადოებაში გაჩენილ მანკიერ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, როცა გიჭირს, თითქოს, ბევრი შვილი არ უნდა გააჩინო, გულდაწყვეტით პასუხობს მარტოხელა დედა, რომელსაც ბავშვები სულ მოვლილი ჰყავს.
მიუხედავად იმისა, რომ მრავალშვილიან ქალბატონს არც სარეცხი მანქანა აქვს და არც წყალი აქვს სახლში შეყვანილი, თეთრი, ქათქათა პერანგები და სუფთა თეთრეული ყურადღებას იქცევს:
_ რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ. არც მინდა ჩემს შვილებს ვინმემ სხვანაირად შეხედოს. მჯერა, დადგება დრო და ასე არ იქნება, _ ამბობს ნანა, რომელსაც საზოგადოების გვერდში დგომის იმედი აქვს:
_ თქვენც ხედავთ, რა მდგომარეობაში ვარ _ არც მაგიდა გვაქვს, არც საწოლები, არც კარადა. მხოლოდ ამაში მინდა თქვენი და საზოგადოების დახმარება. ელემენტარული, ყოფითი ნივთები მჭირდება. ავეჯი, ჭურჭელი და ბავშვებისთვის ტანსაცმელი. ჯერ სოფლის მაჟორიტარს ვთხოვე დახმარება და მხრები აიჩეჩა _ არაფერი შემიძლიაო. მერე, მაჟორიტარ დეპუტატს, ნინო წილოსანს წერილი მივწერე, თუმცა, პასუხიც კი არ გაუცია. სკოლის დაწყების წინ, კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა ბავშვებისთვის სასკოლო ნივთები მომიტანეს და მათი დამსახურებით გავუშვი სკოლაში. ისინი რომ არ დამხმარებოდნენ, სოციალური დახმარების აღებამდე სკოლაში ნამდვილად ვერ გავუშვებდი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნანა სიმონიშვილმა.