ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელის, მაკა ჭყონიას ანგარიში მოისმინა.
უმთავრესი ყურადღება საკითხის მოსმენისას გამახვილებული იყო იმ მიმართულებით, თუ როგორ და რამდენად მომზადებულები შეხვდნენ საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს. ანგარიშის მოსმენისას გამოიკვეთა მწვავე საკითხები, მარადიული პრობლემები უხარისხოდ შესრულებული რემონტის, წყლით მომარაგების, გათბობის, საკვები რაციონის, სათამაშოების სიმცირის, მასწავლებელთა მცირე ხელფასისა და მათი გადამზადების, ასევე, ტენდერებში გამარჯვებულთა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შესახებ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული 43 საბავშვო ბაღიდან, 16 სექტემბერს სწავლა განახლდა 40 საბავშვო ბაღში. სამ სკოლამდელ დაწესებულებაში _ გურიანთის, შრომა 2-ის და ნასაკირალის საბავშვო ბაღებში პრობლემები შეიქმნა, ძირითადად, სარემონტო სამუშაოების ან ყოფითი პირობების მოწესრიგებაში სერიოზული ხარვეზების გამო.
განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა გურიანთის საბავშვო ბაღში სახურავის უხარისხო გაკეთება, რაც, როგორც ითქვა, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის უპასუხისმგებლობამ გამოიწვია:
_ გურიანთის საბავშვო ბაღში უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო, სახურავში არა ერთგან ჩამოვიდა წყალი, შრომა 2-ის ბაღი კი კერძო ოჯახში პირველ სართულზეა განთავსებული, მეორეზე თვითონ ოჯახი ცხოვრობს. იქ გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც ექთნად მუშაობდა ამავე ბაღში. ყველაფერი ამ სახლში ხდებოდა და დროულად არ მოხერხდა დეზინფექციის ჩატარება, ამიტომ მოხდა შეფერხება. რაც შეეხება ნასაკირალის საბავშვო ბაღს, აქ სარემონტო სამუშაოები სოფლის პროგრამის ფარგლებში ხდება და მშენებელმა კომპანიამ დრო ითხოვა თვის ბოლომდე. სამივე საბავშვო ბაღში სწავლა 30 სექტემბერს აუცილებლად განახლდება, _ თქვა მაკა ჭყონიამ.
კომისიის თავმჯდომარემ ლელა საჯაიამ არა ერთი მწვავე კითხვა დასვა და გურიანთის საბავშვო ბაღის სახურავის მდგომარეობის შესახებ უფრო დეტალურად საუბარი ითხოვა.
გურიანთის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ოზურგეთის საკრებულოში, მაია ზოიძემ კითხვაზე პასუხი დაასწრო ჭყონიას:
_ უბრალო დაზიანება კი არა, სახურავის ყველა წერტილიდან წყალი ჩამოდის. სრული უპასუხისმგებლობით მოხდა ამ ბაღის გადახურვა. ამის გამო არაერთხელ მოვიდა ადგილზე მერი, სოფლის გამგებელი, მე, თქვენ, ქალბატონო მაკა და ვინ აღარ, მაგრამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ვერავინ ვერაფერს გახდა, _ თქვა მან.
_ სწორედ ამიტომ დაედო სანქცია და დაჯარიმებულია ეს შემსრულებელი. ვიცი მუნიციპალიტეტის მერიისგან, რომ არ ჩაურიცხეს სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილი ფული. ამ შენობაში შიდა ინტერიერიც ძალიან დაზიანდა ჩამოსული წყლის გამო. ახლა ვიყიდეთ საღებავები, ლამინატს თავად შეცვლიან, _ მაკა ჭყონიას ამ განმარტებაზე, დეპუტატმა ლევან ნინიძემ კითხვა დასვა: “ნამდვილად იცით, წყალი ისევ არ ჩამოვა?”
მაკა ჭყონიამ ისაუბრა საბავშვო ბაღებში წყლით მომარაგების პრობლემებზე.
_ ხშირად ხდება, რომ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, აბონენტის მისამართით გაგზავნილი შეტყობინება ჩემთან მოდის. წინასწარ არ გვატყობინებენ. არაფრით არ შეიძლება ორი დღის განმავლობაში ბაღი ვამყოფოთ წყლის გარეშე. ზოგან არტეზიული ჭები იყო. პირველ ბაღში ახლახან შევიყვანეთ მაგისტრალური წყალსადენი. რაც შეეხება სხვა პრობლემებს, უმთავრესია კვება და ამ კუთხით ჩვენ 56 ტენდერი გამოვაცხადეთ ზაფხულის განმავლობაში. ეს ცხადდება კოდების მიხედვით _ პურის, ბოსტნეულის, ხორცის, ზეითუნის ზეთის თუ სხვადასხვა პროდუქტის მოთხოვნით. იანვრიდან ვგეგმავთ თევზიც შევიდეს რაციონში, რაც, ასევე, გულისხმობს 43 ახალი მაცივრის, ქვაბების თუ სხვა ჭურჭლის შეძენას. ეს ადვილი არ არის, თუმცა, შევძლებთ. ძალიან საყურადღებოა ეტიკეტირების საკითხი. ხშირად ხდება, რომ აწერია შენახვის ვადა, თუმცა, არ აწერია, როდის არის გამოშვებული ესა თუ ის პროდუქტი. თვით შაქარიც კი, ან რომელიმე ბურღულეული თუ ტომრიდან არის გადმოღებული, რომელზეც ზუსტი ეტიკეტირებაა, ცალკე პარკშიც როცა გადმოვიღებთ, ასევე, უნდა იყოს მითითებული შენახვის ვადა და გამოშვების თარიღი. ძალიან ბევრი ნიუანსია, რის გათვალისწინებასაც კატეგორიულად ითხოვენ და ჩვენც მაქსიმალური ყურადღებით ვართ, _ უთხრა ჭყონიამ კომისიის წევრებს.
კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ლელა საჯაიამ საკმაოდ სკანდალური კითხვა დასვა ბავშვების ტკბილი პროდუქტით კვებასთან დაკავშირებით:
_ მაქვს ინფორმაცია, რომ ბავშვები, რომლებიც მიჩვეული არიან უფრო ტკბილ საკვებს, ბაღებში არ ჭამენ საჭმელს და ეს პროდუქტი მერე იღვრება. ცუდია, როცა ათი ბავშვიდან, სამის გარდა, არც ერთი არ ჭამს ასეთ საჭმელს, _ თქვა საჯაიამ.
_ რა იყრება? ვერ გავიგე… _ ჰკითხა მაკა ჭყონიამ.
თავის მხრივ, საუბარში დეპუტატი ლავრენტი ბიგვავა ჩაერთო:
_ თუ ერთი სახეობის საჭმელს ვერ შეჭამს ბავშვი, მეორენაირს შეჭამს. იქ ბავშვს მშიერს არ დატოვებენ _ ყველას ცალ-ცალკე ხომ არ გაუკეთებენ?! _ თქვა ბიგვავამ.
_ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ბატონო ლავრენტი, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ბაღებში. არ ჭამენ ბავშვები საჭმელს. სკოლამდელ დაწესებულებებში სხვაც ბევრი პრობლემაა და ამაზე თვალს ვერ დავხუჭავ. არ არის, ასევე, ელემენტარული რამ _ სათამაშოები, _ კვლავ გაიმეორა საჯაიამ.
_ წარმოუდგენელ რაღაცას ამბობთ. ინდივიდუალურად ვერავინ შეადგენს მენიუს იმის მიხედვით, რომელი ბავშვი რას ჭამს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რეგულაციები, რომელსაც ჩვენ ვერ გადავუხვევთ. ასევე, წამოღებული მაქვს მენიუ და შემიძლია, დაგიტოვოთ, _ უთხრა მაკა ჭყონიამ საჯაიას.
კითხვაზე _ რა ხდება საბავშვო ბაღების მასწავლებელთა გადამზადების საქმეში, მაკა ჭყონიამ სტატისტიკა მოიშველია _ 18 მენეჯერს, აღმზრდელებს, ფსიქოლოგებს სერიოზული ტრენინგი ჩაუტარდათ. ასევე, სპეცმასწავლებლები გვყავს, რომლებიც განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებთან მუშაობენ. თუმცა, ზოგ მშობელს ასეთი მასწავლებლები ძიძები ჰგონიათ. მოხდება მათი გადამზადებაც.
ლელა საჯაიამ იკითხა საბავშვო ბაღებში გათბობის შესახებ და ამ მხრივ პრობლემური ბაღების დასახელებაც მოითხოვა.
მაკა ჭყონიამ განმარტა, რომ 17 საბავშვო ბაღში ხდება ბუნებრივი გაზით გათბობა. პრობლემაა ცხემლისხიდში, ბაღდადის საბავშვო ბაღში, სადაც დიდი რაოდენობით იხარჯება დიზელის საწვავი, ცოტაა ბავშვთა რაოდენობა და მომავალ ზამთარში ბრიკეტით გათბობა უნდა მოხერხდეს.
დეპუტატმა ლალი სიჭინავამ ისაუბრა მწვავე პრობლემაზე, რაც ბავშვთა რაოდენობას და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ბაღში თუ სკოლაში წასვლას ეხება. მისი თქმით, მშობლის სურვილი, რომ, სადაც უნდა იქ წაიყვანს ბავშვს, რაღაც მექანიზმს უნდა ექვემდებარებოდეს:
_ ჩვენც შეიძლება შევიმუშავოთ კრიტერიუმები და მხოლოდ ისე არ მოვიქცეთ, როგორც ზოგადი განათლების კანონში წერია. მაგალითად, რომ, პირველ რიგში, ჩაირიცხებიან სოციალურად დაუცველთა შვილები ან მრავალშვილიანები, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული პრობლემა და საჭიროებენ რაღაც კუთხით დახმარებას. დანარჩენი ვერ წაიყვანს საცხოვრებელი ადგილის გარდა, სხვაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლებს თუ ბაღებს კონტიგენტი შეუმცირდებათ, _ თქვა ლალი სიჭინავამ.
ლელა საჯაიამ კვლავ იკითხა სათამაშოების და მასწავლებლების ხელფასის, განსაკუთრებით, დანამატის შესახებ:
_ სათამაშოების არ არის საბავშვო ბაღებში და ამ მხრივ სასწრაფო ღონისძიებაა აუცილებელი. ასევე, საჭიროა ისედაც მცირე ხელფასის მქონე აღმზრდელთათვის დანამატის გამოყოფა, რაც გასულ წელს ერთხელ ძლივს მოხერხდა, _ თქვა მან.
საბოლოოდ, ლელა საჯაიამ წარმოდგენილი ანგარიში შეაფასა.